Facebook Twitter

ას-1205-1466-09 6 მაისი, 2010 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ტ. გ-შვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ-შვილი (მოსარჩელე)

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. გ-შვილმა სარჩელი შეიტანა სასამართლოში ტ. გ-შვილის წინააღმდეგ ალიმენტის დაკისრების შესახებ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1986 წლის 12 დეკემბერს დაქორწინდნენ ის და ტ. გ-შვილი. 1994 წელს შეეძინათ შვილი – ტ. გ-შვილი. 2007 წლის 12 აპრილს მოპასუხესთან უთანხმოების გამო, დაშორდნენ ერთმანეთს. მათი არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს მასთან. მოპასუხე თავს ვალდებულად არ თვლის არჩინოს თავისი შვილი, არ ასრულებს მშობლის მოვალეობას, რის გამოც მან მოითხოვა მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრება.

ტ. გ-შვილმა შეგებებული სარჩელი შეიტანა სასამართლოში და მიუთითა, რომ 1993 წელს გაემგზავრა მოსკოვში სამუშაოდ, მან ნ. გ-შვილს დაუტოვა ავტომანქნა “ვოლვო”. აღნიშნულ ავტომანქანას ითხოვს დღემდე, მაგრამ არ უბრუნებს.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. გ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ტ. გ-შვილს დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილის – ტ. გ-შვილის სასარგებლოდ ყოველთვიურად 60 ლარის ოდენობით, 2009 წლის 7 მაისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. ტ. გ-შვილის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ტ. გ-შვილმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ტ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დავის საგნის ღირებულება შეადგენს 720 ლარს. ვინაიდან დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს, სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ტ. გ-შვილმა. მან მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “გ” ქვეპუნქტი დავის საგნის ფასის განსაზღვრის შესახებ, ვინაიდან იგი დავობს არა დაკისრებულ ალიმენტზე, არამედ არასწორად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის კანონიერად დადგენის შემთხვევაში ალიმენტი საერთოდ არ უნდა დაეკისროს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ტ. გ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება აღემატება 1000 ლარს. აპელაციის ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს (მესამე პირს).

ამავე კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ის ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებს და არა ალიმენტის ოდენობას, თან იქვე მიუთითებს, რომ საერთოდ არ უნდა დაეკისროს ალიმენტი.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ტ. გ-შვილმა გაასაჩივრა ფოთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მას დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ყოველთვიურად 60 ლარის გადახდა, რაც ერთი წლის განმავლობაში შეადგენს 720 ლარს. აქედან გამომდინარე, დავის საგნის ღირებულება შეადგენს გასაჩივრებულ 720 ლარს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ტ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია, ვინაიდან დავის საგნის ღირებულება 1000 ლარზე ნაკლებია. აქედან გამომდინარე, თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ტ. გ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.