ას-1223-1074-2010 20 იანვარი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ც. ი-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ დ. ბ-ევი, ხ. ა-ევა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით ც. ი-შვილის სარჩელი, დ. ბ-ევისა და ხ. ა-ევას მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. ი-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ნოემბრის განჩინებით ც. ი-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად გასაჩივრების, კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევის გამო.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ც. ი-შვილს პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2010 წლის 20 სექტემბერს, მან კი სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა 2010 წლის პირველ ნოემბერს, ანუ კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის დარღვევით, ვინაიდან გასაჩივრების ბოლო ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, იყო 2010 წლის 4 ოქტომბერი.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ც. ი-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაეწყო არა 2010 წლის 20 სექტემბრიდან, როდესაც მას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაჰბარდა, არამედ 2010 წლის 18 ოქტობრიდან (უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების ჩაბარების თარიღი), ვინაიდან საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ც. ი-შვილის ნაცვლად შეცდომით მითითებული იყო ც. ი-შვილი და, შესაბამისად, იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას გაესაჩივრებინა აღნიშნული გადაწყვეტილება, რადგან მასში მხარედ არ იყო მითითებული, ხოლო, როდესაც გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ განჩინება ჩაჰბარდა, მან ვადაში წარადგინა სააპელაციო საჩივარი. ამდენად, ც. ი-შვილმა მოითხოვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილება და საქმის წარმოების განახლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ც. ი-შვილვის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 აგვისტოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ც. ი-შვილს პირადად ჩაჰბარდა 2010 წლის 20 სექტემბერს (იხ. ტ.I, ს.ფ. 64); სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 21 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის 4 ოქტომბერს. ამდენად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა იყო 2010 წლის 4 ოქტომბერი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილია 2010 წლის პირველ ნოემბერს, ანუ კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, რომლის აღდგენაც დაუშვებელია (იხ. ტ.I ს.ფ. 76-84).
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს ვადის ათვლა უნდა დაეწყო არა 2010 წლის 20 სექტემბრიდან, როდესაც მას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაჰბარდა, არამედ 2010 წლის 18 ოქტობრიდან (უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების ჩაბარების თარიღი), ვინაიდან საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ც. ი-შვილის ნაცვლად შეცდომით იყო მითითებული ც. ი-შვილი და, შესაბამისად, იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას გაესაჩივრებინა აღნიშნული გადაწყვეტილება, ვინაიდან მასში მხარედ არ იყო მითითებული, ხოლო, გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების ჩაბარების შემდგომ, წარადგინა სააპელაციო საჩივარი. ამდენად, სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა არ დაურღვევია, რის გამოც მოითხოვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილება.
აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან კანონმდებელი მხარეს პირდაპირ ავალდებულებს, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, მოცემულ შემთხვევაში კი, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, როგორც უკვე აღნიშნა, ც. ი-შვილს ჩაბარდა 2010 წლის 20 სექტემბერს. ამასთან, საგულისხმოა, რომ ც. ი-შვილი გასაჩივრებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღესვე, ზემოაღნიშნული უსწორობის თაობაზე, მოსამართლის თანაშემწეს ტელეფონით დაუკავშირდა და მოითხოვა გადაწყვეტილებაში დაშვებული შეცდომის გასწორება. აღნიშნული ცხადყოფს, რომ მას სადავოდ არ გაუხადია ის გარემოება, რომ გადაწყვეტილებაში მხარედ არ იყო მითითებული, არამედ მოითხოვა მხოლოდ, თავის გვარის მითითებისას სასამართლოს მიერ დაშვებული უსწორობის გასწორება, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოელგიის 2010 წლის 20 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრების ვადა უნდა ათვლილიყო უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების ჩაბარების თარიღიდან (2010 წლის 18 ოქტომბერი) და არა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან (2010 წლის 20 სექტემბერი) საკასაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ც. ი-შვილის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ც. ი-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ნოემბრის განჩინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.