¹ას-1208-1469-09 25 თებერვალი, 2010 წელი ას-1208-1469-09 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლ. ლაზარაშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი –ზ. ლ-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ს/ს “თ” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორი მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. ლ-შვილის სარჩელი მოპასუხე სს „თ-ს“ მიმართ ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტის ბათილად ცნობის და თანხის ჩამოწერის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ზ. ლ-შვილის მიერ, რომლითაც მან მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის განჩინებით ზ. ლ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა: უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხსენებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ლ-შვილმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 5 დეკემბრის განჩინებით ზ. ლ-შვილის და მისი წარმომადგენლის – ი. კუკულაძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად.
2009 წლის 25 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა ზ. ლ-შვილმა და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ზ. ლ-შვილის განცხადება დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის განჩინებით ზ. ლ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს ამ საქმეზე გასაჩივრებული განჩინების მთლიანად ან ნაწილობრივ შეცვლით ახალი გადაწყვეტილება არ მიუღია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ. ლ-შვილის განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ წარმოდგენილია არაგანსჯად სასამართლოში, რის გამოც მითითებული განცხადება დაუშვებელია და იგი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, განუხილველად უნდა დარჩეს.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ლ-შვილმა.
კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, სასარჩელო მოთხოვნა იყო სს „თ-ს“ მიერ 2007 წლის 23 იანვარს შედგენილი ოქმი ¹001913 და ¹142281 აქტის ბათილად ცნობა და უკანონოდ დარიცხული თანხის ჩამოწერა.
გარდა იმისა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები აბსოლუტურად არ შეეფერება სინამდვილეს, გაყალბებულია ფოტოსურათები, იგი შედგენილია საქართველოს მარეგულირებელი კომისიის 2001 წლის 31 დეკემბერს მიღებული ¹15 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო, საბიუჯეტო და კომერციულ სექტორში აღურიცხავი ელექტროენერგიის დარიცხვის მეთოდიკის“ მე-4 მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით.
აქტში დაფიქსირებულია გადასახდელი თანხა 8,2 ამპერის მიხედვით, ფაქტიურად კი მათ მიერ წარმოდგენილ ფოტოში დაფიქსირებულია 2,8 ამპერი, საიდანაც იანგარიშება ჯარიმის სახით გადასახდელი თანხის რაოდენობა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან თავდაპირველად მიმართა „თ-ს“ საპრეტენზიო განყოფილებას რომელთაც ყურად არ იღეს ზემოთ დასახელებული ფაქტები და დარიცხული თანხა ჩათვალეს კანონიერად.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, არცერთ სასამართლო ინსტანციაში არ იქნა გათვალისწინებული მისი არგუმენტები.
2009 წლის 10 სექტემბერს მარეგულირებელმა კომისიამ განიხილა აღნიშნული საკითხი და ამავე სხდომის ¹14\1 გადაწყვეტილებით „თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე არ დააკმაყოფილა ზ.ლ-შვილის მოთხოვნა დავალიანების 1023,22 ლარის ჩამოწერის შესახებ“. ამავე გადაწყვეტილებით გაფრთხილებული იქნა „თ.“ შემდგომში დროულად და სრულყოფილად წარმოადგინოს კომისიის მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
სწორედ ამ მომენტიდან გახდა კერძო საჩივრის ავტორის მიერ ცნობილი გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობის შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლების შესახებ განჩინების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო წარმოდგენილ კერძო საჩივარს, და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა ზ. ლ-შვილმა და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ზ. ლ-შვილის განცხადება დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
თუ რა შეიძლება გახდეს დამთავრებული საქმის წარმოების განახლების საფუძველი განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. კერძოდ, 421-ე მუხლის შესაბამისად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლი განსაზღვრავს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი განცხადების განსჯადობის წესებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ეხება ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე სასამართლოს გადაწყვეტილებას (განჩინებას), მაშინ იგი შეტანილი უნდა იქნეს მათ შორის ყველაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.
საკასაციო პალატის განმარტებით, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის განჩინებით ზ. ლ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს ამ საქმეზე გასაჩივრებული განჩინების მთლიანად ან ნაწილობრივ შეცვლით ახალი გადაწყვეტილება არ მიუღია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალას მიაჩნია, რომ ზ. ლ-შვილმა განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ წარადგინა არაგანსჯად სასამართლოში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ზ. ლ-შვილმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საქმის განახლების მოთხოვნით უნდა მიმართოს პირველი ინსტანციის სასამართლოს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისის ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ, თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა ზ. ლ-შვილის განცხადება განუხილველად, ვინაიდან არ არსებობდა განცხადების დაშვების წინაპირობები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ. ლ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.