Facebook Twitter

საქმე ¹ას-1241-1500-09 1 თებერვალი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ რ. ა-ოვი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. შ-ია ო. (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ვალდებულების ვადამდე შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. ა-ოვმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. შ-ია ო.-ს მიმართ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადამდე შესრულების დავალდებულების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2008 წლის 1 აგვისტოს მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 4000 აშშ დოლარი 2010 წლის 1 აგვისტომდე. ამჟამად რ.ა-ოვის მატერიალური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, მის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მოსარჩელე დაკავებულ იქნა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ რ.ა-ოვის დაკავების ფაქტი მისი მატერიალური მდგომარეობის გაუარესებას არ ადასტურებს.

გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით რ. ა-ოვის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც რ.ა-ოვმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით რ.ა-ოვის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი აპელანტს ჩაბარდა 2009 წლის 19 სექტემბერს, სააპელაციო საჩივარი კი შეტანილ იქნა 2009 წლის 8 ოქტომბერს. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ მხარემ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა დაარღვია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე რ.ა-ოვმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება შემდეგი საფუძვლებით: დაუსაბუთებელი სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ რ.ა-ოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება 2009 წლის 19 სექტემბერს ჩაბარდა. საფოსტო გზავნილი, რომელსაც სასამართლო დაეყრდნო, ხელმოწერილია მხარის თანასოფლელის _ ზ. ა-ოვის მიერ. ფაქტობრივად კი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი მას გადაეცა მეზობლის _ ი. ა-ოვისაგან 2009 წლის 2 ოქტომბერს. ამდენად, სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ა-ოვის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ჩაბარდეს პირადად მხარეს ან, ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მასთან მცხოვრებ ოჯახის სრულწლოვან წევრს. ამასთან, ამავე ნორმის შესაბამისად, კანონის ხსენებული დანაწესით გათვალისწინებულ პირთა წრის მიერ სასამართლო უწყების მიღებისას, უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება.

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილ შპს “სკს-ს” გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე რ. ა-ოვის ნაცვლად ხელს აწერს ვინმე ზ. ა-ოვი, რომელიც ადრესატთან თავის დამოკიდებულებაზე არ უთითებს და აღნიშნული არც სხვა რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ ზ. ა-ოვისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების თანახმად, რ. ა-ოვისათვის მის ჩაბარებად ვერ ჩაითვლება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის განმავლობაში.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით რ.ა-ოვის სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არასწორად აითვალა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ. ა-ოვის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს რ. ა-ოვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.