¹ას-1213-1474-09 11 მარტი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. ფ-ავა
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ბ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. ბ-შვილის სარჩელი მოპასუხე გ. ფ-ავას მიმართ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა, ქ. თბილისში, ... დასახლება მე-3ა მ/რ-ნი, 338-ე კორპუსი ბინა ¹154 საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა მოსარჩელე ზ. ბ-შვილის სახელზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე გ. ფ-ავამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 10 სექტემბრის განჩინებით აპელანტ გ. ფ-ავას დაევალა სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა 10000 აშშ დოლარის 4% ეკვივალენტი ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით გ. ფ-ავას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ფ-ავამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ხარვეზის შეუვსებლობის საპატიოდ ჩათვალა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის შესახებ განჩინება გააგზავნა არა მის მისამართზე, არამედ მისი ბიძაშვილისა და ამავდროულად პირველი ინსტანციის სასამართლოში მისი წარმომადგენლის შ. კ-ძის მისამართზე. შ. კ-ძემ სააპელაციო საჩივრის შედგენისას შეცდომით მიუთითა არა გ. ფ-ავას არამედ საკუთარი მისამართი, ხოლო როდესაც ფოსტის საშუალებით მას ჩაჰბარდა ხარვეზის შესახებ სასამართლოს განჩინება, ვერ შეძლო გ. ფ-ავასთან დაკავშირება, ვინაიდან იგი იმყოფებოდა სოფელში, შესაბამისად, ვერ შეძლო ხარვეზის შევსება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კერძოO საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და აღნიშნული უნებლიე შეცდომის საპატიოდ ჩათვლა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ გ. ფ-ავას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ასლი გ. ფ-ავს გაეგზავნა და ჩაჰბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, 2009 წლის 17 სექტემბერს ჩაჰბარდა მის ბიძაშვილსა და ამავდროულად მის წარმომადგენელს _ შ. კ-ძეს (ტ II ს.ფ.31). შესაბამისად, განჩინების შევსების ბოლო ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების თანახმად, იყო 2009 წლის 27 სექტემბერი. აპელანტმა ხარვეზი სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ გამოასწორა და არც რაიმე შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
კერძოO საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მისმა ბიძაშვილმა შ. კ-ძემ სააპელაციო საჩივრის შედგენისას შეცდომით მიუთითა არა გ. ფ-ავას არამედ საკუთარი მისამართი, ხოლო როდესაც ფოსტის საშუალებით მას ჩაჰბარდა ხარვეზის შესახებ სასამართლოს განჩინება, ვერ შეძლო გ. ფ-ავასთან დაკავშირება, ვინაიდან იგი იმყოფებოდა სოფელში და, შესაბამისად, ვერ შეძლო ხარვეზის შევსება. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევს, ვინაიდან შ. კ-ძე, როგორც გ. ფ-ავას ბიძაშვილი და ამავდროულად მისი წარმომადგენელი პირველი ინსტანციის სასამართლოში, კანონის თანახმად, ვალდებული იყო გზავნილის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებინა ადრესატისათვის, ვინაიდან უწყების ჩაბარება მისთვის ითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის და შესაბამისად, არ დარღვეულა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ფ-ავას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ოქტომბრის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.