Facebook Twitter

ას-1221-1072-2010 3 დეკემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივარი _ კ. ფ-შვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ო. თ-ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. ფ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ო. თ-ძის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ.

ო. თ-ძემ სარჩელი არ ცნო.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით კ. ფ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ო. თ-ძეს მის სასარგებლოდ დაეკისრა ქონებრივი ზიანის ანაზღაურება ფულადი თანხით _ 9940 ლარის ოდენობით.

აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ო. თ-ძემ.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 14 იანვრის განჩინებით ო. თ-ძის საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. ამავე სასამართლოს 2010 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით კ. ფ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა კ. ფ-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ნოემბრის განჩინებით დამტკიცდა მორიგება აპელანტ კ. ფ-შვილსა და აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე ო. თ-ძეს შორის, შემდეგი პირობებით:

მოპასუხე ო. თ-ძე აპელანტ კ. ფ-შვილს გადასცემს 500 ლარს მასზე მიყენებული ზიანის საფასურს, ხოლო მოსარჩელე ანუ აპელანტი კ. ფ-შვილი უარს ამბობს სააპელაციო საჩივარზე და შემდეგშიც მას არ ექნება არანაირი პრეტენზია ო. თ-ძის მიმართ კაფეში არსებულ ნივთებთან დაკავშირებით.

თანხის გადახდა მოხდეს არაუგვიანეს 2010 წლის 8 ნოემბრისა.

მხარეთა მორიგების გამო გაუქმდა მოცემულ საქმეზე ახალციხის რაიონული სასამართლოს 30.04.2010წ. გადაწყვეტილება და საქმეზე შეწყდეს წარმოება.

განემარტათ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

აპელანტმა კ. ფ-შვილმა, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე ო. თ-ძემ და მისმა წარმომადგენელმა ე. ა-ძემ წერილობით უარი განაცხადეს განჩინების გასაჩივრებაზე. მათ ასევე თანხმობა განაცხადეს იმის შესახებ, რომ სასამართლო შემოიფარგლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა კ. ფ-შვილმა. მან აღნიშნა, რომ იგი არ ეთანხმება 2010 წლის 2 ნოემბერს მხარეებს შორის სასამართლოს მიერ დამტკიცებულ მორიგებას. მისი განმარტებით სასამართლო პროცესზე იგი იყო დაბნეული, მოსამართლე მას ხმის ამოღების საშუალებას არ აძლევდა. ის აიძულეს რომ ხელი მოეწერა მორიგების აქტისათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალბეს, კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ კ. ფ-შვილის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლის თანახმად, თუ მხარეები მოითხოვენ გადაწყვეტილებას დასაბუთების გარეშე იმ მოტივით, რომ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, სასამართლოს შეუძლია შემოიფარგლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით. მოსამართლე ეკითხება მხარეებს, სურთ თუ არა დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება და ასაჩივრებენ თუ არა მოცემულ გადაწყვეტილებას. თუ მხარეები უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, მათ ასეთი განცხადება უნდა დაადასტურონ თავიანთი ხელმოწერებით.

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა კ. ფ-შვილმა, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე ო. თ-ძემ და მისმა წარმომადგენელმა ე. ა-ძემ წერილობით უარი განაცხადეს განჩინების გასაჩივრებაზე. მათ ასევე თანხმობა განაცხადეს იმის შესახებ, რომ სასამართლო შემოიფარგლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება), თუ იგი არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაში შედის მისი საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო თუ იყო გასაჩივრებული – საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ, თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) არ გაუქმებულა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში ასევე შედის, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის საკასაციო წესით გასაჩივრებაზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 2 ნოემბრის განჩინება კანონიერ ძალაში არის შესული და მისი გასაჩივრება არ შეიძლება, ვინაიდან მხარეებმა წერილობითი უარი განაცხადეს გასაჩივრებაზე.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის შესახებ, რომ იგი დაბნეული იყო და აიძულეს ხელი მოეწერა მორიგებისათვის.

როგორც გასაჩივრებული განჩინებიდან ირკვევა, სასამართლო პროცესზე მონაწილეობდა კ. ფ-შვილის წარმომადგენელი – გ. ჯ-ძე, რომელთან ერთადაც თანხმობა განაცხადა მან მორიგების დამტკიცებაზე. გარდა ამისა, კერძო საჩივრის ავტორმა უარი განაცხადა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 2 ნოემბრის საოქმო განჩინების გასაჩივრებაზე. მას განემარტა სასამართლო პროცესზე განჩინების გასაჩივრების შედეგი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება მორიგების აქტზე იძულებით ხელმოწერასთან დაკავშირებით საფუძველს მოკლებულია.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კ. ფ-შვილმა უარი განაცხადა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 2 ნოემბრის განჩინების გასაჩივრებაზე, მან აღნიშნული დაადსტურა თავისი ხელმოწერით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კ. ფ-შვილის კერძო საჩივარი დაუშვებელია, ვინაიდან გასაჩივრებული განჩინება კანონიერ ძალაში არის შესული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 250-ე, 264-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

კ. ფ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 2 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.