¹ას-1215-1476-09 18 თებერვალი, 2010 წელი
ას-1215-1476-09 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლ. ლაზარაშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – რ. ო-ძე
მოწინააღმდეგე მხარე-ტ. ო-ძე, ჟ. ო-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება -ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 04 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი –უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რ. ო-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოხდა მაცივარ-რეფრეჟატორის გამოთხოვა ტ. და ჟ. ო-ძეების მფლობელობიდან რ. ო-ძის სასარგებლოდ. რ. ო-ძეს სასარჩელო განცხადების სხვა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. ტ. და ჟ. ო-ძეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს, როგორც რ. ო-ძემ, ასევე ტ. და ჟ. ო-ძეებმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რ. ო-ძის სააპელაციო საჩივარი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ტ. და ჟ. ო-ძეების სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება რ. ო-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ტ. და ჟ. ო-ძეების სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რ. ო-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გამოთხოვილ იქნა ტ. და ჟ. ო-ძეების უკანონო მფლობელობიდან ერთი პატარა დახლ-მაცივარი. ტ. და ჟ. ო-ძეებს რ. ო-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2006 ლარის გადახდა. რ. ო-ძის სარჩელთან დაკავშირებით მიღებული გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი, ტ. და ჟ. ო-ძეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. რ. ო-ძეს ტ. და ჟ. ო-ძეების სასარგებლოდ დაეკისრა 5619 ლარის გადახდა.
დასახელებული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
2009 წლის 24 ნოემბერს რ. ო-ძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მის მიერ სააპელაციო წარმოებისათვის შეცდომით ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის დაბრუნება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 4 დეკემბრის განჩინებით რ. ო-ძის შუამდგომლობა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის უკან დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ რ. ო-ძემ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის კანონშესაბამისობის და შესაბამისად მისი უკან დაბრუნების საკითხი სადავო გახადა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნულ საკითხზე მხარეს შეეძლო ედავა საკასაციო წესით და სწორედ იქ მიეთითებინა იმ არგუმენტებზე, რასაც განცხადებაში უთითებდა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ რ. ო-ძემ მის მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივრით სადავო არ გახადა სასამართლო ხარჯების საკითხი, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ რ. ო-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების თაობაზე იყო უსაფუძვლო.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ. ო-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ო-ძის განცხადებით, სააპელაციო საჩივრის შეტანის შემდეგ, სხვა საკითხთან დაკავშირებით, წარადგინა მისი ინვალიდობის დამადასტურებელი დოკუმენტი. საკასაციო საჩივრის შეტანის დროს იშუამდგომლა უზენაესი სასამართლოს წინაშე სასამართლო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების თაობაზე. უზენაესმა სასამართლომ 2009 წლის 19 მაისის განჩინებით გაანთავისუფლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მას შემდეგ მიხვდა, რომ სააპელაციო საჩივრის გამო სახელმწიფო ბაჟი ჰქონდა გადახდილი შეცდომით და დაელოდა საქმის დაბრუნებას, რათა ეშუამდგომლა, შეცდომით გადახდილი ბაჟის დაბრუნების თაობაზე იმ სასამართლოში, სადაც მოხდა ბაჟის გადახდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რ. ო-ძემ მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 04 დეკემბრის განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის გამო გადახდილი 150 ლარის დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმეზე წარმოდგენილ კერძო საჩივარს, საქმის მასალებს და თვლის რომ რ. ო-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 04 დეკემბრის განჩინებით რ. ოჩხოკიძის განცხადება, შეცდომით გადახდილი ბაჟის დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, რ. ო-ძემ რომელიც წარმოადგენს ინვალიდს და თავისუფლდება ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხის დაბრუნების თაობაზე მან სააპელაციო სასამართლოს მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ მაშინ გაიგო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების საფუძვლის არსებობის შესახებ, როცა უზენაესმა სასამართლომ გაათავისუფლა ბაჟის გადახდისაგან, დაელოდა საქმის დასრულებას და შემდგომ იშუამდგომლა შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნების თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის თანახმად სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრებისას მხარემ უნდა მიუთითოს თუ რა ნაწილში ასაჩივრებს სადავო გადაწყვეტილებას.
აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რ. ოჩხოკიძე უფლებამოსილი იყო ზემოხსენებული საკითხი სადავოდ გაეხადა საკასაციო წესით გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან ერთად, რასაც რ. Oო-ძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. პირიქით, რ. ო-ძემ შეცდომით გადახდილი ბაჟის დაბრუნება სადავოდ გახადა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რის გამოც პალატა თვლის, რომ რ. ო-ძემ დაკარგა ბაჟის დაბრუნების მოთხოვნის უფლება და კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოება არ შეიძლება გახდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 04 დეკემბრის განჩინების გაუქმების და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ. ო-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 04 დეკემბრის განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.