¹ას-1253-1512-09 3 თებერვალი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) _ შპს “ .. ..”
მოწინააღმდეგე მხარე _ რ. პ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 8 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელით მიმართა რ. პ-შვილმა მოპასუხე შპს „ .. ..-ის“ მიმართ.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2006 წლის 7 ნოემბერს მისმა შვილმა მ. პ-შვილმა სამზარეულოს მაგიდიდან მდუღარე წყლით სავსე ქვაბი შემთხვევით გადმოაგდო, რის შედეგადაც მიიღო დამწვრობა ტანისა და ფეხის არეში. ბავშვი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ხაშურის საავადმყოფოში, სადაც გაუწიეს პირველადი დახმარება. შემდეგ გადაიყვანეს დამწვრობის ცენტრში, სადაც ექიმის დანიშნულებით გაუკეთდა პრეპარატი “სუმადედი”, რის შედეგადაც ბავშვმა დაკარგა მგრძნობელობა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და გარდაიცვალა. მოსარჩელემ მოითხოვა მ. პ-შვილის დაკრძალვის, ორმოცის, წლისთავის, საფლავის ქვის დამზადების ხარჯის _ 8 510 ლარისა და მორალური ზიანის _ 5 000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება (ტომი I, ს.ფ. 1-10).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. პ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს “ .. ..-ს” რ. პ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა დაკრძალვის ხარჯების _ 8 510 ლარის გადახდა, მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტომი I, ს.ფ. 105-110).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ .. ..-მა“, რომელმაც მოითხოვა აღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი I, ს.ფ. 114-127).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 აპრილის განჩინებით შპს „ .. ..-ის“ სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, აპელანტს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღეში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა 340.40 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ტომი I, ს.ფ. 130-132).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 მაისის განჩინებით შპს „ .. ..-ის“ სააპელაციო საჩივარი დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი.
სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ზემომითითებული განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ აპელანტს სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 აპრილის განჩინება ხარვეზის შევსების თაობაზე ჩაჰბარდა 2009 წლის 24 აპრილს. ამ განჩინების შესაბამისად მას სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი უნდა შეევსო განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, ე.ი. 2009 წლის 4 მაისის ჩათვლით. განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, აგრეთვე სამოქალაქო კოდექსის 59-ე, 63-ე, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 374-ე მუხლების შესაბამისად, შპს „ .. ..-ის“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა (ტომი I, ს.ფ. 135-137).
სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 21 მაისის განჩინება შპს „ .. ..-მა“ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ მოპასუხე იურიდიული პირის საამისოდ უფლებამოსილ პირს, კერძოდ, მის აღმასრულებელ დირექტორ ბ. ი-შვილს არ ჩაჰბარებია. განჩინება მიიღო ცენტრის დირექტორის მოადგილე ნ. გ-შვილმა, რომელსაც არ ჰქონდა აღნიშნული სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლობითი უფლებამოსილება და ამდენად, ამ განჩინების შესახებაც მათთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც გაეცნენ 2009 წლის 21 მაისის განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. ამის შემდეგ, მეორე დღესვე, დაუკავშირდენენ ადვოკატს, რომლისგანაც შეიტყვეს, რომ განჩინება მიუღია დირექტორის მოადგილე ნ. გ-შვილს, რომელსაც იგი გადაუცია ბუღალტერიისთვის და, შესაბამისად, თანხა გადაურიცხავთ შესაბამის საბანკო ანგარიშზე, თუმცა განჩინების შესახებ 27 მაისამდე მათთვის არ ყოფილა ცნობილი. მათთვის უცნობი იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსათვის წარდგენის ვალდებულების შესახებც, ბუღალტერიამ კი აღნიშნული დავალება შესრულებულად მიიჩნია შესაბამის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
კერძო საჩივრის ავტორმა საჩივარს თან დაურთო შპს „ .. ..-ის“ დირექტორის მოადგილე ნ. გ-შვილის ახსნა-განმარტება და სახელმწიფო ბაჟის 2009 წლის 27 აპრილს (სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი (ტომი I, ს.ფ. 139-140, 141, 153).
საბოლოოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივლისის განჩინებით შპს “ .. ..-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 მაისის განჩინება (ტომი I, ს.ფ. 169-173).
2009 წლის 19 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა შპს “ .. ..-მა”, რომელმაც მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმეზე წარმოების განახლება და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2009 წლის 21 მაისის განჩინების გაუქმება.
განმცხადებლის მითითებით, მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოში წარუდგენლობა, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც შემდგომ გამოირკვა, დანიშნულ ვადაში აპელანტმა სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა. შესაბამისად, მოთხოვნა, რის გამოც სააპელაციო საჩივარს ხარვეზი დაუდგინდა, დადგენილ ვადაში დაკმაყოფილებული იყო და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებასა და მის განხილვაზე უარის თქმის არანაირი წინაპირობა აღარ არსებობდა.
განმცხადებლის მოსაზრებით, მხედველობაში იყო მისაღები ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ მოპასუხე იურიდიული პირის საამისოდ უფლებამოსილ პირს, კერძოდ, მის აღმასრულებელ დირექტორ ბ. ი-შვილს არ ჩაჰბარებია. ეს უკანასკნელი ხარვეზის შესახებ განჩინებას გაეცნო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების განჩინებასთან ერთად. ამ დროს გამოირკვა, რომ ხარვეზის განჩინება მიუღია ცენტრის დირექტორის მოადგილე ნ. გ-შვილს, რომელსაც არ ჰქონდა აღნიშნული სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. შპს “ .. ..-ის” ადვოკატთთან დაკავშირების შემდეგ ცენტრის დირექტორისათვის ცნობილი გახდა, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესახებ განჩინება მიუღია დირექტორის მოადგილე ნ. გ-შვილს, რომელსაც იგი გადაუცია ბუღალტერისათვის. მართალია, ამ უკანასკნელმა მოახდინა სახელმწიფო ბაჟის შესაბამის ანგარიშზე გადარიცხვა, თუმცა განჩინებით გათვალისწინებული ვალდებულება, რაც მდგომარეობდა ბაჟის გადახდის ქვითრის სასამართლოსათვის წარდგენაში, აპელანტს არ შეუსრულებია, რამდენადაც საამისოდ უფლებამოსილი პირი აღნიშნული ვალდებულების შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა.
განმცხადებელმა საქმეზე წარმოების განახლების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად დაასახელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ”ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას (ტომი II, ს.ფ. 3-5).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ნოემბრის განჩინებით შპს “ .. ..-ის” განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით (თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას) საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. კანონის დასახელებული ნორმის თანახმად, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ ორი ძირითადი პირობის არსებობისას, კერძოდ, ახლად აღმოჩენილი გარემოება უნდა არსებობდეს გადაწყვეტილების გამოტანამდე და მეორე, განმცხადებლისათვის ამ ფაქტის თაობაზე მოგვიანებით გახდეს ცნობილი და მას ბრალის გარეშე, საქმის სასამართლოში განხილვის დროს არ უნდა შეეძლოს ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე მითითება.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში ახლად აღმოჩენილ გარემოებას არ წარმოადგენდა ის ფაქტები, რაზეც განმცხადებელი უთითებდა, რადგან აღნიშნული გარემოებები მის მიერ უკვე იყო აღნიშნული კერძო საჩივარში, რომლითაც გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 მაისის განჩინება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2009 წლის 23 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა, ანუ საკასაციო სასამართლომ უკვე იმსჯელა განცხადებაში მოყვანილ გარემოებებზე. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ახლად აღმოჩენილ გარემოებებზე მითითება შეუსაბამო იყო (ტომი II, ს.ფ. 27-30).
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს “ .. ..-მა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმეზე წარმოების განახლების შესახებ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები განაპირობებდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმებას, კერძოდ, იგი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ მოპასუხე იურიდიული პირის საამისოდ უფლებამოსილ პირს _ აღმასრულებელ დირექტორ ბ. ი-შვილს არ ჩაჰბარებია. ეს უკანასკნელი ხარვეზის შესახებ განჩინებას გაეცნო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების განჩინებასთან ერთად. ამ დროს გამოირკვა, რომ ხარვეზის განჩინება მიუღია ცენტრის დირექტორის მოადგილე ნ. გ-შვილს, რომელსაც არ ჰქონდა აღნიშნული სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. შპს “ .. ..-ის” ადვოკატთთან დაკავშირების შემდეგ ცენტრის დირექტორისათვის ცნობილი გახდა, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესახებ განჩინება მიუღია დირექტორის მოადგილე ნ. გ-შვილს, რომელსაც იგი გადაუცია ბუღალტერისათვის. მართალია, ამ უკანასკნელმა მოახდინა სახელმწიფო ბაჟის შესაბამის ანგარიშზე გადარიცხვა, თუმცა განჩინებით გათვალისწინებული ვალდებულება, რაც მდგომარეობდა ბაჟის გადახდის ქვითრის სასამართლოსათვის წარდგენაში, აპელანტს არ შეუსრულებია, რამდენადაც საამისოდ უფლებამოსილი პირი აღნიშნული ვალდებულების შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა.
კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული სააპელაციო სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო და საქმეზე წარმოების განახლების საკითხის გადაწყვეტისას გაეთვალისწინებინა, რაც მას არ განუხორციელებია (ტომი II, ს.ფ. 36-38).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ნოემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას უკავშირებს მხარის მიერ ისეთი ახალი გარემოებების ან მტკიცებულებების გაცნობას, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე საპროცესო ნორმის მე-3 ნაწილი დასახელებული საფუძვლით საქმის წარმოების განახლებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. კანონმდებელი ახლად აღმოჩენილად არ განიხილავს იმ გარემოებებს, რომლებზეც საქმის წარმოების დასრულებამდე მხარემ მიუთითა, ხოლო სასამართლომ მათ შესახებ უკვე იმსჯელა.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე წარმოების განახლებას განმცხადებელი უკავშირებს ხარვეზის შევსების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების არაუფლებამოსილი პირისათვის ჩაბარებას, აგრეთვე, უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამისი საპროცესო ვალდებულების თავის დროზე არცოდნას, რამაც, განმცხადებლის აზრით, ხარვეზის დროულად შეუვსებლობა და მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა.
საქმის მასალების თანახმად, 2009 წლის 29 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი კერძო საჩივრით, რომლითაც შპს “ .. ..” მოითხოვდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 21 მაისის განჩინების გაუქმებას, კერძო საჩივრის ავტორი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად სწორედ განცხადებაში მოყვანილ, ზემომითითებულ ფაქტებზე მიუთითებდა (ტომი I, ს.ფ. 139-140). საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივლისის განჩინებით, აღნიშნული კერძო საჩივრის განხილვის შედეგად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 მაისის განჩინება დარჩა უცვლელი (ტომი I, ს.ფ. 164-173). აქედან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საქმეზე წარმოების დასრულებამდე განცხადებაში მითითებული გარემოებების სასამართლოს მიერ შეფასებას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საქმის წარმოების განახლების საფუძვლად განმცხადებლის მიერ კერძო საჩივარში მანამდე დასახელებულ გარემოებებზე მითითება ვერ მიიჩნევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებად და ამ მოტივით საქმის წარმოების განახლებას ვერ განაპირობებს. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “ .. ..-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ნოემბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.