¹ას-1233-1492-09 22 თებერვალი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ვ. გ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ყ-იანი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი _ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების გაყოფა
კერძო საჩივრის დავის საგანი _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ლ. ყ-იანმა მოპასუხე ვ. გ-ძის მიმართ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების გაყოფის მოთხოვნით (ს.ფ. 4-5).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ყ-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა. თბილისში, ... ქ. ¹67, ბ.31 საკუთრების უფლებით გადაეცა მოსარჩელეს (ს.ფ. 154-159).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. გ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება (ს.ფ. 106-110)
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ. ყ-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ლ. ყოფიანი ცნობილ იქნა უძრავი ქონების, მდებარე თბილისი, ... ქ. ¹67, ბ. 13 და უძრავი ქონების, მდებარე თბილისი, ... ქ. ¹14, 146 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობის 2/3 წილის მესაკუთრედ. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო საკუთრებას, თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზით არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სადავო უძრავი ნივთები მიიჩნია მეუღლეთა თანასაკუთრებად, როგორც ქორწინების განმავლობაში შეძენილი (ს.ფ. 246-254).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ვ. გ-ძემ და მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში შეცდომით იყო მითითებული სადავო ქონების მისამართები. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 19 მაისის განჩინებით შესწორდა 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა, კერძოდ, მისამართი: “... ქ. ¹67, ბ. ¹13”, შეიცვალა მისამართით: “... ქ. ¹67, ბ. ¹31” (ს.ფ. 263-264).
2008 წლის 8 ივლისს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ლ. ყ-იანმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებაში არსებული უსწორობის გასწორება, კერძოდ: ... ქ. ¹67, ბ. ¹13-ის ნაცვლად _ ... ქ. ¹67, ბ. ¹31-ის მითითება. ასევე “... ქ. ¹14-ის” ნაცვლად, “... ქ. ¹14ა-ს” მითითება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 15 ივლისის განჩინებით ლ. ყ-იანის განცხადება უსწორობის გასწორების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 19 მაისის განჩინებით შესწორდა 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა, კერძოდ, მისამართი: ... ქ. ¹67, ბ. ¹13, შეიცვალა მისამართით: ... ქ. ¹67, ბ. ¹31. რაც შეეხება ... ქ. ¹14-ის ნაცვლად ... ქ. ¹14ა-ს მითითებას, ლ. ყ-იანის მოთხოვნა აღნიშნული უსწორობის გასწორების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის 2004 წლის 9 ივნისის ამონაწერით დასტურდებოდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო ... ქ. ¹14ა-ში (ს.ფ. 272-273).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. გ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორი მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეს მიაკუთვნა ის, რაც მას არ მოუთხოვია. კასატორი მიიჩნევდა, რომ ლ. ყ-იანის მოთხოვნა იყო ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების გაყოფა და არა აღნიშნულ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა (ს.ფ. 275-284).
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 12 დეკემბრის განჩინებით ვ. გ-ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნას დატოვებული დაუშვებლობის გამო (ს.ფ. 308-312).
2009 წლის 19 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ლ. ყ-იანმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანა, კერძოდ, ნაცვლად მისამართისა: თბილისი, ... ქ. ¹14, მითითება: ქ. თბილისი, ... ქ. ¹14ა (ს.ფ. 385).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალტის 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ლ. ყ-იანის განცხადება დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში შეტანილ იქნა შეწორება, კერძოდ, თბილისი, ... ქ. ¹14 შეიცვალა მისამართით _ თბილისი, ... ქ. ¹14ა (ს.ფ. 386-387).
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ვ. გ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, 2008 წლის 8 ივლისს ლ. ყ-იანმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა 2008 წლის 30 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება, მისამართის _ თბილისი, ... ქ. ¹14, შეცვლა მისამართით _ ... ქ. ¹14ა. აღნიშნული განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 15 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ლ. ყ-იანის მიერ უსწორობის გასწორების მოთხოვნით სასამართლოში განმეორებით მიმართვისას სასამართლოს უნდა შეეწყვიტა საქმის წარმოება, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 15 ივლისის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ლ. ყ-იანის განცხადება, კანონიერ ძლაშია შესული (ს.ფ. 398-399).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. გ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ სადავო ქონება ნამდვილად მდებარეობს მისამართზე, რომელიც სააპელაციო სასამართლომ გაასწორა _ თბილისი, ... ქ. ¹14ა. კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას ითხოვს მხოლოდ იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლომ ერთხელ უკვე იმსჯელა ამ საკითხზე და 2008 წლის 15 ივლისის განჩინებით უსწორობის გასწორების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, დასაშვებია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად არ ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს, წარმოადგენს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გამოსწორებას და საქმის მასალებიდან გამომდინარე შესაძლებელია ასეთი შესწორების შეტანა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 15 ივლისის განჩინებით ლ. ყ-იანის განცხადებას უსწორობის გასწორების შესახებ უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ იმ მდგომარეობით საქმეში არსებული მასალებით არ დგინდებოდა სადავო ბინის მისამართის _ ... ქ. ¹14-ის უსწორობა.
მოცემულ შემთხვევაში, ლ. ყ-იანის მიერ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების მოთხოვნის შესახებ განცხადების განმეორებით შეტანის დროისათვის საქმეში არსებობდა სადავო ქონების მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხვის საფუძველი _ სააუქციონო განკარგულება, რომლის მიხედვით, ცალსახად დგინდებოდა, რომ ვ. გ-ძის მიერ აუქციონზე შეძენილი უძრავი ქონების მისამართი იყო ქ. თბილისი, ... ქ. ¹14ა და არა ... ქ. ¹14.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ყ-იანის განცხადება უსწორობის გასწორების შესახებ სწორად იქნა დაკმაყოფილებული, ვინაიდან საქმის მასალები ადასტურებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებაში თავდაპირველად მითითებული მისამართის უსწორობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საპროცესო საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. გ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.