Facebook Twitter

¹ას-1224-1075-2010 27 იანვარი, 2011 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ. მ-ელი

წარმომადგენელი – მ. მ-ილი

მოწინააღმდეგე მხარე – გ. მ-ელი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით ლ. მ-ელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. მ-ელის წარმომადგენელმა მ. მ-ილმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 03 დეკემბრის განჩინებით ლ. მ-ელს კერძო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნისა და ლ. მ-ელის სახელით კერძო საჩივრის შეტანაზე მ. მ-ილის უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობის ან თავად ლ. მ-ელის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივრის წარმოდგენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. მ-ელის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

განსახილველ შემთხვევაში, ლ. მ-ელს მის მიერ მითითებულ მისამართზე ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი გაეგზავნა ორჯერ, 2010 წლის 6 დეკემბერს და 2010 წლის 21 დეკემბერს. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით და საფოსტო კონვერტებით, ასევე საქართველოს ფოსტის ცნობით ირკვევა, რომ აღნიშნული გზავნილები ადრესატს ვერ ჩაბარდა მისი არყოფნის გამო (ადრესატი გასულია ქალაქიდან). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება.

აღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, ლ. მ-ელისათვის ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაბარებულად ითვლება 2011 წლის 13 იანვარს, მეორედ გაგზავნილი საფოსტო გზავნილის მისთვის ჩაუბარებლობის დღეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ლ. მ-ელისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 14 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 19 იანვარს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ლ. მ-ელმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. მ-ელის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.