ას-1231-1490-09 26 იანვარი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ თ. გ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “--- ბ.” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ვალდებულების შეუსრულებლობის გამო თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს “--- ბ.” სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. გ-ძის მიმართ, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, სესხის _ 31999 აშშ დოლარის ვადამდე დაბრუნების, ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ნივთის აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სს “ --- ბ.” უარი ეთქვა თ.გ-ძისათვის 31999 აშშ დოლარის გადახდაზე, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის აუქციონის წესით რეალიზაციაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ --- ბანკმა”.
ქუთაისის სააპელაციო სასამართოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სს “ --- ბ.” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თ.გ-ძეს დაეკისრა სს “ --- ბ.” სასარგებლოდ 31999 აშშ დოლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ.გ-ძემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივლისის განჩინებით თ.გ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
2009 წლის 22 სექტემბერს სს “ --- ბ.” განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა 2006 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა, რაც ამავე სასამართლოს 2009 წლის 4 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა თ. გ-ძემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვათა შესაბამისად, გაიგზავნა მხარის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა კერძო საჩივრის ავტორის დედას (იხ. ს.ფ.195). სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. გ-ძის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო (კერძო) საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო (კერძო) საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, თ.გ-ძის კერძო საჩივარს სასამართლოს 2009 წლის 30 დეკემბრის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი, მის ავტორს დაევალა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება გაიგზავნა კასატორის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა თ.გ-ძის დედას 2010 წლის 8 იანვარს (იხ. ს.ფ.195).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესტისათვის ჩაბარებულად ითვლება. ამდენად, სასამართლოს შეტყობინება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ჩაბარდა მისი ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს და აღნიშნული გარემოება საკმარისი საფუძველია ამა თუ იმ საპროცესო ვადის ასათვლელად. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 9 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 13 იანვარს. ამ ვადის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის. აღნიშნული გარემოება თ.გ-ძის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. გ-ძის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. გ-ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.