ას-1227-1078-2010 27 დეკემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. ქ-შვილი (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ გ. გ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. გ-ულო (მოსარჩელე)
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის გაუქმება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010
წლის 9 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით ჯ. გ-ულოს სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა 2001 წლის 3 ივლისს ნოტარიუს გ. ზ-შვილის მიერ ლ. ქ-შვილის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ქ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 9 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ქ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 დეკემბრის განჩინებით კერძოO საჩივრის ავტორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კერძო საჩივრის ავტორ ლ. ქ-შვილს 2010 წლის 16 დეკემბერს, მაგრამ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არც კერძოO საჩივრის ავტორმა და არც მისმა წარმომადგენელმა ხარვეზი არ გამოასწორეს.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ქ-შვილის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი უთითებს, რომ საქმეში იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორ ლ. ქ-შვილს ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 6 დეკემბრის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2010 წლის 16 დეკემბერს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ს.ფ. 140). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 17 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 21 დეკემბერს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კერძო საჩივრის ავტორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ქ-შვილის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.