Facebook Twitter

ას-1210-1061-2010 13 იანვარი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ი-იანი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ თ. ი-იანი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ი-იანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ი-იანის მიმართ უძრავ ნივთზე საზიარო უფლების გაუქმებისა და ნივთის აუქციონზე რეალიზაციის შესახებ იმ საფუძვლით, რომ მხარეები არიან ძმები და მათ შორის არსებული კონფლიქტის გამო მოსარჩელე ვერ სარგებლობს მათი თანასაკუთრებით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ი-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თ. ი-იანისა და მ. ი-იანის საზიარო უფლება ქ.თბილისში, ... ¹3 კორპუსის ¹72 ბინაზე საზიარო საგნის გაყიდვის გზით, ნივთის გაყიდვით ამონაგები თანხა მხარეთა შორის განაწილდა მათი წილების შესაბამისად, თ.ი-იანს მიეკუთვნა 1/8, ხოლო მ.ი-იანს _ 4/5 წილის შესაბამისი თანხა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ი-იანმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით მ.ი-იანის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 აგვისტოს განჩინებით მ. ი-იანის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, აპელანტს განესაზღვრა საპროცესო ვადა 5 დღე და დაევალა მოთხოვნის დაზუსტება, ვინაიდან აპელანტი სააპელაციო საჩივარში ითხოვდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას და საუბრობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ უსწორობებზე მაშინ, როცა სააპელაციო საჩივარი შეტანილი აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებაზე. აქედან გამომდინარე, აპელანტს დაევალა, მიეთითებინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ უსწორობებზე და დაეზუსტებინა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებით რა მოთხოვნის დაკმაყოფილება სურდა მას. აპელანტს ასევე დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით, რაც არ უნდა ყოფილიყო 150 ლარზე ნაკლები და 5000 ლარზე მეტი.

2010 წლის 21 სექტემბერს მ. ი-იანმა წარმოადგინა განცხადება, სადაც მიუთითა, რომ მის მოთხოვნას წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება. აპელანტმა წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 29 სექტემბრის განჩინებით მ. ი-იანს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა გაუგრძელდა 3 დღით, სადაც აღინიშნა, რომ აპელანტს ხარვეზი სრულად არ შეუვსია, რადგან წარმოდგენილი განცხადებიდან არ ირკვეოდა აპელანტის მოთხოვნა, კერძოდ, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებას, მაგრამ არ უთითებდა რა მოთხოვნის დაკმაყოფილება სურდა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებით. გარდა ამისა, აპელატს არ მიუთითებია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ უსწორობებზე. ამავე განჩინებაში აპელანტის მიერ გადახდილ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით პალატამ მიუთითა, რომ ვინაიდან მ. ი-იანს არ დაუზუსტებია მოთხოვნა, პალატა მოკლებული იყო შესაძლებლობას შეემოწმებინა, წარმოადგენდა თუ არა გადახდილი თანხა დავის საგნის ღირებულების 4%-ს.

2010 წლის 8 ოქტომბერს მ. ი-იანმა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ მის მოთხოვნას წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და ჩათვალა, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა _ არ დააზუსტა მოთხოვნა და არ მიუთითა, რა მოთხოვნის დაკმაყოფილება სურდა მას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. ი-იანმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა იმ მოტივით, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი დროულად შეავსო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ი-იანის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.

მოცემულ შემთხვევაში მ. ი-იანის სააპელაციო საჩივარს არაერთხელ დაუდგინდა ხარვეზი, რომლითაც აპელანტს დაევალა კანონით დადგენილი წესით შედგენილი სააპელაციო საჩივრისა და მის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარდგენა.

საქმის მასალებით დასტურდება და მხარეს სადავოდ არ გაუხდია, რომ სასამართლოს 2010 წლის 29 სექტემბრის განჩინება ხარვეზის ვადის განსაზღვრის შესახებ 2010 წლის 5 ოქტომბერს ჩაბარდა აპელანტის მეუღლეს. აღნიშნული კი სასამართლო გზავნილის თავად აპელანტისათვისაც ჩაბარებულად მიჩნევის საფუძველია (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 74-ე მუხლები). შესაბამისად, ხარვეზის შევსების 3-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2010 წლის 6 ოქტომბრიდან და ამოიწურა 2010 წლის 8 ოქტომბერს, ანუ ხარვეზის შევსების უფლებამოსილება აპელანტს გააჩნდა 2010 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით.

მართალია, მ.ი-იანმა ხარვეზის შევსების მიზნით განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას, თუმცა საკასაციო სასამართლოს იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და მის მიერ მითითებული საფუძვლები სააპელაციო საჩივრის შედგენისათვის კანონით დადგენილ წინაპირობებს არ პასუხობს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ი-იანის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.