Facebook Twitter

საქმე ¹ას-1250-1509-09 1 მარტი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ლ. ლაზარაშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. მ-ძეE (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. მ-ია, ლ. ც-შვილი, ვ. კ-ავა-გ-ია (ლ. პ-იას უფლებამონაცვლე), კ. ჭ-ია, მ. ფ-ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინებები _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სანოტარო აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. მ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. მ-იას, ლ. ც-შვილისა და ქ.ზუგდიდის ნოტარიუს მ. ფ-ძის მიმართ 2006 წლის 22 აპრილის ¹1-303 და 11 მაისის ¹1-3019 სანოტარო აქტების ბათილად ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2006 წლის 8 თებერვალს აწ გარდაცვლილმა ლ. პ-იამ მოსარჩელის სახელზე გასცა ¹1-141 მინდობილობა უძრავი ნივთის გადაფორმების შესახებ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული მინდობილობა ნოტარიუსის შემცვლელმა ა.მ-იამ 2006 წლის 22 აპრილის ¹1-303 სანოტარო აქტით უკანონოდ გააუქმა, ხოლო 2006 წლის 11 მაისს ნოტარიუს ლ.ც-შვილის მიერ ¹1-3019 სანოტარო აქტით დამოწმებულ იქნა ახალი მინდობილობა. ამ დროისათვის ლ.პ-იას პირადობის მოწმობა ინახებოდა მოსარჩელესთან და იგი ნოტარიუსთან წარდგენილი ვერ იქნებოდა.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 მაისის განჩინებით დავაში თანამოპასუხეებად ჩაებნენ ლ. პ-იას უფლებამონაცვლეები _ ვ. კ-ავა-გ-ია და კ. ჭ-ია. ამავე სასამართლოს 2009 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. მ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ნოემბრის განჩინებით მ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

მ. მ-ძემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2009 წლის 24 ნოემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობების გასწორება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 დეკემბრის განჩინებით განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამავე სასამართლოს 2009 წლის 24 ნოემბრის განჩინების აღწერილობით ნაწილში დაშვებული მექანიკური უსწორობა გასწორდა და ნაცვლად _ “2009 წლის 24 თებერვალს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ. მ-ძემ, მოპასუხეებად დაასახელა ლ. (თ.) ცაიშვილი, ა. მ-ია, მ. ფ-ძე, ვ. კ-ავა-გ-ია, კ. ჭ-ია” მიეთითა, რომ “2009 წლის 24 თებერვალს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ. მ-ძემ, მოპასუხეებად დაასახელა ლ. ც-შვილი, ა. მ-ია...”, მ.მ-ძის მოთხოვნა სხვა უსწორობათა გასწორებაზე არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით და მიიჩნია, რომ სასარჩელო განცხადების თანახმად მ.მ-ძემ მოპასუხეებად დაასახელა მხოლოდ ა.მ-ია და ლ.ც-შვილი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ნოემბრის განჩინების აღწერილობით ნაწილში კი მ.მ-ძის მოპასუხეებად მითითებული სხვა პირები საქმეში მოგვიანებით სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩაებნენ. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს, ხოლო დანარჩენ ნაწილში მ.მ-ძის განცხადება დაუსაბუთებელია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ.მ-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა განცხადება დაშვებული უსწორობის გასწორებაზე, ასევე 2009 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებასა და ამავე წლის 24 ნოემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობების გასწორების საკითხის გადაწყვეტამდე საქმის წარმოების შეჩერება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა მ.მ-ძის განცხადებაში მითითებული არგუმენტები და არ გაასწორა დაშვებული უზუსტობანი, კერძოდ: 2009 წლის 24 ნოემბრის განჩინებაში სააპელაციო პალატის მითითებით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ ა.მ-იას მიერ ¹1-303 სანოტარო აქტით დამოწმებულ იქნა ლ.პ-იას ნება მ.მ-ძის სახელზე გაცემული რწმუნებულების გაუქმების შესახებ, ხოლო ¹1-3019 სანოტარო აქტით თ.ც-შვილმა დაამოწმა ლ.პ-იას მიერ კ.ჭ-იას სახელზე გაცემული ახალი რწმუნებულება. ამავე განჩინებაში სასამართლო არასწორად უთითებს, რომ სადავო სანოტარო აქტების შედგენის დროს ლ. პ-იას პირადობის მოწმობა ნივთმტკიცების სახით დართული იყო სისხლის სამართლის საქმეზე და, შესაბამისად, ნოტარიუსთან წარდგენილი არ ყოფილა. მ.მ-ძემ ჯერ კიდევ 2009 წლის 17 აგვისტოს განცხადებით მოითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებაში დაშვებული ამ უსწორობის გასწორება იმ მოტივით, რომ ზემოხსენებული გარემოების დადგენილად ცნობა არ არის სწორი, რადგან ამ დროისათვის ლ.პ-იას პირადობის მოწმობა მ.მ-ძესთან ინახებოდა. აღნიშნულ განცხადებას რეაგირება არ მოჰყოლია. 2009 წლის 24 ნოემბრის განჩინებაში სააპელაციო პალატამ შეცდომით აღნიშნა, რომ მოცემული დავის განსჯადობის საკითხზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მ. მ-ძემ, რაც არასწორია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი ითვალისწინებს რა სამართალწარმოების პროცესში საპროცესო დოკუმენტების შედგენისას გარკვეული უზუსტობის არსებობას, შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საკუთარი სურვილით ან მხარის მოთხოვნით გამოასწოროს გადაწყვეტილებაში არსებული შეცდომები. ამავდროულად, აღნიშნული ნორმის მიზანია, აღმოიფხვრას ისეთი უსწორობანი, რომელთაც შეუძლიათYარსებითად იმოქმედონ საქმის გადაწყვეტისა თუ ცალკეული საპროცესო მოქედებების სწორად შესრულების სამართლებრივ შედეგზე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მ.მ-ძის მოთხოვნა არ შეესაბამება ზემოხსენებული ნორმით განსაზღვრული უსწორობის გასწორების წესს, რადგან მხარეს არ მიუთითებია სასამართლოს მიერ დაშვებულ უსწორობაზე, კერძოდ:

სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 24 ნოემბრის განჩინებაში დაშვებულ უსწორობად მ.მ-ძე მიიჩნევს ამ განჩინების აღწერილობით ნაწილში სააპელაციო პალატის მითითებას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე (ლ.პ-იას მიერ მ.მ-ძის სახელზე გაცემული მინდობილობის გაუქმებისა და ახალი მინდობილობის კ.ჭ-იას სახელზე გაცემის შესახებ, ასევე სადავო სანოტარო აქტების გაფორმებისას ლ.პ-იას პირადობის მიწმობის ნოტარიუსისათვის წარდგენის თაობაზე, რაც დასტურდება სისხლის სამართლის საქმის მასალებით) და თვლის, რომ დასახელებული გარემოებანი სააპელაციო პალატამ არასწორად გაიზიარა. სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 24 ნოემბრის განჩინებით მ.მ-ძის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეცა ადმინისტრაციულ სასამართლოს. მითითებული განჩინების აღწერილობით ნაწილში დასახელებულია ის გარემოებები, რაც დადგინდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. ამდენად, უსწორობის გასწორების შესახებ პრეტენზიის წარდგენით მ.მ-ძე ფაქტობრივად სადავოდ ხდის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ დავის არსებითად განხილვის შედეგად გამოტანილი 2009 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ დასაბუთებას, რაც დასაშვებია არა უსწორობის გასწორების შესახებ განცხადების, არამედ სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლი).

ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 24 ნოემბრის განჩინებაში მოცემული დავის განსჯადობის საკითხის გახილვის შესახებ შუამდგომლობის ავტორად მ.მ-ძე არასწორად იქნა მითითებული. როგორც ზემოხსენებულ განჩინებაში, ისე 2009 წლის 24 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმში ნათლადაა აღნიშნული, რომ საქმის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით განხილვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა აპელანტ მ.მ-ძის მოწინააღმდეგე მხარემ, შესაბამისად, მხარის ზემოხსენებული მითითება სინამდვილეს არ შეესაბამება. ამასთან, განსჯადობის საკითხის გარკვევა სასამართლოს კომპეტენციაა და სასამართლო, მხარეთა შუამდგომლობის გარეშეც ვალდებულია, შეამოწმოს განსახილველი სარჩელის განსჯადობა.

რაც შეეხება მ.მ-ძის მოთხოვნას საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, აღნიშნული ვერ დაკმაყოფილება, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-280-ე მუხლებით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეჩერების სამართლებრივი წანამძღვრები მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.