საქმე ¹ას-12-11-2010 1 თებერვალი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ვ. გ-კოE (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ს-იანი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 10 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. გ-კომ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ს-იანის მიმართ მოპასუხის მიერ ვ.გ-კოს კუთვნილი ნივთების მითვისებით მიყენებული ზიანის _ 1701 ლარის, სატელეფონო დავალიანების _ 122,74 ლარისა და მორალური ზიანის _ 30000 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და 2008 წლის 8 ოქტომბრის სასამართლო გადაწყვეტილებით განქორწინდნენ. მოპასუხემ თვითნებურად წაიღო მოსარჩელის კუთვნილი ნივთები და მიაყენა მას მატერიალური ზიანი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ვ.გ-კოს სარჩელი 61.37 ლარის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ვ.გ-კომ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 10 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ვ.გ-კოს სააპელაციო საჩივრის განხილვის დრო მხარეებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით ეცნობა, თუმცა საქმის განხილვაზე არც ერთი მხარე არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის შედეგი სასამართლოს არ აცნობა. პალატამ იხელმძღვანელა ამავე კოდექსის 372-ე, 231-ე, 276 და 278-ე მუხლებით, 275-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ვ. გ-კომ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: ვ.გ-კოს სასამართლო უწყება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვათა დაცვით არ ჩაბარებია და საქმის განხილვის დრო მისთვის ცნობილი არ იყო. შესაძლოა, სასამართლო უწყება გაეგზავნა აპელანტის ადვოკატ გ.შარიას, მაგრამ ეს უკანასკნელი 2009 წლის 19 ოქტომბერს გარდაიცვალა და სიცოცხლეში მარწმუნებლისათვის არაფერი შეუტყობინებია.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ვ. გ-კოს სააპელაციო საჩივრის განხილვა სააპელაციო სასამართლში დაინიშნა 2009 წლის 10 დეკემბერს. შპს “სკს-ს” შეტყობინების ბარათის თანახმად, აღნიშნულის შესახებ სასამართლო უწყება 2009 წლის 28 ოქტომბერს _ ვ.გ-კოს, ხოლო ამავე წლის 27 ოქტომბერს გრ.ს-იანს პირადად ჩაბარდათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. გ-კოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ მოდავე მხარეები, რომელთაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდათ, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ და არც თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა სასამართლოს არ აცნობეს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო ეფუძნება ვარაუდს, რომ მხარეებმა დავის მიმართ იურიდიული ინტერესი დაკარგეს ან პროცესზე გამოცხადებასთან დაკავშირებული საპროცესო მოვალეობის არასაპატიოდ შეუსრულებლობით უპატივცემულობა გამოხატეს სასამართლოს მიმართ.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მხარეებს 2009 წლის 10 დეკემბერს ვ.გ-კოს სააპელაციო საჩივრის განხილვის დანიშნვის თაობაზე სასამართლო უწყებები კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ჩაბარდათ, თუმცა ისინი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდნენ. მხარეებს სასამართლოსათვის არ უცნობებიათ გამოუცხადებლობის მიზეზის თაობაზე. ამ გარემოებათა სამართლებრივი შეფასებით სააპელაციო სასამართლოს განჩინება ვ.გ-კოს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კანონიერია.
დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ მას სასამართლო უწყება სააპელაციო საჩივრის თარიღის შეტყობინების შესახებ არ ჩაბარებია, ვინაიდან საქმის მასალებში წარმოდგენილია პირადად ვ. გ-კოს მიერ 2009 წლის 28 ოქტომბერს ხელმოწერილი შპს “...-ს” შეტყობინების ბარათი, რომელიც სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარებას ადასტურებს.
რაც შეეხება ვ.გ-კოს ინტერესების დამცველის _ ადვოკატ გ.შარიას გარდაცვალების ფაქტს, აღნიშნული გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე გავლენას ვერ მოახდენს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებით (ტ.2, ს.ფ.20) ცალსახად დადასტურებულია, რომ მხარეს _ ვ. გ-კოს პირადად ჩაბარდა უწყება. ამასთან, კერძო საჩივარზე დართული გარდაცვალების მოწმობის შესაბამისად, გ.შარია გარდაიცვალა 2009 წლის 19 ოქტომბერს, ე.ი. სასამართლო უწყების ვ.გ-კოსათვის ჩაბარების მომენტისათვის ადვოკატი უკვე გარდაცვლილი იყო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ. გ-კოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 10 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.