Facebook Twitter

¹ას-1229-1489-09 25 მარტი, 2010წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ. ტ-ძე (ვ-ძე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “--- ბ.”

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით სს “--- ბ. ” სარჩელი ლ. ვ-ძის მიმართ საბანკო დავალიანების დაკისრების თაოაბზე დაკმაყოფილდა, ლ. ვ-ძეს სს “--- ბ.” სასარგებლოოდ დაეკისრა 22 838,95 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის _ 685,16 ლარის გადახდა. აღნიშნული თანხების ამოღების მიზნით დადგენილ იქნა ლ. ვ-ძის საკუთრებაში არსებული საოჯახო ნივთების (ტელევიზორი “სამსუნგი”, მაცივარი “სამსუნგი”, საძინებელი გარნიტური, როიალი “ვაინბერგი”) იძულებითი რეალიზაცია.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ტ-ძემ (ვ-ძე) და მოითხოვა მისი გაუქმება ჯარიმის დაკისრების ნაწილში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 5 აგვისტოს განჩინებით ლ. ტ-ძეს (ვ-ძე) სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში დაზუსტებული სააპელაციო საჩივრისა და დავის საგნის ღირებულების 4%-ის, მაგრამ არანაკლებ 150 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.

2009 წლის 17 აგვისტოს ლ. ტ-ძემ (ვ-ძე) განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის 10 დღით გაგრძელება, რაც დაკმაყოფილდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 სექტემბრის განჩინებით და აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით.

2009 წლის 22 სექტემბერს აპელანტის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, წარმოადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, რითაც მოითხოვა ჯარიმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და აღნიშნულ ნაწილში 8913 ლარის დაკისრება. ამასთან, მიუთითა, რომ დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის ღირებულება შეადგენდა 557 ლარს და, ვინაიდან აპელანტი პედაგოგია, მის ოჯახში არავინ მუშაობს და ვერ ახერხებდა აღნიშნულ ეტაპზე ბაჟის გადახდას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვა ბაჟის გადახდის ნაწილში ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის 10 დღით გაგრძელება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 23 სექტემბრის განჩინებით ლ. ტ-ძის (ვ-ძე) წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა და აპელანტს კვლავ გაუგრძელდა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა 10 დღით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით, კვლავ დაკმაყოფილდა ლ. ტ-ძის (ვ-ძე) წარმომადგენელ ჯ. ქ-შვილის განცხადება და აპელანტს ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა 15 დღით.

2009 წლის 9 ნოემბერს ლ. ტ-ძემ კვლავ მომართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მძიმე ეკონომიური მდგომარების გამო, მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის 10 დღით გაგრძელება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ლ. ტ-ძის (ვ-ძე) სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ტ-ძემ (ვ-ძე) და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ იმ გარემოებით, რომ არ გაუგრძელა ხარვეზის შევსების ვადა, მას წაართვა უფლება სასამართლო გზით დაეცვა თავისი პოზიცია, ვინაიდან იგი განიცდიდა მძიმე ეკონომიურ გაჭირვებას, ოჯახში მხოლოდ თვითონ მუშაობდა და ბაჟის გადახდისათვის საჭირო თანხა 557 ლარი მისთვის სოლიდურ თანხას წარმოადგენდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ლ. ტ-ძის (ვ-ძე) კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადა, აპელანტს, თავისი შუამდგომლობების საფუძველზე, არაერთხელ გაუგრძელდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებებით, კერძოდ, 2009 წლის 9, 23 სექტემბრისა და 12 ოქტომბრის განჩინებებით.

ასევე დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ოქტომბრის განჩინების ასლი ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ ლ. ტ-ძეს გაეგზავნა და ჩაჰბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, პირადად ჩაჰბარდა 2009 წლის 22 ოქტომბერს. შესაბამისად, ხარვეზის შევსების ბოლო ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების თანახმად, იყო 2009 წლის 6 ნოემბერი. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტმა ხარვეზი არ გამოასწორა.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებაზე, რითაც მას წაართვა უფლება სასამართლო გზით დაეცვა თავისი პოზიცია, ვინაიდან იგი განიცდიდა მძიმე ეკონომიურ გაჭირვებას, ოჯახში მხოლოდ თვითონ მუშაობდა და ბაჟის გადახდისათვის საჭირო თანხა 557 ლარი მისთვის სოლიდურ თანხას წარმოადგენდა.

აღნიშნულს საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-48-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია სახელმწიფო ხარჯებისაგან მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს მხარე, ან გადაუვადოს სახელმწიფო ბაჟის გადახდა მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, რომლის მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, ეკისრება მხარეს. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ. ტ-ძემ (ვ-ძე) ვერ წარმოადგინა რაიმე ისეთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედებოდა მის გათავისუფლებას ან გადავადებას სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. ხოლო რაც შეეხება ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებას, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მას მართებულად არ გაუგრძელა ვადა, ვინაიდან მხარის შუამდგომლობები არ უნდა ემსახურებოდეს საქმის განხილვის გაჭიანურებას. საქმის მასალების თანახმად, ლ. ტ-ძის (ვ-ძე) შუამდგომლობის საფუძველზე, მას სამჯერ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და მიუხედავად ამისა, მან ხარვეზი მაინც არ გამოასწორა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. ტ-ძის (ვ-ძე) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ნოემბრის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.