Facebook Twitter

ას-124-118-2010 6 აპრილი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მოსამართლე ლ. ლაზარაშვილი

განიხილა ლ. გ-იანისა და დ. მ-შვილის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 იანვრის განჩინებაზე. საკასაციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 თებერვლის განჩინებით ლ. გ-იანსა და დ. მ-შვილს დაუდგინდათ ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალათ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. 2010 წლის 9 მარტის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს დ. მ-შვილის მოთხოვნის საფუძველზე გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით.

აღნიშნული განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორებს ჩაჰბარდათ 2010 წლის 15 მარტს. დადგენილ ვადაში კერძო საჩივრის ავტორებს ხარვეზი არ შეუვსიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ საკასაციო სასამართლოსთვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ლ. გ-იანისა და დ. მ-შვილის მიერ კერძო საჩივრის ხარვეზი არ იქნა შევსებული სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. გ-იანისა და დ. მ-შვილის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 იანვრის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.