Facebook Twitter

¹ას-1242-1501-09 25 თებერვალი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლ. ლაზარაშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ა-შვილი, ხელოვანთა დახმარების საერთაშორისო ფონდი

წარმომადგენლები - გ. მ-ია და ქ. უ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარეები-ქ.თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახური, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტრო, ე. შ-აია კონომატოგრაფისტთა კავშირი

გასაჩივრებული განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ნოემბრის საოქმო განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი –საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 04 მარტის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს ხელოვანთა დახმარების საერთაშორისო ფონდის სარჩელი მოპასუხეების, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროს, ქ.თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის, კინემატოგრაფისტთა კავშირის და ე. შ-აიას მიმართ, საავტორო უფლებით დაცული ნაწარმოების შემდგომში დამზადების ან სხვა უფლებადამრღვევი ქმედებების აკრძალვის, ნაწარმოების “ხელოვანთა ხეივანი თბილისში”, “ბულვარის” ან სხვა სახით მოწყობის და დაპატენტებული ლოგოს “ვარსკვლავის” ნებისმიერი სახეშეცვლილი ფორმით გამოყენების აკრძალვის, სადავო საგანზე უფლების მფლობელად მოსარჩელის აღიარების შესახებ.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სააპელაციო საჩივარი წარადგინა საქართველოს ხელოვანთა დახმარების საერთაშორისო ფონდმა და ნ. ა-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ნოემბრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ხელოვანთა დახმარების საერთაშორისო ფონდი და ნ. ა-შვილის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 04 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტებს საქართველოს ხელოვანთა დახმარების საერთაშორისო ფონდს და ნ. ა-შვილს სხდომის დღის შესახებ ეცნობათ წარმომადგენლების მეშვეობით, კერძოდ 13.10.2009 წლის სასამართლო სხდომაზე სხდომის დღის დრო და თარიღი ეცნობათ სსსკ-ის 216-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესით, ხელწერილის საშუალებით აპელანტების წარმომადგენლებს გ. მ-იას (რწმუნებულება Iტ. ს.ფ. 65, 67) და ქ. უ-შვილს (რწმუნებულება Iტ.ს.ფ. 65,67) შესაბამისად პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტებს სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობათ სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

პალატის განმარტებით, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტები საქართველოს ხელოვანთა დახმარების საერთაშორისო ფონდი და ნ. ა-შვილი, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა, ალექსანდრე ჩიხრაძემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დატოვებულიყო განუხილველად.

აღნიშნული საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ნ. ა-შვილის და ხელოვანთა დახმარების საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლებმა გ. მ-იამ და ქ. უ-შვილმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორთა წარმომადგენლის მითითებით, მოსარჩელე ნ. ა-შვილმა განცხადება სასამართლო სხდომის გადადების მოთხოვნით შეცდომით წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც აღნიშნული იქნა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელს გ. მ-იას გარდაეცვალა მამა და მისი გამოცხადება შეუძლებელი იყო. კერძო საჩივრის ავტორთა წარმომადგენელი ასევე განმარტავს რომ ნ. ა-შვილისთვის უცნობი იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნული სხდომის დღის შესახებ, ვინაიდან მას 2009 წლის 11 ნოემბერს მას გარდაეცვალა ახლო ნათესავი (მამა) და დროულად ვერ აცნობა მხარეს სააპელაციო სასამართლოში 2009 წლის 18 ნოემბერს დანიშნული სხდომის შესახებ.

კერძო საჩივრის ავტორთა წარმომადგენლების მითითებით, ა-შვილის წარმომადგენლის გ. მ-იას მამა მ. მ-ია გარდაიცვალა 2009 წლის 11 ნოემბერს, რომლის დაკრძალვა შედგა 2009 წლის 17 ნოემბერს, ზუგდიდის რ-ნი, სოფ. .... ხოლო 2009 წლის 12 ნოემბრიდან 2009 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით გ. მ-ია იმყოფებოდა ქ.ზუგდიდში და მისი სტრესული მდგომარეობიდან გამომდინარე თბილისში ჩამოვიდა 2009 წლის 21 ნოემბერს. მართალია სასამართლოსათვის მოცემული ფაქტი დროულად არ ყოფილა ცნობილი მაგრამ მათი აზრით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით მოცემული გარემოება წარმოადგენდა საპატიო მიზეზს პროცესზე გამოუცხადებლობისა.

რაც შეეხება მოსარჩელის მეორე ადვოკატს ქ.უ-შვილს, კერძო საჩივრის ავტორთა წარმომადგენლების მითითებით, ის იმყოფებოდა ავად და ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა სასამართლოს მიერ დანიშნულ სხდომაზე, ქ.უ-შვილის ავადმყოფობის ფაქტი დასტურდება კერძო საჩივარზე თანდართული სამედიცინო ცნობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. ა-შვილის ხელოვანთა დახმარების საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლებმა გ. მ-იამ და ქ. უ-შვილმა მოითხოვეს გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო კერძო საჩივარს, თანდართულ მტკიცებულებებს და თვლის, რომ ნ. ა-შვილის და ხელოვანთა დახმარების საერთაშორისო ფონდის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ნოემბრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ხელოვანთა დახმარების საერთაშორისო ფონდი და ნ. ა-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი აპელანტთა პროცესზე გამოუცხადებლობის გამო.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლები განსაზღვრავს საპროცესო მოქმედების მხარისათვის შეტყობინების წესს. კერძოდ კი 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. ამასთან, წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ხსდომის დღის თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გაფრთხილებულ იქნენ ნ. ა-შვილის და ხელოვანთა დახმარების საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლები გ. მ-ია და ქ. უ-შვილი(ს.ფ.102). აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორთა წარმომადგენლის გ. მ-იას მითითებას, რომ მან ვერ უზრუნველყო აპელანტების გაფრთხილება 18 ნოემბრის სხდომის შესახებ, ვერ მიიღებს მხედველობაში, როგორც საპატიო გარემოებას. გ. მ-ია და ქ. უ-შვილი ვალდებულნი იყვნენ მხარეები გაეფრთხილებინათ სააპელაციო სასამართლოში დანიშნული სხდომის დღისა და დროის თაობაზე.

მხარის სასამართლოს პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო გარემოებებს განსაზღვავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი რომლის თანახმადაც საპატიო მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება რაც შეუძლებელს ხდის მხარის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

კერძო საჩივრის ავტორთა წარმომადგენლები კერძო საჩივარში აპელირებენ გამოუცხადებლობის ისეთ საპატიო გარემოებებზე, როგორიცაა გ. მ-იას მამის გარდაცვალება და ქ. უ-შვილის ავადმყოფობა. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია ახლო ნათესავის გარდაცვალება წარმოადგენს პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო გარემოებას, მაგრამ მოცემულ Aშემთხვევაში სასამართლო სარწმუნოდ ვერ მიიჩნევს აღნიშნულის თაობაზე მხარის წარმომადგენლის მხოლოდ სიტყვიერ მითითებას, ხოლო რაიმე მტკიცებულება, რაც უტყუარად დაადასტურებდა გ. მ-იას მამის გარდაცვალებას, საქმეში წარმოდგენილი არაა.

საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზარებს ქ. უ-შვილის პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო საფუძველად მითითებულ ავადმყოფობას, ვინაიდან როგორც ზემოთ აღინიშნა, ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, კერძო საჩივარზე მტკიცებულების სახით დართული სამედიცინო ცნობიდან კი არ ირკვევა თუ ვინ აწერს მას ხელს და არც ავადმყოფობის სიმპტომები იძლევა პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობის ვარაუდს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ა-შვილის და ხელოვანთა დახმარების საერთაშორისო ფონდის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ნოემბრის საოქმო განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.