Facebook Twitter

¹ას-1195-1456-09 25 მარტი, 2010 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ზ. უ-შვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ც. უ-შვილი (მოსარჩელე)

დავის საგანი – მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2004 წლის 15 ივნისს ც. უ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ზ. უ-შვილის მიმართ მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობისა და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ თბილისში, ... ქ.¹92-ში მდებარე სახლი საკუთრების უფლებით ირიცხებოდა მოსარჩელის ბებიის – მ. უ-შვილის სახელზე, რომელიც 2000 წლის 18 ოქტომბერს გარდაიცვალა, მანამდე კი, 1996 წლის 25 დეკემბერს, მ. უ-შვილმა თბილისში, ... ქ.¹92-ში მდებარე სახლი ანდერძით მოსარჩელეს დაუტოვა.

მოსარჩელის განცხადებით, მ. უ-შვილს ჰყავდა 3 პირველი რიგის მემკვიდრე, მოსარჩელის მამა – ბ. უ-შვილი, ბიძა – მოპასუხე ზ. უ-შვილი და აწ გარდაცვლილი მამიდის – გ. უ-შვილის შვილები: გ. და მ. ზ-შვილები, რომლებიც მის სასარგებლოდ სავალდებულო წილის მიღებაზე აცხადებენ უარს.

ც. უ-შვილი აღნიშნავს, ვინაიდან მთელი სადავო სახლი ანდერძით მას დაუტოვა ბებიამ და იგი ერთადერთი ანდერძისმიერი მემკვიდრეა, მოპასუხე ზ. უ-შვილს ამ სახლიდან სავალდებულო წილის სახით ეკუთვნის მხოლოდ 1/6, დანარჩენი მემკვიდრეები კი კუთვნილ წილზე მის სასარგებლოდ აცხადებენ უარს. ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა, ცნობილ იქნეს თბილისში, ... ქ.¹92-ში მდებარე სახლის 5/6 წილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ.

ც. უ-შვილის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარი ზიანის – 2150 ლარის ზ. უ-შვილისათვის დაკისრება, რაც შეადგენს 2000 წლის ნოემბრიდან სარჩელის წარდგენამდე, 2004 წლამდე, იმ მიუღებელ თანხას, რასაც მოსარჩელე კუთვნილი ფართის გაქირავებით მიიღებდა. ც. უ-შვილი ასევე ითხოვს მის მიერ ადვოკატებისათვის გადახდილი 2000 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრებას.

ამავე სარჩელით ც. უ-შვილმა გამოტანილი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით ც. უ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ც. უ-შვილი ცნობილ იქნა თბილისში, ... ქ. ¹92-ში მდებარე სახლის 4/6-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ. სარჩელს დანარჩენ ნაწილში ეთქვა უარი.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ზ. უ-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 23 აპრილის განჩინებით ზ. უ-შვილს სააპელაციო საჩივარზე მიეცა 10 - დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 14 მაისის განჩინებით დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ აღნიშნული განჩინების ასლი აპელანტ ზ. უ-შვილის წარმომადგენელ მ. დ-ძეს პირადად ჩაჰბარდა 2009 წლის 28 აპრილს, ხოლო აპელანტს 2009 წლის 29 აპრილს. ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო წარმომადგენლისათვის განჩინების ჩაბარებიდან მე-2 დღეს, 2009 წლის 29 აპრილს და იგი ამოიწურა 2009 წლის 8 მაისს. სასამართლოს მიერ ვადის გასვლის შემდეგ, აპელანტმა – ზ. უ-შვილმა, ხარვეზის შევსების მიზნით, სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 11 მაისს, ანუ 3 დღის დაგვიანებით.

2009 წლის 20 მაისს ზ. უ-შვილის წარმომადგენლმა მ. დ-ძემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 მაისის განჩინებით ზ. უ-შვილის წარმომადგენელ მ. დ-ძის განცხადება საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 14 მაისის განჩინებით ზ. უ-შვილის სააპელაციო საჩივარი დატოვებულია განუხილველად დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით, ამ ეტაპზე აღარ არსებობს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ მ. დ-ძის განცხადების განხილვის სამართლებრივი საფუძველი.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ზ. უ-შვილის წარმომადგენელმა მ. დ-ძემ. მან მიუთითა, რომ მართალია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი ვერ შეავსო, თუმცა ფოსტას ჩააბარა განცხადება ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თხოვნით, ხოლო თავად ზ. უ-შვილმა ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეავსო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ზ. უ-შვილის წარმომადგენელ მ. დ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორად დაიწყო ვადის ათვლა წარმომადგენლისათვის განჩინების ჩაბარებიდან მეორე დღეს, სწორად დატოვა ზ. უ-შვილის სააპელაციო საჩივარი განუხილველად და შესაბამისად არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

2009 წლის 22 ოქტომბერს ზ. უ-შვილის წარმომადგენელმა მ. დ-ძემ კვლავ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ზ. უ-შვილის სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის აღდგენა. მან მიუთითა, რომ 2009 წლის 8 აპრილის განჩინება მას ჩაჰბარდა 2009 წლის 28 აპრილს, ზ. უ-შვილს კი 29 აპრილს. ხარვეზის შევსების ბოლო ვადა მთავრდებოდა 8 მაისს. ხარვეზის შესავსებად მიცემულ ვადაში მან ფოსტით გააგზავნა განცხადება სასამართლოში საპროცესო ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით, ხოლო 3 დღის შემდეგ დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი ჩააბარა სასამართლოს კანცელარიაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად სასამართლოს უნდა ემსჯელა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, რაც არ გაუკეთებია. საპროცესო ვადის გაგრძელების შემთხვევაში ისინი ხარვეზს შეავსებდნენ. განმცხადებლის მითითებით, მათ ხარვეზი არ შეავსეს საპატიო მიზეზით, რის გამოც მოითხოვეს საპროცესო ვადის აღდგენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ზ. უ-შვილის წარმომადგენელ მ. დ-ძის განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 14 მაისის განჩინებით ზ. უ-შვილის სააპელაციო საჩივარი დატოვებულია განუხილველად დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით, აღნიშნული განჩინება ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 24 სექტემბრის განჩინებით. ამდენად, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის გამო, დადგა კანონით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ ეტაპზე აღარ არსებობს 2009 წლის 23 აპრილის განჩინებით ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ზ. უ-შვილმა. მან მიუთითა, რომ, მართალია, სასამრთლოს მიერ დანიშნულ ვადაში ვერ მოხერხდა ხარვეზის შევსება, მაგრამ მან წარადგინა განცხადება საპროცესო ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ იმსჯელა ამ საკითხზე და მანამდე 2009 წლის 14 მაისის განჩინებით განუხილველად დარჩა ზ. უ-შვილის სააპელაციო საჩივარი. მან კვლავ მიმართა სასამართლოს საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე, რაც ასევე არ დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს ასევე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა იმის შესახებ, თითქოს საპროცესო მოქმედების შესასრულებლად დანიშნული ვადის აღდგენა დასაშვებია მანამ, სანამ არ დამდგარა შესაბამისი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგი. საპროცესო ვადის დარღვევა გამოწვეულ იქნა იმით, რომ საპროცესო მოქმდების შესრულებისათვის მიცემულ ვადაში სასამართლოს ჩაჰბარდა ფოსტის მეშვეობით განცხადება საპროცესო ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ამდენად, ხარვეზი ვერ შეავსო საპატიო მიზეზით, რის გამოც კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა საპროცესო ვადის აღდგენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ზ. უ-შვილის წარმომადგენელ მ. დ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.

ამავე კოდექსის 66-ე მუხლის თანახმად, განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ შეიტანება იმ სასამართლოში, რომელშიც უნდა შესრულებულიყო საპროცესო მოქმედება. სასამართლო დააკმაყოფილებს ამ განცხადებას, თუ ცნობს, რომ საპროცესო ვადის გაშვება საპატიო მიზეზით მოხდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.

დადგენილია, რომ ზ. უ-შვილის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 12 ნოემბრის განჩინებით ზ. უ-შვილის წარმომადგენელ მ. დ-ძის განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საპროცესო ვადის აღდგენა შესაძლებელია კონკრეტული სამართლებრივი შედეგის დადგომამდე და არა უკვე დამდგარი სამართლებრივი შედეგის შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში, არსებობს კანონიერ ძალაში შესული განჩინება აღნიშნულ საქმეზე, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 24 სექტემბრის განჩინებით უცვლელი დარჩა სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 მაისის განჩინება საპროცესო ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის შემდეგ განცხადებით მიმართა ზ. უ-შვილის წარმომადგენელმა მ. დ-ძემ საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ. კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) დაუშვებელია საპროცესო ვადის აღდგენის მოთხოვნა, ვინაიდან უკვე დადგა კანონით გათვალსიწინებული შედეგი.

ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო ვადის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არსებობს საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზი. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საპატიო მიზეზი, რის საფუძველზეც შეიძლება აღდგენილ იქნეს საპროცესო ვადა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს 2009 წლის 23 აპრილის განჩინებით ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის აღდგენის სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ზ. უ-შვილის წარმომადგენელ მ. დ-ძის განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ სწორად არ დააკმაყოფილდა, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ. უ-შვილის წარმომადგენელ მ. დ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ნოემბრის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.