¹ას-1196-1056-2010 22 ნოემბერი, 2010 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი. ს-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – სოციალური მომსახუროების სააგენტოს ფოთის საქალაქო სამსახური
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი _ შვილად აყვანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ს-ძის განცხადება დაკმაყოფილდა. 2009 წლის .. აპრილს დაბადებული ბ. პ-ძე მიშვილებულ იქნა ი. ს-ძეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ფოთის საქალაქო სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ი. ს-ძის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 სექტემბრის განჩინებით სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ფოთის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება. ი. ს-ძის განცხადება შვილად აყვანის შესახებ დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. ს-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მის მიერ წარდგენილი განცხადება შვილად აყვანის შესახებ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ს-ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კერძო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით, კერძოდ, გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 სექტემბრის განჩინება პირადად ჩაბარდა ი. ს-ძეს მის მიერ მითითებულ მისამართზე 2010 წლის 22 ოქტომბერს, რაც დასტურდება ამ უკანასკნელის ხელმოწერით (იხ. ს.ფ. 92).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ი. ს-ძისათვის კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2010 წლის 23 ოქტომბრიდან და ამოიწურა ამავე წლის 3 ნოემბერს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ი. ს-ძემ კერძო საჩივარი შეიტანა 2010 წლის 8 ნოემბერს, ანუ კანონით დადგენილი 12 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ (იხ. ს.ფ. 94).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში ი. ს-ძემ დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა კერძო საჩივარი, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. ს-ძის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 სექტემბრის განჩინებაზე, განუხილველად იქნეს დატოვებული.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.