Facebook Twitter

¹ას-1248-1507-09 3 თებერვალი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს “.. ..” (მოპასუხე ძირითად სარჩელში, შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე _ ინდივიდუალური მეწარმე ლ. ს-ძე (მოსარჩელე ძირითად სარჩელში, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი _ ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრება (ძირითად სარჩელში); ზიანის ანაზღაურება, ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება (შეგებებულ სარჩელში)

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 29 აპრილს ახალციხის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ინდივიდუალურმა მეწარმე ლ. ს-ძემ მოპასუხე შპს “.. ..ოს” მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის _ 12 050 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს _ 10 000 ლარის, აგრეთვე, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს _ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 12 050 აშშ დოლარის 0,2%-ის გადახდის მოთხოვნით.

სარჩელში აღნიშნულია, რომ 2008 წლის 22 ოქტომბერს სასტუმრო “ვ-სა” და შპს “.. ..ოს” შორის დაიდო სასტუმროს მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვით სასტუმრო გამოუყოფდა ოთახებს კომპანიას და გაუწევდა სასტუმროში არსებულ მომსახურებას 2008 წლის 24 დეკემბრიდან 2009 წლის 27 მარტამდე. ეს ხელშეკრულება შპს “.. ..ოს” მიერ ცალმხრივად შეწყდა 2009 წლის 25 თებერვალს.

მოსარჩელის განცხადებით, შპს “.. ..ო” წარმოადგენდა ხელშეკრულების მხარეს და შესაბამისად, მასზე იყო დამოკიდებული სასტუმროს ქონებით სარგებლობის ფარგლები. ვინაიდან ხელშეკრულება მოქმედებდა არა ხელშეკრულებით დადგენილი ვადის _ 3 თვის, არამედ მოპასუხის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გამო 2 თვის განმავლობაში, მოსარჩელემ მოითხოვა შეთანხმებული თანხის _ 12 050 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს 10 000 ლარის გადახდა, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 12 050 აშშ დოლარის 0,2%-ის გადახდა (ტომი I, ს.ფ. 4-13).

მოპასუხე შპს “.. ..ომ” იმავე სასამართლოში შეგებებული სარჩელი წარადგინა. შეგებებული სარჩელის ავტორმა მოითხოვა ინდივიდუალური მეწარმე ლ. ს-ძისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება 1 321.78 ლარის ოდენობით და ზედმეტად გადახდილი 16 523 ლარის დაბრუნება (ტომი I, ს.ფ. 79-89).

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ინდივიდუალური მეწარმე ლ. ს-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შპს “.. ..ოს” ლ. ს-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 ლარისა და 12 050 აშშ დოლარის 0,2%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2009 წლის 12 იანვრიდან 2009 წლის 25 თებერვლამდე; მოსარჩელის მოთხოვნა 12 050 აშშ დოლარის შპს “.. ..ოსათვის” დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა; შპს “.. ..ოს” შეგებებული სარჩელი მოპასუხისათვის 16 523 ლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა, ხოლო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

რაიონულმა სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 2008 წლის 22 ოქტომბერს დაიდო სასტუმროს მომსახურების ხელშეკრულება. შპს “.. ..ოს” მიერ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე ცალმხრივად შეწყდა აღნიშნული ხელშეკრულება. ხელშეკრულებით დადგენილი გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში შპს “.. ..ო” იღებდა ვალდებულებას, სასტუმროსთვის გადაეხადა პირგასამტეხლო თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,2%-ის ოდენობით. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში შპს “.. ..ოს” ეკისრებოდა ჯარიმის სახით 10 000 ლარის გადახდა, ხოლო სასტუმრო იღებდა ვალდებულებას დამკვეთის მიერ წინასწარ გადახდილი თანხის დაბრუნებაზე, გაწეული მომსახურების გათვალისწინებით (ტომი I, ს.ფ. 152-158).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “.. ..ომ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ინდივიდუალური მეწარმე ლ. ს-ძის სარჩელის დაკმაყოფილებისა და მისი შეგებებული სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში (ტომი I, ს.ფ. 163-173).

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე ინდივიდუალურმა მეწარმე ლ. ს-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებლობისა და შპს “.. ..ოს” შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში (ტომი II, ს.ფ. 8-19).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ნოემბრის განჩინებით შპს “.. ..ოს” სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების ასლი შპს “.. ..ოს” თანამშრომელს ჩაჰბარდა 2009 წლის 2 ნოემბერს. სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2009 წლის 17 ნოემბერს, გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა (ტომი II, ს.ფ. 2-4).

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს “.. ..ომ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, შპს “.. ..ოს” მიერ სააპელაციო საჩივარი გასაგზავნად გადაეცა ოფიციალურად რეგისტრირებულ საფოსტო ორგანიზაციას 2009 წლის 13 ნოემბერს, სამი დღით ადრე გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გასვლამდე. შესაბამისად, სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა მომხდარიყო ფოსტისათვის სააპელაციო საჩივრის ჩაბარების დღიდან, საიდანაც გასაჩივრების ვადა არ იყო გასული (ტომი II, ს.ფ. 22).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება და შპს “.. ..ოს” სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო შპს “.. ..ოს” მიერ სააპელაციო საჩივრის კანონითYდადგენილ ვადაში წარუდგენლობა. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2 მუხლის შესაბამისად გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლის დასაწყისად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლის აპელანტისათვის ჩაბარების მომდევნო დღე _ 2009 წლის 3 ნოემბერი, ხოლო ამ ვადის დასრულების დღედ _ ახალციხის რაიონული სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის ჩაბარების დღე, რა დროისთვისაც სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი ვადა უკვე გასული იყო.

წარმოდგენილი კერძო საჩივრით შპს “.. ..ო” სადავოდ ხდის სააპელაციო საჩივრის შეტანის ზემომითითებულ თარიღს, რომელსაც გასაჩივრებული განჩინება ეყრდნობა და განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სააპელაციო საჩივრის ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. აღნიშნულის დასადასტურებლად კერძო საჩივარს თან ერთვის “შპს .. ..ოს” მიერ სააპელაციო საჩივრის ფოსტისათვის ჩაბარების დამადასტურებელი ქვითრის (¹000 072943) ასლი (ტომი II, ს.ფ. 22, 23).

საკასაციო სასამართლოში კერძო საჩივრის განხილვისას წარმოდგენილ იქნა შპს “სკს-ს” (ორგანიზაცია, რომლის მეშვეობითაც შპს “.. ..ომ” გზავნილი გააგზავნა ახალციხის რაიონულ სასამართლოში) ცნობა. აღნიშნული ცნობით ირკვევა, რომ შპს “.. ..ოს” გზავნილი (¹000072943) ახალციხის რაიონულ სასამართლოში ფოსტის მეშვეობით გაიგზავნა 2009 წლის 13 ნოემბერს, ხოლო ეს გზავნილი სასამართლოს ჩაჰბარდა 17 ნოემბერს (ტომი II, ს.ფ. 59). გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილია შპს “.. ..ოს” მიერ სააპელაციო საჩივრის ფოსტისათვის ჩაბარების დამადასტურებელი ქვითრის (¹000 072943) დედანი, რომელიც დამოწმებულია ახალციხის რაიონული სასამართლოს ბეჭდით. დასახელებული ქვითარზე სააპელაციო საჩივრის ფოსტისათვის ჩაბარების დროდ ასევე მითითებულია 2009 წლის 13 ნოემბერი (ტომი II, ს.ფ. 61). ასევე წარმოდგენილია ახალციხის რაიონული სასამართლოს 29.01.2010წ. ¹2/77-09წ.-031/1 წერილი, რომლის შინაარსიდან გამომდინარე, რაიონული სასამართლო არ გამორიცხავს სააპელაციო საჩივრის ფოსტით შემოსვლას.

ზემოაღნიშნული მასალების საქმის მასალებთან ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს “.. ..ოს” მიერ სააპელაციო საჩივარი ახალციხის რაიონულ სასამართლოში გაიგზავნა ფოსტის მეშვეობით _ 2009 წლის 13 ნოემბერს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის ფარგლებში, კერძოდ, 2009 წლის 13 ნოემბერს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მას სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა არ გაუშვია. ამდენად, არ არსებობს გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვების საფუძვლით შპს “.. ..ოს” სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სხვა წინაპირობების დაცულობის საკითხზე, საკასაციო სასამართლო აუქმებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ნოემბრის განჩინებას და საქმეს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად უბრუნებს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ნოემბრის განჩინება და საქმე შპს “.. ..ოს” სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.