ას-123-117-10 30 აპრილი, 2010 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლ. ლაზარაშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ თ. ა-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ფ. დ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 12 მარტს ფ. დ-ძემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს თ. ა-ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის ბინიდან წყლის ჩამოსვლით მიყენებული ზიანის _ 1301 ლარის, სასამართლო ხარჯების _ 150 ლარის და სახელმწიფო ბაჟის _ 100 ლარის დაკისრება.
საქმის არსებითი განხილვის დროს ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და ზიანის სახით 1000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით ფ. დ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე თ. ა-ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზიანის _ 1000 ლარის ანაზღაურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ა-ძემ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 იანვრის განჩინებით თ. ა-ძის სააპელაციო საჩივარი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ საქმის განხილვის დროს შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და ზიანის სახით 1000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ა-ძემ.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა (ს.ს.კ. 412). ასევე, მისი განმარტებით, მითითებული მუხლის მოთხოვნა იმპერატიულია. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ფ. დ-ძემ სასარჩელო განცხადებით მოითხოვა მოპასუხის ბინიდან წყლის ჩამოსვლით მიყენებული ზიანის 1301 ლარის, სასამართლო ხარჯების _ 150 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის დაკისრება, ასევე დადგენილია, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და ზიანის სახით 1000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 იანვრის განჩინებით თ. ა-ძის სააპელაციო საჩივარი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი, რომლის პირველი წინადადების თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქმის განხილვის დროს ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და ზიანის სახით 1000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რადგან განსახილველ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 1000 ლარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების იურიდიული საფუძველი არ არსებობს, ხოლო თ. ა-ძის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. ა-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.