Facebook Twitter

¹ ას-1235-1085-10 13 იანვარი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ თ. ბ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ სს «ბანკი ...»

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ სესხის ხელშეკრულების შეწყვეტა, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს «ბანკმა ...» სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. და ს. ბ-ძეების მიმართ სესხის ხელშეკრულებების ვადამდე შეწყვეტისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 13 მაისის განჩინებით თ. ბ-ძე ჩაება მოცემულ დავაში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის არმქონე მესამე პირად.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სს «ბანკ ...» და მ. ბ-ძეს შორის გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებები შეწყდა, მ. ბ-ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 13008,02 აშშ დოლარის გადახდა, რისი ანაზღაურება დადგინდა ს. ბ-ძის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული ზესტაფონის რაიონის სოფელ ..... (კოდი: 32, სექტორი: ქვედა საზანო, კოდი: 05, კვარტალი ¹06, ნაკვეთი: ¹830, ფართი: 1470) მდებარე უძრავი ქონებიდან და ასევე ა. ბ-ძის კუთვნილი სავაჭრო ობიექტიდან.

რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება თ. ბ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 აგვისტოს განჩინებით თ.ბ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლით და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას თ. ბ-ძისათვის რაიმე სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია, შესაბამისად, იურიდიული საფუძველი, რის გამოც თ.ბ-ძე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილ პირად ჩაითვალოს, არ იკვეთება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე თ. ბ-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება შემდეგი საფუძვლებით:

არასწორია გასაჩივრებული განჩინების მითითება, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება თ.ბ-ძის კანონიერ უფლებებს არ შეეხება.

მოცემული დავის დაწყებისთანავე თ.ბ-ძე ჩაება მასში მესამე პირად და განუმარტა სასამართლოს, რომ არის სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრე, ს.ბ-ძის კომლის წევრი და ამ უკანასკნელს უფლება არ ჰქონდა, მისი თანხმობის გარეშე იპოთეკით დაეტვირთა თ.ბ-ძის წილი ქონებაც. თ.ბ-ძემ იმთავითვე დაიწყო დავა საჯარო რეესტრში სადავო ქონების თანამესაკუთრედ აღრიცხვის მოთხოვნით. მოცემული საქმის განხილვა კიდეც შეჩერდა ამ საფუძვლით, თუმცა მოგვიანებით ისევ განახლდა.

ამჟამად თ.ბ-ძე ირიცხება ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვედა საზანოში მდებარე სადავო ქონების თანამესაკუთრედ, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით. აღნიშნული ინფორმაციის სააპელაციო პალატისათვის მიწოდება დროულად ვერ მოხერხდა, რადგან ადმინისტრაციული წარმოება რამდენჯერმე შეჩერდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ბ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.

მითითებული ნორმის სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარე, კანონმდებელი განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების მქონე პირთა წრეს და აღნიშნულ შესაძლებლობას აძლევს იმ პირებს, რომელთა კანონიერ ინტერესებსაც უშუალოდ ეხება გასაჩივრებული გადაწყვეტილება. ამასთან, თუკი სასამართლოს გადაწყვეტილება შეეხო ისეთი პირის უფლებებს, რომელიც საქმეში არ იყო ჩაბმული მოსარჩელედ, მოპასუხედ ან თანამონაწილედ, მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით და უფლებამონაცვლედ, ასეთ პირსაც უფლება აქვს, გაასაჩივროს გადაწყვეტილება.

მოცემულ შემთხვევაში აპელანტი თ. ბ-ძე პირველი ინსტანციის წესით დავის განხილვისას ჩაება საქმეში მესამე პირად ისე, რომ მას დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით სასამართლოსათვის არ მიუმართავს და არც საქმეში მხარედ ჩაბმა არ მოუთხოვია. ამასთან აღსანიშნავია, რომ თ.ბ-ძის პრეტენზია მოცემულ დავაში მიმართულია არა სს «ბანკი ...», არამედ ს. ბ-ძის მიმართ, რომელმაც, აპელანტის განმარტებით, თ. ბ-ძის წილი საზიარო ქონებაში მესაკუთრის თანხმობის გარეშე იპოთეკით უკანონოდ დატვირთა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ თ.ბ-ძე ზემოხსენებული ნორმის სუბიექტს არ წარმოადგენს და მას ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლებამოსილება არ გააჩნია.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ ამჟამად თ.ბ-ძე აღრიცხულია სადავო უძრავი ნივთის თანამესაკუთრედ, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი საჯარო რეესტრის ამონაწერი მხარემ წარადგინა არა სააპელაციო, არამედ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. ბ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.