ას-1204-1055-2010 02 დეკემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ სს “... ბანკი”
წარმომადგენელი _ ზ. ჯ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ ჯ. და გ. ს-იანები
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 13 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას საჩივრით მიმართა სს “... ბანკმა” და მოითხოვა სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2008 წლის 25 დეკემბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით სს “... ბანკის” საჩივარი სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2008 წლის 25 დეკემბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების შესახებ განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სს “... ბანკის” მიერ დარღვეული იყო “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მეორე პუნქტით დადგენილი არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ სასამართლოსათვის საჩივრით მიმართვის 90-დღიანი ვადა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს “... ბანკმა” და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო მოცემული საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სს “... ბანკის” კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მითითებული კანონის დანაწესი განსაზღვრავს კერძო საჩივრის შეტანის პირობებს და ადგენს, რომ კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს პირდაპირაა მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსში.
მოცემულ შემთხვევაში სს “... ბანკი” კერძო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების გაუქმებას, რომლითაც სს “... ბანკის” საჩივარი სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2008 წლის 25 დეკემბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ დარჩა განუხილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612 მუხლის თანახმად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, მხოლოდ “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 35624 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საფუძვლით საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრება ხდება სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით.
დასახელებული ნორმების მიხედვით, არბიტრაჟთან დაკავშირებული დავების სასამართლოში განხილვა ხდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობისა და “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს “... ბანკის” კერძო საჩივარი დაუშვებელია, რადგან არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსი და არც “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონი გასაჩივრებულ განჩინებაზე (საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ) კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. მითითებული კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, კერძო საჩივრის დასაშვებობის აუცილებელი წინაპირობაა.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სს “... ბანკის” კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 35612 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს “... ბანკის” კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.