Facebook Twitter

¹ას-1224-1484-09 25 მარტი, 2010წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ. გ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ს-ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის პირველი ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ს-ძის სარჩელი რ. გ-ძის მიმართ ნივთის დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა, მ. ს-ძეს დაუბრუნდა ავტომანქანა “ოპელ-ვექტრა” სახელმწიფო ნომრით ....., რომელიც იმყოფებოდა მოპასუხე რ. გ-ძესთან. მოპასუხეს მ. ს-ძის სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზიანის სახით 1490 ლარის გადახდა, სახელმწიფო ბაჟი _ 190 ლარი და წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი 113 ლარი.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. გ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 ნოემბრის განჩინებით რ. გ-ძეს სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 150 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.

2009 წლის 13 ნოემბერს რ. გ-ძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და, როგორც უმუშევარმა და არანაირი შემოსავლის არქმონემ, მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ნოემბრის განჩინებით რ. გ-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა და მას გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 4 დღით, კერძოდ, 150 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოსადგენად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინებით რ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ. გ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ არ არსებობდა მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძველი, ვინაიდან იგი განიცდიდა მძიმე ეკონომიურ გაჭირვებას, რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა ზესტაფონის რაიონის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობა მისი უმუშევრობის შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ რ. გ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ასლი რ. გ-ძეს გაეგზავნა და ჩაჰბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, მის მეუღლეს ჩაჰბარდა 2009 წლის 17 ნოემბერს (ს.ფ.73), შესაბამისად, ხარვეზის შევსების ბოლო ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების თანახმად, იყო 2009 წლის 24 ნოემბერი. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში რ. გ-ძემ ხარვეზი არ გამოასწორა და არც რაიმე შუამდგომლობა სასამართლოში არ წარუდგენია, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ არ არსებობდა მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძველი, ვინაიდან იგი განიცდიდა მძიმე ეკონომიურ გაჭირვებას, რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა ზესტაფონის რაიონის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობა მისი უმუშევრობის შესახებ.

აღნიშნულს საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-48-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია სახელმწიფო ხარჯებისაგან მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს მხარე მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, რომლის მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, ეკისრება მხარეს. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რ. გ-ძემ ვერ წარმოადგინა რაიმე ისეთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედებოდა მის გათავისუფლებას სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ. გ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.