Facebook Twitter

ას-1211-1062-2010 20 იანვარი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. კ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. ბ-ძე, თ. ლ-ძე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. კ-ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოელგიას ვ. ბ-ძისა და თ.ა ლ-ძის მიმართ და მოითხოვა თ. ლ-ძესა და ვ. ბ-ძეს შორის 2001 წლის 25 აგვისტოს დადებული ნასყდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოელგიის 2010 27 მაისის გადაწყვეტილებით მ. კ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივლისის განჩინებით აპელანტ მ. კ-ძეს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10-დღიანი ვადა სადავო ქონების საბაზრო ღირებულების 4%-ის შესაბამისად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტისა (დედნის სახით) და მისი წარმომადგენლის ბ. ბ-შვილის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების მოწმობის წარმოსადგენდ.

ამავე სასამართლოს 2010 წლის 30 აგვისტოს, 20 სექტემბრისა და 4 ოქტომბრის განჩინებებით მ. კ-ძეს სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად 7-7 დღით გაუგრძელდა საპროცესო ვადა. ამასთან, აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები, თუმცა, მიუხედავად ამისა, მ. კ-ძემ ხარვეზი არ გამოასწორა და არც რაიმე შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე სასამართლოში არ წარუდგენია, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით, სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. კ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ვინაიდან იმ დროისათვის ჯერ კიდევ არ გააჩნდა ექსპერტიზის დასკვნა ქონების შეფასების თაობაზე, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე, რის გამოც სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დარჩენილიყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ მ. კ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 ივლისის განჩინებით აპელანტ მ. კ-ძეს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10-დღიანი ვადა სადავო ქონების საბაზრო ღირებულების 4%-ის შესაბამისად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტისა (დედნის სახით) და მისი წარმომადგენლის ბ. ბ-შვილის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების მოწმობის წარმოსადგენად.

ასევე დადგენილია, რომ ამავე სასამართლოს 2010 წლის 30 აგვისტოს, 20 სექტემბრისა და 4 ოქტომბრის განჩინებებით მ. კ-ძეს, სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად, 7-7 დღით გაუგრძელდა საპროცესო ვადა. ამასთან, აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.

საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 4 ოქტომბრის განჩინების ასლი მ. კ-ძეს ჩაჰბარდა 2010 წლის 16 ოქტომბერს, რაც დასტურდება საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე აპელანტის დედის ხელმოწერით (იხ. ტომი 2, ს.ფ. 34). აღნიშნული გარემოება კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, ხარვეზის შესავსებად, სასამართლოს მიერ დანიშნული 7 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 17 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 25 ოქტომბერს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში მ. კ-ძეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან ჯერ კიდევ არ გააჩნდა ექსპერტიზის დასკვნა ქონების შეფასების თაობაზე, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შევსების გარკვეული ვადით გაგრძელების თაობაზე.

აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2010 წლის 5 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ფოსტის მეშვეობით წარმოდგენილი მ. კ-ძის განცხადება, ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ, რადგანაც 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით მისი სააპელაციო საჩივარი განუხილევლად იქნა დატოვებული, აღარ არსებობდა განცხადების განხილვის საფუძველი. საგულისხმოა ის გარემოება, რომ მ. კ-ძემ, ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების შესახებ განცხადება, ფოსტას ჩააბარა 2010 წლის 26 ოქტომბერს (იხ. ტ.3, ს.ფ. 44), მაშინ, როდესაც ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა ამოიწურა 2010 წლის 25 ოქტომბერს. ამდენად, აღნიშნული განცხადება სასამართლოში რომც წარმოდგენილიყო სააპელაციო საჩივრის განუხილევლად დატოვების შესახებ განჩინების მიღებამდეც, იგი განჩინების შედეგზე გავლენას ვერ იქონიებდა, ვინაიდან უკვე დარღვეული იყო ხარვეზის შევსების სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. კ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინება.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.