Facebook Twitter

¹ას-1222-1482-09 11 იანვარი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

განიხილა მ. მ-ძის კერძო საჩივრის გაუხილველად დატოვების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ნოემბრის განჩინებაზე. საკასაციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის განჩინებით მ. მ-ძის განცხადება ... ¹1 ჩაის ფაბრიკიდან მისი წილი ქონების შენარჩუნების თაობაზე განუხილველად იქნა დატოვებული (ს.ფ. 26) (ს.ფ. 62-64).

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული მ. მ-ძის მოთხოვნა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 ივნისის, 2007 წლის 12 თებერვლის, 2007 წლის 22 თებერვლისა და 2007 წლის 1 მარტის სხდომის ოქმებში შენიშვნების შეტანის შესახებ (ს.ფ. 36).

აღნიშნულ განჩინებებზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. მ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება მოითხოვა (ს.ფ. 38-40, 55-56).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ნოემბრის განჩინებით მ. მ-ძის კერძო საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის განჩინებაზე დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის განჩინება და საქმე დაუბრუნდა იგივე სასამართლოს საქმის არსებითი განხილვისათვის (ს.ფ. 62-65).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 ნოემბრის განჩინებით მ. მ-ძის კერძო საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 ივნისის, 2007 წლის 12 თებერვლის, 2007 წლის 22 თებერვლისა და 2007 წლის 1 მარტის სხდომის ოქმებზე შენიშვნების შეტანის შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინებით განიმარტა, რომ განჩინება არ საჩივრდება (ს.ფ. 66-68).

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. მ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სხდომის ოქმებში შესწორების შეტანა მოიოთხოვა (ს.ფ. 83-84).

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 დეკემბრის განჩინებით მ. მ-ძის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესაძლებლობას მისი წარმოებაში მიღების შემდეგ. აღნიშნული ნორმა, რომელიც ამავე კოდექსის 420-ე, 399-ე მუხლების საფუძველზე ასევე გამოიყენება კერძო საჩივრის განხილვისას, განმარტავს, რომ, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს. კანონის დასახელებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლის არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დატოვოს კერძო საჩივარი განუხილველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ნოემბრის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ. მ-ძის კერძო საჩივარი, წარმოადგენს ზემდგომი სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის თაობაზე გამოტანილ განჩინებას, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, არ ექვემდებარება გასაჩივრებას და არის კერძო საჩივრის თაობაზე გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება.

ამდენად, ვინაიდან ზემდგომი სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის თაობაზე გამოტანილი განჩინება გასაჩივრებას არ ექვემდებარება, შესაბამისად, მის თაობაზე შეტანილი კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. მ-ძის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ნოემბრის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.