Facebook Twitter

¹ას-1192-1052-2010 17 იანვარი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ჭ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. დ-ია

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 3 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მ. ჭ-ძემ. განმცხადებელმა მოითხოვა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღის დადება მოპასუხე მ. დ-იას საკუთრებაში არსებულ, ქ.თბილისში, ... ქ.¹9-ში მდებარე 315 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და 79.10 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე (საკადასტრო კოდი _ ¹ .....).

განცხადების თანახმად, 2008 წლის 10 ივლისს მ. ჭ-ძესა და მ. დ-იას შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მ. ჭ-ძემ მ. დ-იას ასესხა 15000 აშშ დოლარი სამი თვის ვადით ყოველთვიური 3% სარგებლის დარიცხვით. ეს ხელშეკრულება დამოწმდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. სესხის დაბრუნება უზრუნველყოფილია იპოთეკით, რომლის საგანს წარმოადგენს მ. დ-იას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება _ ქ.თბილისში, ... ქ.¹9-ში მდებარე 315 კვ.მ მიწის ნაკვეთი 79.10 კვ.მ შენობა-ნაგებობასთან ერთად. ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ თანხის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში მესაკუთრე იპოთეკარს გადაუხდის პირგასამტეხლოს სესხის თანხის 3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი დავა უნდა გადაწყვიტოს კერძო არბიტრაჟმა ერთ არბიტრის მონაწილეობით, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას. მოპასუხემ, განმცხადებლის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ შეასრულა ვალდებულება, რის გამოც ამ უკანასკნელმა საარბიტრაჟო სარჩელით მიმართა კერძო არბიტრაჟს _ სამოქალაქო საქმეთა არბიტრაჟ «მედიატორს». აღნიშნული არბიტრაჟის თავმჯდომარის 2010 წლის 11 ოქტომბრის დადგენილებით მ. ჭ-ძის საარბიტრაჟო სარჩელით განსახილველ საქმეზე დაიწყო წარმოება. ქ.თბილისში, ... ქ.¹9-ში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი ¹ .....) ირიცხება მ. დ-იას სახელზე, რომელსაც განმცხადებლის მოსაზრებით, შეუძლია გაასხვისოს (გაყიდოს, გააჩუქოს და ა.შ.) იგი. აღნიშნული გარემოება სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეუძლებელს გახდის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. განმცხადებლის მითითებით, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის სახით უძრავ ნივთზე ყადაღის დადება მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს აუცილებლობას (ს.ფ. 1-2).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ნოემბრის განჩინებით მ. ჭ-ძეს უარი ეთქვა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ საქმეებს განიხილავენ სააპელაციო სასამართლოები. ამავე კოდექსის 35618 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ჭ-ძეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს «სამოქალაქო საქმეთა არბიტრაჟ _ მედიატორში» წარდგენილი აქვს საარბიტრაჟო სარჩელი მოპასუხე მ. დ-იას მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით. საარბიტრაჟო მოთხოვნა ემყარება 2008 წლის 10 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობას. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის ამ ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ნებისმიერი დავა უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს კერძო არბიტრაჟმა, რომელსაც ირჩევს მოსარჩელე.

«არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, საარბიტრაჟო შეთანხმება არის შეთანხმება, რომლითაც მხარეები თანხმდებიან, განსახილველად გადასცენ არბიტრაჟს ყველა ან ზოგიერთი დავა, რომელიც წარმოიშვა ან შეიძლება წარმოიშვას მათ შორის ამა თუ იმ სახელშეკრულებო ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე. საარბიტრაჟო შეთანხმება შეიძლება დაიდოს ხელშეკრულებაში საარბიტრაჟო დათქმის ან ცალკე შეთანხმების ფორმით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტით საარბიტრაჟო შეთანხმება ითვლება წერილობითი ფორმით დადებულად, თუ იგი გაფორმებულია საარბიტრაჟო სარჩელისა და საარბიტრაჟო შესაგებლის გაცვლით, როდესაც ერთი მხარე ამტკიცებს, ხოლო მეორე მხარე არ უარყოფს შეთანხმების არსებობას. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, «არბიტრაჟის შესახებ» კანონით გათვალისწინებული საარბიტრაჟო შეთანხმება ასევე წარმოადგენს ორი ან მეტი პირის შინაარსობრივად ურთიერთთანმხვედრი ნების გამოვლენას (გარიგებას), რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ნების გამოვლენის ნამდვილობის ყველა წინაპირობას. კანონის ზემოთ დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ურთიერთობიდან წარმოშობილი დავა მხარეთა შეთანხმებით შეიძლება განიხილოს იმ არბიტრაჟმა, რომელზეც შეთანხმდებიან მხარეები საარბიტრაჟო შეთანხმების დადებისას. შეთანხმებაში პირდაპირ უნდა იყოს მითითებული კონკრეტული არბიტრაჟი, რომელიც უფლებამოსილი იქნება განიხილოს და გადაწყვიტოს დავა. ბათილია საარბიტრაჟო შეთანხმება, თუ მასში მითითებული არბიტრაჟი არც ერთმნიშვნელოვნად არის განსაზღვრული და არც იმგვარად არის ჩამოყალიბებული, რომ მისი შინაარსის მიხედვით შესაძლებელი იყოს განსაზღვრა, თუ რომელ კონკრეტულ არბიტრაჟს გულისხმობდნენ მხარეები. დაუშვებელია საარბიტრაჟო დათქმიდან ორი ან მეტი არბიტრაჟის განსჯადობა გამომდინარეობდეს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ზოგადი დათქმა დავის კერძო არბიტრაჟის მიერ განხილვის თაობაზე არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო «არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საარბიტრაჟო შეთანხმებად, ვინაიდან მხარეები არ შეთანხმებულან ხელშეკრულების არსებით პირობაზე _ კონკრეტულ არბიტრაჟზე, რომლის კომპეტენციასაც აღიარებს ორივე მხარე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მხარეები არ შეთანხმებულან მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს «სამოქალაქო საქმეთა არბიტრაჟ _ მედიატორში» დავის განხილვის თაობაზე, რის გამოც იგი არ იყო უფლებამოსილი განეხილა მ. ჭ-ძის საარბიტრაჟო სარჩელი მ. დ-იას მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით. მ. ჭ-ძეს დარღვეული უფლების დაცვის მიზნით უფლება ჰქონდა მიემართა განსჯადი სასამართლოსათვის საერთო სასარჩელო წარმოების წესების დაცვით და ასევე, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით (ს.ფ. 9-13).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ჭ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ საარბიტრაჟო შეთანხმებაში პირდაპირ უნდა იყოს მითითებული კონკრეტული არბიტრაჟი, რომელიც უფლებამოსილი იქნება განიხილოს და გადაწყვიტოს დავა. «არბიტრაჟის შესახებ» კანონის მე-8 მუხლში არსად არ არის აღნიშნული, რომ საარბიტრაჟო შეთანხმება უნდა შეიცავდეს საქმის განმხილველი არბიტრაჟის დასახელებას. ასეთი მოთხოვნა არ არსებობდა არც 2008 წლის 10 ივლისს, როდესაც მხარეებს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 22-23).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ჭ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ნოემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების თანახმად, მ. ჭ-ძეს შპს «სამოქალაქო საქმეთა არბიტრაჟ _ მედიატორში» წარდგენილი აქვს საარბიტრაჟო სარჩელი მოპასუხე მ. დ-იას მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით. საარბიტრაჟო მოთხოვნა ეფუძნება მხარეთა შორის 2008 წლის 10 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობას. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ამ ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ნებისმიერი დავა უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს ერთმა კერძო არბიტრაჟმა, რომელსაც ირჩევს მოსარჩელე მხარე.

მოცემულ შემთხვევაში საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მ. ჭ-ძის განცხადების წარმოებაში მიღებაზე სააპელაციო სასამართლოს უარი დასაბუთებულია იმით, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მონაწილე მხარეები არ შეთანხმებულან კონკრეტულ არბიტრაჟზე, რის გამოც შპს «სამოქალაქო საქმეთა არბიტრაჟი _ მედიატორი» არ იყო უფლებამოსილი განეხილა მ. ჭ-ძის საარბიტრაჟო სარჩელი. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მ. ჭ-ძეს დარღვეული უფლების დაცვის მიზნით შეუძლია მიმართოს განსჯად სასამართლოს საერთო სასარჩელო წარმოების წესების დაცვით და ასევე, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის მოტივებს.

საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორს, რომ არც მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების დროს (2008 წლის 10 ივლისის მდგომარეობით) მოქმედი «კერძო არბიტრაჟის შესახებ» და არც ამჟამად მოქმედი «არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონები არ ითვალისწინებენ მხარეთა შეთანხმებაში კონკრეტულ არბიტრაჟზე მითითების ვალდებულებას.

«კერძო არბიტრაჟის შესახებ» 1997 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის (გაუქმდა «არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონით) პირველი მუხლის შესაბამისად, პირებს შორის წამოჭრილი სამოქალაქო დავა მათივე შეთანხმებით განსახილველად გადაეცემა მუდმივმოქმედ ან ამ დავისათვის საგანგებოდ შექმნილ დროებით კერძო არბიტრაჟს; შეთანხმება არბიტრაჟის განსახილველად დავის გადაცემის შესახებ (საარბიტრაჟო შეთანხმება) იდება წერილობით.

«არბიტრაჟის შესახებ» 2009 წლის 19 ივნისის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, საარბიტრაჟო შეთანხმებით მხარეები თანხმდებიან, განსახილველად გადასცენ არბიტრაჟს ყველა ან ზოგიერთი დავა, რომელიც წარმოიშვა ან შეიძლება წარმოიშვას მათ შორის ამა თუ იმ სახელშეკრულებო ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე. საარბიტრაჟო შეთანხმება შეიძლება დაიდოს ხელშეკრულებაში საარბიტრაჟო დათქმის ან ცალკე შეთანხმების ფორმით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტით, საარბიტრაჟო შეთანხმება ითვლება წერილობითი ფორმით დადებულად, თუ იგი გაფორმებულია საარბიტრაჟო სარჩელისა და საარბიტრაჟო შესაგებლის გაცვლით, როდესაც ერთი მხარე ამტკიცებს, ხოლო მეორე მხარე არ უარყოფს შეთანხმების არსებობას.

კანონის დასახელებული ნორმების შინაარსი ცხადყოფს, რომ არბიტრაჟისათვის დავის განსახილველად გადაცემის შეთანხმების შინაარსი უნდა შეიცავდეს მხარეთა ნამდვილი ნების გამოხატვას კონკრეტული სამოქალაქო დავის კონკრეტული არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო წესით განხილვის თაობაზე. როდესაც მხარეები თანხმდებიან, რომ დავა განიხილოს არბიტრაჟმა და არა სასამართლომ, იმავდროულად ისინი გამოხატავენ ნებას, რომ თანახმა არიან მათ დავაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს საარბიტრაჟოO განხილვის წესით, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმის განხილვის წესისაგან. ასეთ შემთხვევაში მხარეთა გადაწყვეტილებას, როგორც წესი, საფუძვლად უდევს ნდობა მუდმივმოქმედი თუ კონკრეტული კერძო არბიტრაჟისადმი. შესაბამისად, მხარეთა ნება დავის ამგვარი წესით განხილვის შესახებ ემყარება მათ ნდობას შერჩეული არბიტრაჟისადმი, რომელიც კანონის თანახმად შეიძლება იყოს როგორც მუდმივმოქმედი, აგრეთვე დროებითი, კონკრეტული დავისათვის საგანგებოდ შექმნილი.

ამდენად, საარბიტრაჟო შეთანხმება _ ესაა კერძო-სამართლებრივი შეთანხმება საპროცესო ურთიერთობების ფორმის არჩევის შესახებ. იგი შეიძლება გაფორმდეს როგორც დამოუკიდებლად, ასევე წარმოადგენდეს მხარეთა შორის დადებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ერთ-ერთ პირობას. ნებისმიერი შეთანხმება, რომლითაც მხარეებს სურთ მათ შორის არსებული დავის განხილვა არბიტრაჟის მიერ, შინაარსობრივად უნდა შეიცავდეს იმ მინიმუმს, რომელიც აუცილებელია საარბიტრაჟო შეთანხმებად მისი კვალიფიკაციისათვის, კერძოდ, საარბიტრაჟო შეთანხმებიდან არაორაზროვნად უნდა ირკვეოდეს მხარეთა სურვილი, მათ შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავა განსახილველად გადაეცეს შესაბამის არბიტრაჟს და არა საერთო სასამართლოს. ამ შეთანხმებით ასევე ზუსტად უნდა დგინდებოდეს, თუ რომელ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული დავა უნდა განიხილოს არბიტრაჟმა და შესაძლებელი უნდა იყოს იმ არბიტრაჟის იდენტიფიცირება, რომელმაც უნდა განიხილოს დავა. ბათილია საარბიტრაჟო შეთანხმება, თუ მასში მითითებული არბიტრაჟი არც ერთმნიშვნელოვნად არის განსაზღვრული და არც იმგვარად არის ჩამოყალიბებული, რომ მისი შინაარსის მიხედვით შესაძლებელი იყოს განსაზღვრა, თუ რომელ კონკრეტულ არბიტრაჟს გულისხმობდნენ მხარეები. დაუშვებელია საარბიტრაჟო დათქმიდან ორი ან მეტი არბიტრაჟის განსჯადობა გამომდინარეობდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკსაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო შემთხვევაში 2008 წლის 10 ივლისს მ. ჭ-ძესა და მ. დ-იას შორის დადებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში არსებული დათქმა ვერ მიიჩნევა კონკრეტულ არბიტრაჟზე შეთანხმებად. შესაბამისად, განმცხადებელს სწორად ეთქვა უარი საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ჭ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ნოემბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.