Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №847აპ-19 ქ. თბილისი

გ. ბ., 847აპ-19 21 ოქტომბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა ამირანაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ. გ-მა ჩაიდინა სისტემატური სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, კერძოდ, აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

1.1.ე. გ. 2013 წლის ზაფხულიდან მუშაობდა ბ. გ-ის მიერ დაარსებულ ტურისტულ კომპანია ,,ე-ში“ და აღნიშნულ პერიოდში დაახლოვდნენ.

1.2.2013 წლის შემოდგომაზე, ბ. გ-ის თხოვნით, ე. გ-ემ 2 000 აშშ დოლარის სესხი გამოიტანა და უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთა მისი საცხოვრებელი სახლი. აღნიშნული თანხა გადასცა ბ. გ-ს, რომელსაც იგი ესაჭიროებოდა ტურისტული სააგენტოს გასაფართოებლად. ამ დროიდან ბ. გ-მა დამოკიდებულება შეცვალა ე. გ-ის მიმართ და მის მიმართ, პერიოდულად და სისტემატურად 2018 წლამდე, დაიწყო ფსიქოლოგიური ძალადობა, კერძოდ, ამცირებდა, უმიზეზოდ უყვიროდა, უხეშად მიმართავდა და სიტყვიერად შეურაცხყოფდა მას, რის შედეგადაც ე. გ-ემ განიცადა ფსიქიკური ტანჯვა.

1.3.2014 წლის გაზაფხულზე, ე. გ-ემ ბანკიდან მიიღო შეტყობინება, რომ სესხის თანხა - 20 000 აშშ დოლარი ჰქონდა გადასახდელი და ბანკი მიმართავდა ქონებით უზრუნველყოფას. აღნიშნულის გამო, იგი დაუკავშირდა ბ. გ-ს, რომელმაც იგი დაამცირა და უთხრა, რომ არ ჰქონდა ვითარებაში გარკვევის გონებრივი შესაძლებლობა და საკითხს თვითონ მოუგვარებდა. 2014 წლის ზაფხულში, ე. გ. კვლავ დაუკავშირდა ბ. გ-ს და მოსთხოვა სესხის დაფარვა. აღნიშნულის გამო, ბ. გ. მივიდა მასთან, საცხოვრებელ ბინაში (მდებარე: თ-ში, - მე--მ/რაიონის, --ე კორპუსის, ბინა N--ში) და ე. გ-ის დაჟინებული მოთხოვნით გაღიზიანებულმა, მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ: აგინებდა დედის მისამართითა და უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა მას. აღნიშნულით გაღიზიანებულმა ე. გ-ემ უთხრა, რომ მის გარდაცვლილ დედას აღარ შეხებოდა, რის გამოც ბ. გ. უფრო აგრესიული გახდა, დაუწყო ყვირილი, როგორ ბედავდა შეპასუხებას და იმავდროულად ყელში სწვდა; ე. გ. ცდილობდა ბ. გ-სგან თავის დაღწევას, ხელ-ფეხს იქნევდა, რა დროსაც თავი ვერ შეიკავა და დაეცა იქვე არსებულ დივანზე, ბ. გ. კი ხელს მაინც არ უშვებდა. ამ დროს ოთახში შევიდა ე. გ-ის არასრულწლოვანი შვილი - ქ. ჯ., რის გამოც ბ. გ-მა ხელი გაუშვა ე. გ-ეს. ამ ვითარებაში ე. გ. განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს და ტანჯვას.

1.4.2014 წლის ზაფხულში, მანვე ერთ-ერთი შელაპარაკების დროს, ე. გ-ეს, მისივე საცხოვრებელ ბინაში ჭურჭელი დაუმტვრია.

1.5.2015 წლის ზაფხულში, ბ. გ. დაუკავშირდა ე. გ-ეს და შეხვედრა მოსთხოვა. შეხვედრაზე უარის მიღების შემდეგ, ბ. გ. მივიდა ე. გ-ის ეზოში, საიდანაც მას ხმამაღლა უყვიროდა და აგინებდა. 2015 წლის შემოდგომაზე, ბ. გ. კვლავ დაუკავშირდა ე. გ-ეს და სთხოვა თ-ის ზ-ზე გასეირნება. ვინაიდან უარის თქმის შემთხვევაში ბ. გ. მეზობლების გასაგონად მიაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და აგინებდა ე. გ-ეს, ეს უკანასკნელი იძულებული გახდა შეხვედროდა. შეხვედრისას ე. გ-ემ ბ. გ-ს, სესხის თანხის გადახდა მოსთხოვა, რის გამოც ამ უკანასკნელმა კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა და უთხრა, რომ თუკი რამეს განაცხადებდა მამამისს ეტყოდა, რომ ისინი საყვარლები იყვნენ.

1.6.2016 წლის ზაფხულში, ბ. გ. კვლავ მივიდა ე. გ-ის სახლთან და ფანჯრის კენჭებს ესროდა, რის შემდეგაც დაიწყო გინება და დასიგნალება. აღნიშნულის გამო ე. გ. იძულებული გახდა, მის სანახავად გასულიყო.

1.7.ბ. გ-ის ქმედებების შედეგად, ე. გ. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განიცდიდა ტანჯვას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 მარტის განაჩენით:

2.1.ბ. გ. - - - საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

2.2.გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. პროკურორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად ბ. გ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

4.1. ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ გამართლებულის მიმართ ბრალადშერაცხული ქმედების ჩადენა დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებისას მოპოვებული ურთიერთშეთავსებადი, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით. სასამართლოში დაკითხულმა ექსპერტმა განაცხადა, რომ ბ. გ-ის ქმედების შედეგად ე. გ-ემ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. დაზარალებულის შვილი კი შეესწრო ბ. გ-ის მიერ დედამისზე განხორციელებული ძალადობისა და შეურაცხყოფის ფაქტებს.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. პალატა გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბ. გ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურებული არ არის.

8. სააპელაციო სასამართლომ დეტალურად აღწერა თუ რატომ არ იყო უტყუარი დაზარალებულის ჩვენება და მიუთითა საქმეში წარმოდგენილ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე (მათ შორის: სამედიცინო დოკუმენტაციაზე, მოწმეების: გ. მ-სა და თ. ა-ის ჩვენებებზე), რომლებიც ეწინააღმდეგება ე. გ-ის ჩვენებაში დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა ამირანაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

მ. გაბინაშვილი