Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №382აპ-20 ქ. თბილისი

ს. ი., 382აპ-20 20 ოქტომბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ს-სა და თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა სიგუას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ივლისის განაჩენით:

1.1. ი. ს-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,108-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 111,19,108-ე მუხლზე.

1.2. ი. ს., - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 8 წლით. საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ ი. ს-ს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის - 8 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდა განესაზღვრა აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ხონი-ქუტირი) მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა უნდა გაგრძელდეს საერთო წესით.

1.3. მსჯავრდებულ ი. ს-ს სასჯელის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 11 ნოემბრიდან.

2. წარდგენილი ბრალდების არსი:

2.1. 2018 წლის 11 ნოემბერს 01:00 საათზე, თ-ში, ფ-ის N--ში, ს. ვ-ის ქუჩის, №- კორპუსის, ბინა №--ში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების გამო, ურთიერშელაპარაკებისას, ი. ს-მა დანის გამოყენებით, მოკვლის განზრახვით ერთი შემავალი ჭრილობა მიაყენა კისრის მარჯვენა არეში მასთან მუდმივად მცხოვრებ სიძეს - თ. ლ-ას. აღნიშნული ქმედებით, თ. ლ-ას მიადგა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება. 2018 წლის 23 ნოემბერს, ი. ს-ის მიერ მიყენებული დაზიანების შედეგად თ. ლ. გარდაიცვალა შპს -- საავადმყოფოში.

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ:

3.1. 2018 წლის 11 ნოემბერს 01:00 საათზე, თ-ში, ფ-ის N--ში, ს. ვ-ის ქუჩის, №- კორპუსის, ბინა №--ში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების გამო, ურთიერშელაპარაკებისას, ი. ს-მა მასთან მუდმივად მცხოვრებ სიძეს (დის მეუღლეს) - თ. ლ-ას დანის გამოყენებით, მოკვლის განზრახვით, მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება - ერთი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა კისრის მარჯვენა არეში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. მსჯავრდებულის ადვოკატი საკასაციო საჩივრით ითხოვს ი. ს-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

5.1. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ი. ს-მა ჩაიდინა თ. ლ-ას განზრახ მკვლელობის მცდელობა. მოწმე მ. ს-მა განაცხადა, რომ ი. ს. უსინათლოა და აღნაგობით არის ძალიან დაბალი, ხოლო გარდაცვლილი კი საკმაოდ მაღალი იყო. აღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ ი. ს. ფიზიკურად ვერ მისწვდებოდა თ. ლ-ას (რათა მისთვის კისერში სასიკდვილო ჭრილობა მიეყენებინა). ექსპერტი და სამედიცინო პერსონალი მიუთითებს, რომ სიკვდილის მიზეზი დაუდგენელია და აღნიშნულისათვის საჭიროა სათანადო დარგის სპეციალისტების მონაწილეობით ჩატარდეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.

6. პროკურორი საკასაციო საჩივრით ითხოვს ი. ს-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,108-ე მუხლით დაკვალიფიცირებას.

6.1. ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვის ეტაპზე დაინიშნა სამედიცინო კომისიური ექსპერტიზა, რომელიც დღემდე არ არის დასრულებული. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ გარდაცვლილ თ. ლ-ას სხეულზე სხვა დაზიანება, გარდა ი. ს-ის მიერ მიყენებული დაზანებისა არ ჰქონდა და სწორედ ეს დაიზანება გახდა მისი ჯანმრთელობის გაუარესების, ხოლო შემდეგ კი სიკვდილის მიზეზი.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. მოწმეების: მ. ს-ის, თ. თ-ის, ხ. კ-ის, ს. გ-ას ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ი. ს-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,19,108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი.

10. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ი. ს-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,108-ე მუხლით ბრალად შერაცხული ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,19,108-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების თაობაზე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში გაურკვეველია გამოიწვია თუ არა ი. ს-ის მიერ მიყენებულმა დაზიანებამ პირის სიკვდილი და საკასაციო საჩივარში თავად ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ საქმეზე მიმდინარეობს კომისიური სამედიცინო ექსპერტიზა, რომლითაც უნდა დადგინდეს თ. ლ-ას გარდაცვალების მიზეზი.

11. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ დეტალურად იმსჯელა მკვლელობის განზრახვის არსებობის ფაქტზე, რასაც საკასაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს.

12. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ი. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ს-სა და თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა სიგუას საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

მ. გაბინაშვილი