ას-122-120-2010 07 მარტი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ინდმეწარმე დ. ყ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ სს ბანკი «...»
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 1 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სს ბანკმა «...მ» მოპასუხეების: ინდმეწარმე დ. ყ-ძის, ნ. ყ-ძისა და ამირან შერვაშიძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ა. სს ბანკ «...სა» და ინდმეწარმე დ. ყ-ძეს შორის 2008 წლის 23 აპრილს დადებული კრედიტების, ოვერდრაფტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ გენერალური ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება; ბ. ამავე მხარეებს შორის 2009 წლის 28 ნოემბერს დადებული ¹... საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება; გ. მოპასუხეების _ ინდმეწარმე დ. ყ-ძისა და ნ. ყ-ძისათვის სს ბანკ «...» სასარგებლოდ 69087.69 აშშ დოლარის, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3910.43 ლარის და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის (დავის საგნის ღირებულების 4% _ 5213.91 ლარი) გადახდის დაკისრება; დ. დავალიანების თანხის გადახდევინების განხორციელება იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების: ამირან შერვაშიძის საკუთრებაში არსებული, ხელვაჩაურში, მახვილაურის მეურნეობაში მდებარე 1268.00კვ.მ მიწის ნაკვეთისა და დ. ყ-ძის საკუთრებაში არსებული, ხელვაჩაურში, სოფელ ... ...ი მდებარე უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით (ს.ფ. 2-14).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს ბანკი «...» სარჩელი დაკმაყოფილდა: შეწყდა სს ბანკ «...სა» და ინდმეწარმე დ. ყ-ძეს შორის 2008 წლის 23 აპრილს დადებული კრედიტების, ოვერდრაფტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ გენერალური ხელშეკრულება, აგრეთვე, ამავე მხარეებს შორის 2009 წლის 28 ნოემბერს დადებული ¹... საკრედიტო ხელშეკრულება; მოპასუხეებს _ ინდმეწარმე დ. ყ-ძესა და ნ. ყ-ძეს სს ბანკი «...» სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 69087.69 აშშ დოლარის გადახდა, მათვე მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 1955.21 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ; გარდა ამისა, ინდმეწარმე დ. ყ-ძესა და ნ. ყ-ძეს სს ბანკ «...» სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 1000 ლარის გადახდა ბანკის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად. გადაწყვეტილებით დადგინდა დავალიანების თანხის გადახდევინება ინდმეწარმე დ. ყ-ძისა და ამირან ყ-ძის ქონების და იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციით: ამირან შერვაშიძის საკუთრებაში რეგისტრირებული, ხელვაჩაურის რაიონში, მახვილაურის მეურნეობაში მდებარე 1268.00 მიწის ნაკვეთი (ქონების მახასიათებლები: ზონა _ ხელვაჩაური 22, სექტორი _ 26, კვარტალი _ 01, ნაკვეთი _ 019, დაზუსტებული ფართობი _ 1268.00კვ.მ, ნაკვეთის საკუთრების ტიპი _ საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია _ სასოფლო-სამეურნეო, ნაკვეთის წინა ნომერი _ 22.05.07.181, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ¹22.26.01.019); დ. ყ-ძის საკუთრებაში რეგისტრირებული, ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ... ...ი მდებარე უძრავი ქონება (ქონების მახასიათებლები: ზონა _ ხელვაჩაური 22, სექტორი _ ... 06, კვარტალი _ 06, ნაკვეთი _ 076, დაუზუსტებელი ფართობი _ 4430.00კვ.მ, ნაკვეთის საკუთრების ტიპი _ საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია _ სასოფლო-სამეურნეო, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი _ 239.60, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი _ ¹...) (ს.ფ. 126-132).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ინდმეწარმე დ. ყ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 140-148).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ინდმეწარმე დ. ყ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დ.ვების ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
საქმის მასალების თანახმად, ინდმეწარმე დ. ყ-ძის სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს წარედგინა ხარვეზით, კერძოდ, აპელანტს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2763.48 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით;
სააპელაციო სასამართლომ 2010 წლის 3 ნოემბრის განჩინებით აპელანტს დაავალა აღნიშნული ხარვეზის შევსება, რისთვისაც მას განუსაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადა. ამასთან, ხარვეზის განჩინებით მხარეს განემარტა, რომ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად;
ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი ინდმეწარმე დ. ყ-ძეს გაეგზავნა და ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით;
2010 წლის 15 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ინდმეწარმე დ. ყ-ძემ და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 17 ნოემბრის განჩინებით აპელანტს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის, კერძოდ, 1763 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ხოლო ხარვეზის შესავსებად დაევალა 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა; ამ შემთხვევაში ხარვეზის შესავსებად ინდმეწარმე დ. ყ-ძეს განესაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადა, მასვე განემარტა, რომ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად;
2010 წლის 30 ნოემბერს ინდმეწარმე დ. ყ-ძემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და სახელმწიფო ბაჟის მთლიანი ოდენობის გადავადება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის შუამდგომლობა დაუშვებლობის გამო განხილვას ვერ დაექვემდებარებოდა, რამდენადაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 17 ნოემბრის განჩინებით მისი ანალოგიური შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის მთლიანი ოდენობის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე, 374-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლის მოთხოვნებს, ასევე არ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს, თუ ამა ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება. თუ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პირობა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დ.ვების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ხარვეზის შეუვსებლობა, კერძოდ, ინდმეწარმე დ. ყ-ძის მიერ სახელმწიფო ბაჟის ნაწილის (1000 აშშ დოლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსათვის წარუდგენლობა, იძლეოდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დ.ვების საფუძველს (ს.ფ. 174-179).
სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინება დ. ყ-ძემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორი ყურადღებას მიაქცევს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის (რასაც შედეგად მოჰყვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დ.ვება) მიზეზზე. საჩივარში საუბარია იმაზე, რომ დ. ყ-ძეს გააჩნია სათევზე მეურნეობა. იმისათვის, რომ ოთხი თვის შემდეგ მან აღნიშნული მეურნეობიდან მიიღოს სარგებელი, ამჟამად უწევს გარკვეული თანხების გაღება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას სწორედ 4 თვით, რის შემდეგაც შეძლებს ამ თანხის ანაზღაურებას (ს.ფ. 184).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ინდმეწარმე დ. ყ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ნოემბრის განჩინებით ინდმეწარმე დ. ყ-ძის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, აპელანტს დაევალა 2763.48 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა. ხარვეზის გამოსასწორებლად აპელანტს მიეცა 5 დღის ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან (ს.ფ. 159-160).
2010 წლის 15 ნოემბერს დ. ყ-ძემ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი განცხადებით იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე. აღნიშნული განჩინებით აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძვლის არსებობას ასაბუთებდა იმ გარემოებით, რომ იგი აპირებდა მისი კუთვნილი ქონების გასხვისებას, აქედან მიღებული თანხით კი გადაიხდიდა ვალს და დაფარავდა სასამართლო ხარჯებს (ს.ფ. 163).
სააპელაციო სასამართლომ 2010 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ზემომითითებული შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, აღნიშნული განჩინებით აპელანტს დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის _ 1763 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ხარვეზის შესავსებად მას დაევალა დარჩენილი 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსათვის წარდგენა. განჩინებით ხარვეზის გამოსწორების ვადად დადგინდა აპელანტის მიერ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღე. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შედეგები (ს.ფ. 165-167).
საკითხს იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი სასამართლოს მიერ მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, პასუხობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებ...ც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სააპელაციო სასამართლომ 2010 წლის 17 ნოემბრის განჩინებით მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ აპელანტის შუამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ შეფასებას კანონშესაბამისად მიიჩნევს.
2010 წლის 30 ნოემბერს ინდმეწარმე დ. ყ-ძემ სააპელაციო სასამართლოში ახალი განცხადება წარადგინა, რომლითაც კვლავ იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის (ამჯერად დარჩენილი ნაწილის) გადახდის გადავადების თაობაზე. შუამდგომლობა მოტივირებული იყო იმით, რომ აპელანტი ვერც 1000 აშშ დოლარის გადახდას ვერ ახერხებდა, იგი ამას მას შემდეგ შეძლებდა, რაც კუთვნილი ქონების რეალიზაციას განახორციელებდა (ს.ფ. 169).
გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დ.ვებას საფუძვლად დაედო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დ.ვების საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ინდმეწარმე დ. ყ-ძის 30.11.2010წ. შუამდგომლობა განხილვას ვერ დაექვემდებარებოდა, რამდენადაც აპელანტის ანალოგიური შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის მთლიანი ოდენობის გადახდის გადავადების შესახებ სასამართლომ ერთხელ უკვე განიხილა და არ დააკმაყოფილა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა ინდმეწარმე დ. ყ-ძის შუამდგომლობის განხილვაზე უარის თქმის საფუძველი. აპელანტის მიერ 2010 წლის 30 ნოემბერს წარდგენილ განცხადებაში შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე ემყარება იმავე მოტივებს, რაც სააპელაციო სასამართლომ 2010 წლის 17 ნოემბრის განჩინებაში უკვე შეაფასა და მიიჩნია შუამდგომლობის მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლად.
იმის გათვალისწინებით, რომ ინდმეწარმე დ. ყ-ძეს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლისა და 374-ე მუხლის თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი სწორად იქნა დ.ვებული განუხილველად.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მას 4 თვით უნდა გადაუვადდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რადგან ამ დროისათვის იგი მოახდენს თევზის რეალიზაციას კუთვნილი სათევზე მეურნეობიდან და შეძლებს სახელმწიფო ბაჟის გადახდას.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძვლად მიიჩნევს პირის მძიმე ქონებრივ მდგომარეობას, რის გამოც მას არა აქვს შესაძლებლობა წინასწარ გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი. აღნიშნულის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენის ვალდებულება შუამდგომლობის აღმძვრელ პირს ეკისრება. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც მის მძიმე ქონებრივ მდგომარეობას და აქედან გამომდინარე სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდის გადავადებას დაასაბუთებდა.
ამდენად, ინდმეწარმე დ. ყ-ძის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ინდმეწარმე დ. ყ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.