ას-1249-1508-09 20 მაისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს “ს-ი” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ჩ-შვილი (მოსარჩელე)
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – Qქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 23 ივლისს ტყიბულის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა გ. ჩ-შვილმა სს „ს-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა სახელფასო დავალიანების 31500 ლარისა და საურავის 7384,65 ლარის დაკისრება.
ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სს “ს-ს” გ. ჩ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 31500 ლარის, საურავის _ 1827 ლარისა და სასამართლო ხარჯების _ 1 647 ლარის ანაზღაურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს-ის“ წარმომადგენელმა მ. კ-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 19 ნოემბრის განჩინებით სს “ს-ის” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 22 სექტემბრის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი სს “ს-ს” გაეგზავნა და ჩაჰბარდა 2009 წლის 9 ოქტომბერს, შესაბამისად გასაჩივრების ბოლო ვადას წარმოადგენს 23 ოქტომბერი. ვინაიდან, სს “ს-ს” სასამართლო გადაწყვეტილება ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით, მაგრამ სააპელაციო საჩივარი შეტანილია 2009 წლის 27 ოქტომბერს (4 დღის დაგვიანებით) ანუ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 _ დღიანი ვადის დარღვევით, სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს “ს-ის” დირექტორმა მ. კ-ძემ. მან მიუთითა, რომ ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 22 სექტემბრის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მართლაც ჩაჰბარდა სს “ს-ს” 2009 წლის 9 ოქტომბერს, შესაბამისად გასაჩივრების ბოლო ვადას წარმოადგენს 23 ოქტომბერი. სს “ს-მა” 23 ოქტომბერს ანუ ვადაში ფოსტის მეშვეობით გააგზავნა სააპელაციო საჩივარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ შპს “ს-ის” დირექტორ მ. კ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
სსსკ-ის 374-ე მუხლით, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში, სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
დადგენილია, რომ ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 26 ოქტომბრის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, შპს „ს-ს“ გაეგზავნა და ჩაჰბარდა 2009 წლის 9 ოქტომბერს. შესაბამისად, გასაჩივრების ბოლო ვადას წარმოადგენდა 2009 წლის 23 ოქტომბერი. მან კი სააპელაციო საჩივარი შეიტანა 27 ოქტომბერს, 4 დღის დაგვიანებით.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შპს “ს-მა” სააპელაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილ ვადაში _ 2009 წლის 23 ოქტომბერს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შპს “ს-მა” ვერ დაადასტურა სააპელაციო საჩივრის დროულად ჩაბარება ფოსტაში, კერძოდ ის, რომ მათ ფოსტის მეშვეობით გააგზავნეს სააპელაციო საჩივარი 2009 წლის 23 ოქტომბერს. აღნიშნულის დამამტკიცებელი დოკუმენტი მათ არ წარმოუდგენიათ.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან შპს „ს-ს“ სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით, მაგრამ სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2009 წლის 27 ოქტომბერს, ანუ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 _ დღიანი ვადის დარღვევით, სააპელაციო სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “ს-ის” დირექტორ მ. კ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 19 ნოემბრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.