Facebook Twitter

საქმე ¹ას-122-116-2010 15 მარტი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები _ თ. და ნ. ბ-იები, მ. მ-იანი

წარმომადგენელი _ მ. პ-აია

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ფ-ძე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ლ. ფ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება თ., ნ. ბ-იების, მ. მ-იანის ბინიდან გამოსახლების შესახებ ლ. ფ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ფ-ძეს დაეკისრა მ. მ-იანის, თ. და ნ. ბ-იების სასარგებლოდ 18375 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 7419 ლარის გადახდა, რის სანაცვლოდაც მ. მ-იანი, თ. და ნ. ბ-იები გამოსახლდნენ ქ.თბილისში, ... მე-2 შესახვევის ¹9-ში მდებარე მათ მიერ დაკავებული ფართიდან და იგი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა ლ. ფ-ძეს.

2009 წლის 3 აგვისტოს მ. მ-იანმა, თ. და ნ. ბ-იებმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 დეკემბრის განჩინებით მ. მ-იანის, თ. და ნ. ბ-იების განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განმცხადებლებმა გასაჩივრებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიიჩნიეს ის გარემოება, რომ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” 2008 წლის 11 ივლისის ¹1964/18/19 დასკვნა, რომელსაც გადაწყვეტილება ეფუძნება, შეიცავს არასწორ მონაცემებს სადავო ფართთან დაკავშირებით, კერძოდ, ექსპერტიზის მიერ შესაფასებელ ფართში არ შევიდა 12,3 კვ.მ სარდაფი და 15,2 კვ.მ ფარდული, სულ 27,5 კვ.მ ფართი, ასევე, არასწორად განისაზღვრა უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულება. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე, 372-ე მუხლებით, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილით და მიიჩნია, რომ, დასახელებულ ნორმათა შესაბამისად, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. პალატამ ჩათვალა, რომ ახლად აღმოჩენილს არ წარმოადგენს გარემოება, თუ რა ფართი ჰქონდა მხარეს ფაქტობრივად დაკავებული და აღნიშნულის შესახებ მისთვის დავის განხილვის პროცესშიც ცნობილი იყო. სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების შესაბამისად, მხარეს თავად შეეძლო სასამართლოსაგან დამოუკიდებლად უზრუნველეყო ექსპერტიზის ჩ-ება და მისი წარდგენა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმის განხილვის შესაბამის ეტაპზე. ამდენად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა განმცხადებელთა მოსაზრება, რომ მათ, საკუთარი ბრალის გარეშე, არ ჰქონდათ შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინათ ამ გარემოებაზე და წარედგინათ სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, ამასთან, მოცემული განცხადების საფუძვლად მითითებულ გარემოებაზე მხარე ჯერ კიდევ თავის საკასაციო საჩივარში მსჯელობდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. მ-იანის, თ. და ნ. ბ-იების წარმომადგენელმა მ. პ-აიამ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოცემულ შემთხვევაში ახლად აღმოჩენილ გარემოებას წარმოადგენდა არა ის, თუ რა ფართი ეკავა განმცხადებელს, არამედ ის გარემოება, რომ მათ მიერ დაკავებული ფართის დიდ ნაწილს _ 27,5 კვ.მ დამხმარე ფართს გააჩნდა საცხოვრებელი ფართისაგან დამოუკიდებელი საბაზრო ღირებულება და მათი ღირებულება უნდა დამატებოდა საცხოვრებელი ფართის ღირებულებას. ამდენად, ახლად აღმოჩენილი გარემოებაა სადავო ფართის შეფასების განსხვავებული მეთოდიკა. საქმეზე ჩ-ებული პირველი ექსპერტიზით საექსპერტო დაწესებულებამ მიიჩნია, რომ 57 კვ.მ-დან 27,5 კვ.მ სარდაფსა და საზაფხულო სასტუმრო-სამზარეულოს საბაზრო ღირებულება საერთოდ არ გააჩნდა, შესაბამისად, განმცხადებელთა მიერ დაკავებული ფართი უნდა შეფასებულიყო მხოლოდ უშუალოდ 29,5 კვ.მ საცხოვრებელი ფართის საბაზრო ღირებულებით. მეორედ, 2009 წლის 8 ივლისს ჩ-ებული ¹912/19 საექსპერტო დასკვნა ეფუძნება განსხვავებულ მეთოდიკას. იმავე საექსპერტო ბიურომ დამოუკიდებელი საბაზრო ღირებულებით შეფასების საგნად მიიჩნია როგორც საცხოვრებელი ფართი, ისე სარდაფი და სამზარეულო. ამასთან, თითოეული მათგანის ღირებულება განსაზღვრა ცალ-ცალკე, 1 კვ/მ-ის დიფერენცირებული ღირებულებებით (580 აშშ დოლარი, 250 აშშ დოლარი და 400 აშშ დოლარი) და შემდეგ შეაჯამა სამივე მონაცემი. აღნიშნული შეფასება მოითხოვს სპეციალურ ცოდნას საცხოვრებელი სადგომის საინჟინრო-ტექნიკური და სასაქონლო მახასიათებლობისა და საბაზრო კონიუქტურის შესახებ, რაც განმცხადებლებს არ შეიძლება ჰქონოდათ საქმის განხილვის დროს სათანადო კვალიფიკაციისა და კომპეტენტურობის არქონის გამო. ბუნებრივია, მათ იცოდნენ, თუ რა ფართი ეკავათ რეალურად, მაგრამ არ შეიძლება სცოდნოდათ, რომ ფართის დამხმარე ნაწილს ცალკე საბაზრო ღირებულება გააჩნდა, რაც ზრდიდა სადავო უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინების შემთხვევაში საკომპენსაციო თანხა განმცხადებელთა სასარგებლოდ 9808 აშშ დოლარით მეტი იქნებოდა იმაზე, რაც სასამართლომ კანონიერ ძალაში შესული გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარეს დააკისრა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ მ. მ-იანის, თ. და ნ. ბ-იების წარმომადგენელ მ. პ-აიას განცხადების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად ჩათვალა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ, მხარისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას შეიძლება საფუძვლად დაედოს მხარის მიერ საქმის წარმოების დასრულების შემდეგ ისეთი გარემოების შეტყობა, რომლებსაც საქმის განხილვის პერიოდში მისი სასამართლოსათვის წარდგენის შემთხვევაში შეეძლო არსებითად ზეგავლენა მოეხდინა საქმის განხილვის შედეგზე. ამასთან, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების მოთხოვნისას მხარემ სათანადოდ უნდა დაადასტუროს, რომ გარემოება, რომელსაც იგი ახლად აღმოჩენილად მიიჩნევს, არ იყო და ვერც იქნებოდა ცნობილი მისთვის საქმის განხილვისას.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ გარემოება, რომელსაც განმცხადებლები ახლად აღმოჩენილად მიიჩნევენ მათთვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის დროს, კერძოდ:

მ.მ-იანი, თ. და ნ. ბ-იები კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ იმ საფუძვლით, რომ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” 2008 წლის 11 ივლისის ¹1964/18/19 დასკვნით განისაზღვრა საბაზრო ღირებულება მათ მიერ დაკავებულ მხოლო საცხოვრებელ ფართზე და არ შეფასებულა 27,5 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, რის გამოც გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარეს მათ სასარგებლოდY9808 აშშ დოლარით ნაკლები თანხა დაეკისრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის სხდომის ოქმის თანახმად, თ.ბ-იამ იშუამდგომლა საქმეზე ახალი მტკიცებულების _ სადავო ფართის სრულად შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტის დართვის შესახებ იმ საფუძვლით, რომ საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა არასწორია და მასში მხარის მიერ ფაქტობრივად დაკავებული ფართი სრულად ასახული არ არის. აღნიშნული შუამდგომლობა სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეს მითითებული მტკიცებულება პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას უნდა წარედგინა (იხ. ს.ფ. 184-185).

ანალოგიურ პრეტენზიას შეიცავს მ. მ-იანის, თ. და ნ. ბ-იების 2009 წლის 27 თებერვლის საკასაციო საჩივარიც, სადაც მითითებულია, რომ საექსპერტო დასკვნასა და სასამართლო გადაწყვეტილებაში არ ფიგურირებს 12,3 კვ.მ ფართის სარდაფი მასში განლაგებული სააბაზანოთი და საპირპარეშოთი. კასატორთა მოსაზრებით, სასამართლოს აღნიშნული სარდაფი უნდა ჩაეთვალა მათი საცხოვრებელი სადგომის შემადგენელ ნაწილად, სადგომის ღირებულება განსაზღვრულიყო დამხმარე სათავსების გათვალისწინებით, 1 კვ.მ საბაზრო ღირებულების საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (დამხმარე) ფართების ჯამზე გამრავლებით (იხ. ს.ფ. 219-221).

ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს, რომ სადავო ექსპერტიზის დასკვნის მიღებისას გამოყენებული მეთოდიკის შესახებ განმცხადებელთათვის ცნობილი იყო სასამართლოში მოცემული დავის არსებითად განხილვის განმავლობაში, რის შესახებაც მათ პრეტენზია წარადგინეს როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში. აღნიშნული კი იმაზე მეტყველებს, რომ მხარეთა მიერ დასახელებული გარემოება ახლად აღმოჩენილად ვერ ჩაითვლება და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების გზით საქმის წარმოების განახილების საფუძველი ვერ გახდება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია და მისი გაუქმების კანონიერი საფუძვლები არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. მ-იანის, თ. და ნ. ბ-იების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფლდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.