¹ას-1209-1470-09 3 თებერვალი 2010წ.
ას-1209-1470-09 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ვ. ნ-შვილი (მოპასუხე ძირითად სარჩელში, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ს-შვილი (მოსარჩელე ძირითად სარჩელში, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი _ მოძრავი ნივთების დაბრუნება
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 11 მაისს გურჯაანის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. ს-შვილმა მოპასუხე ვ. ნ-შვილის მიმართ მოძრავი ნივთების დაბრუნების მოთხოვნით.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნ. ს-შვილი და ვ. ნ-შვილი 2004 წლის 21 დეკემბრიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე მხარეები განქორწინდნენ, რის შემდეგაც მოსარჩელე არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს მშობლებთან. მოსარჩელის განმარტებით, იგი ითხოვდა იმ საოჯახო ნივთების დაბრუნებას, რომლებიც ქორწინებამდე ეკუთვნოდა ან ქორწინების განმავლობაში აჩუქეს და მოპასუხესთან იმყოფებოდა (ტ.1, ს.ფ. 2-13).
მოპასუხე ვ. ნ-შვილმა იმავე სასამართლოში შეგებებული სარჩელი წარადგინა. შეგებებული სარჩელის ავტორმა მოითხოვა მოპასუხე ნ. ს-შვილის მიერ მისი კუთვნილი მოძრავი ნივთების _ ოქროს სამკაულების დაბრუნება. ვ. ნ-შვილი შეგებებულ სარჩელში მიუთითებდა, რომ ნ. ს-შვილმა განქორწინების შემდეგ წაიღო მისი კუთვნილი ოქროს ნივთები, რომლებიც არ წარმოადგენდა ნ. ს-შვილის ინდივიდუალურ საკუთრებას და ასევე არ იყო მეუღლეთა თანასაკუთრება (ტ.1, ს.ფ. 22-34).
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ს-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს დაუბრუნდა მისი ინდივიდუაურ საკუთრებაში არსებული ნივთები, ასევე მოპასუხეს დავალა ქორწინების განმავლობაში შეძენილი სადავო ნივთების საერთო ღირებულების 1/2-ის ანაზღაურება 325 ლარის ოდენობით. ვ. ნ-შვილის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2004 წლის 1 დეკემბრიდან, ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ნ. ს-შვილის სარჩელი და მხარეებს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენდა მის მიერ მითითებული ნივთების მხოლოდ ნაწილი, ხოლო ნაწილი წარმოადგენდა მხარეთა საერთო საკუთრებას, ვინაიდან შეძენილი იყო ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა საერთო სახსრებით. რაც შეეხებოდა შეგებებული სარჩელის მოთხოვნას ოქროს ნივთების დაბრუნების თაობაზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. ნ-შვილმა ვერ წარმოადგინა მოპასუხე ნ. ს-შვილის მფლობელობაში აღნიშნული ნივთების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება (ტ.1, ს.ფ. 101-112).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ნ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. აპელანტი მიუთითებდა, რომ სასამართლომ არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. აპელანტის მითითებით, მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მისთვის მიკუთვნებული ნივთები წარმოადგენდა ნ. ს-შვილის ინდივიდუალურ საკუთრებას (ტ.1, ს.ფ. 119-131).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით საქმის განხილვა დაინიშნა 2009 წლის 24 ოქტომბერს 10.00 საათზე.
2009 წლის 24 ოქტომბერს გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტი ვ. ნ-შვილი და მოწინააღმდეგე მხარე ნ. ს-შვილი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ოქტომბრის საოქმო განჩინებით ვ. ნ-შვილის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეები გაფრთხილებული იყვნენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის შესაბამისად სასამართლო სხდომის ჩატარების თარიღისა და არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგების თაობაზე. მიუხედავად ამისა, მხარეები არ გამოცხადნენ საქმის განხილვაზე და არც გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობებიათ სასამართლოსთვის. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოება (ტ.2, ს.ფ. 29-32).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 24 ოქტომბრის საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ნ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით, რისი დამადასტურებელი ცნობაც თან ერთვოდა კერძო საჩივარს (ტ.2, ს.ფ. 37).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ნ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ოქტომბრის საოქმო განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით საქმის განხილვა დაინიშნა 2009 წლის 24 ოქტომბერს 10.00 საათზე.
2009 წლის 24 ნოემბერს გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტი ვ. ნ-შვილი და მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ს-შვილი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტ ვ. ნ-შვილს 2009 წლის 24 ოქტომბრის სხდომის თაობაზე ეცნობა კანონის მოთხოვნათა დაცვით, თუმცა აპელანტი არც საქმის განხილვაზე გამოცხადებულა და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის.
საკასაციო სასამართლო ვ. ნ-შვილის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიჩნევის შესახებ ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული გამოწვეული იყო ვ. ნ-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით, კანონმდებელი განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება, კერძოდ, ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა ობიექტურ გარემოებებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ მხარის სასამართლო სხდომაზე გამოცხადებისათვის. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად კერძო საჩივრის ავტორს წარმოდგენილი აქვს ცნობა მისი ავადმყოფობის შესახებ, თუმცა აღნიშნული ცნობა ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის საფუძველი, ვინაიდან ვ. ნ-შვილის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მისი ავადმყოფობის გამო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება იყო შეუძლებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი სწორად არის დატოვებული განუხილველად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს ვ. ნ-შვილის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ. ნ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ოქტომბრის საოქმო განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.