¹ას-1226-1486-0 19თებერვალი 2010წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლ. ლაზარაშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი –პ. გ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. პ-ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 02 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორი მოთხოვნა - გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. პ-იას სარჩელი ქორწინების შეწყვეტის და ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა; შეწყდა ქორწინება ნ. პ-იასა და პ. გ-ძეს შორის რეგისტრირებული ქ.თბილისში 1994 წლის 18 ივნისს, სააქტო ჩანაწერი ¹204 და მოპასუხე პ. გ-ძეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილების, 1995 წელს დაბადებული – თ.გ-ძის და 1999 წელს დაბადებული – ლ. გ-ძის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 50-50 ლარის, სულ 100 (ასი) ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2009 წლის 10 სექტემბრიდან მათ სრულწლოვანებამდე.
აღნიშნული გადაწყვეტილება, ალიმენტის დაკისრების ნაწილში, პ. გ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება გასაჩივრებულ ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, აპელანტს, პ. გ-ძეს განესაზღვრა საპროცესო ვადა ხარვეზის შესავსებად და დაევალა ამ განჩინებით დადგენილ საპროცესო ვადაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, თავისი მოთხოვნის დაზუსტება და იმის მითითება, თუ კონკრეტულად გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებულ ალიმენტს რა ოდენობით ხდიდა სადავოდ.
პ. გ-ძემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ იგი ითხოვს ალიმენტის სახით თითოეულ ბავშვზე 10-10 ლარის დაკისრებას. შესაბამისად აპელანტის მიერ სადავოდ ხდება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებული ალიმენტიდან – 50-50 (სულ 100 ლარი), 40-40 ლარის (სულ 80 ლარი) ოდენობით თანხა.
პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში დავის საგნის ღირებულება შეადგენს 960 ლარს (80X12=960), რაც თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით განსაზღვრულ სააპელაციო საჩივრის ღირებულების ოდენობაზე ნაკლებია. აღნიშნული გარემოება კი გამორიცხავს სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 02 დეკემბრის განჩინებით პ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა პ. გ-ძემ.
კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, ჯერჯერობით ვერ იპოვა მისთვის შესაბამისი სამსახური, ვინაიდან არის ავადმყოფი, კიდურზე აქვს ხომპოზი და ტროპიკული წყლული, რის გამოც ფიზიკურად მუშაობა უჭირს.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იგი შვილებს შეძლებისამებრ ყოველთვის ეხმარებოდა და მათ რჩენაზე უარს არ ამბობს, მხოლოდ დღეის მდგომარეობით უჭირს ამის გაკეთება.
კერძო საჩივრის ავტორი, სამსხურის მოძებნის ან სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, ითხოვს დაეკისროს ალიმენტის სახით შვილების სასარგებოდ 10-10 ლარის გადახდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა კერძო საჩივრის განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 02 დეკემბრის განჩინებით პ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით პ. გ-ძეს დაეკისრა ალიმენტის გადახდა თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 50-50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა საალიმენტო თანხის შემცირება 10- 10 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელზე განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით. მოცემულ საქმეზე სააპელაციო საჩივარში დავის საგნის ღირებულება შეადგენს 960 ლარს, აღნიშნული არ აღემატება სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულების 1000 ლარს, შესაბამისად საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, პალატა მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პ. გ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 02 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.