Facebook Twitter

ას-1255-1103-2010 17 იანვარი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს «... ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო»

მოწინააღმდეგე მხარე _ სს «თ.»

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 17 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა სს «თ.-მ» მოპასუხე შპს «... სახალხო კლინიკური საავადმყოფოს» მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 434 851.16 ლარისა და მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის დაკისრება (ტომი 1, ს.ფ. 1-10).

2009 წლის 16 დეკემბერს სს «თ.-მ» იმავე სასამართლოში წარადგინა დაზუსტებული სარჩელი, რომელშიც მოპასუხედ დაასახელა აგრეთვე შპს «... ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო». ამჯერად, მოსარჩელემ მოითხოვა ზემოაღნიშნული თანხის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრება (ტომი 1, ს.ფ. 119-129).

2010 წლის 19 მაისს მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოში კვლავ წარადგინა დაზუსტებული სარჩელი, რომელშიც მოპასუხედ მიუთითა მხოლოდ შპს «... ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო» ( ტომი 1, ს.ფ. 371-381).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სს «თ.-ს» სარჩელი დაკმაყოფილდა: შპს «... ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოს» მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების თანხის 434 851.16 ლარის გადახდა, მასვე სს «თ.-ს» სასარგებლოდ დაევალა ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 5000 ლარის ანაზღაურება (ტომი 1, ს.ფ. 473-486).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «... ცენტრალურმა კლინიკურმა საავადმყოფომ», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი 1, ს.ფ. 491-499).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით შპს «... ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს» სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 აგვისტოს განჩინებით შპს «... ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს» სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, აპელანტს დაევალა 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 7000 ლარის გადახდა. დასახელებული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით შპს «... ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოს» გაეგზავნა 2010 წლის 13 აგვისტოს და ჩაბარდა 2010 წლის 20 აგვისტოს;

2010 წლის 30 აგვისტოს აპელანტმა სასამართლოში წარადგინა განცხადება, რომლითაც ითხოვა მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის 30 დღით გაგრძელება;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 სექტემბრის განჩინებით შპს «... ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს» განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აპელანტს ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღით;

ზემომითითებული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით შპს «... ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოს» გაეგზავნა 2010 წლის 23 სექტემბერს და ჩაბარდა 2010 წლის 24 სექტემბერს. მიუხედავად ამისა, აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და მიიჩნია, რომ შპს «... ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს» სააპელაციო საჩივარი, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა (ტომი 2, ს.ფ. 14-16).

სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინება შპს «... ცენტრალურმა კლინიკურმა საავადმყოფომ» კერძო საჩივრით გაასაჩივრა. კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნებას.

კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში _ ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. იმის გამო, რომ საავადმყოფოში მიმდინარეობდა რეკონსტრუქცია, ადგილზე კანცელარიის წარმომადგენელი ან სხვა უფლებამოსილი პირი არ იმყოფებოდა. ამიტომ განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ არ ჩაბარებია ისეთ პირს, რომელიც მას უფლებამოსილ პირს გადასცემდა. სწორედ აღნიშნულმა განაპირობა აპელანტის მხრიდან ხარვეზის შეუვსებლობა (ტომი 2, ს.ფ. 21).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «... ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 სექტემბრის განჩინების ასლი, რომლითაც შპს «... ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოს» გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღით, აპელანტს ჩაბარდა 2010 წლის 24 სექტემბერს. აღნიშნული დასტურდება საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე ორგანიზაციის თანამშრომლის ლ. რ-ძის ხელმოწერით და შპს «... ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს» კანცელარიის ბეჭდით (ტომი 2, ს.ფ. 98). დადგენილია ასევე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ხარვეზი (აპელანტს დაევალა 7000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა) შპს «... ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოს» არ შეუვსია.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ასლი ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს. მოცემულ შემთხვევაში გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარებულად მიჩნევის საკითხის შეფასებისას არსებითი მნიშვნელობა გააჩნია გზავნილის ჩაბარების დასტურზე შპს «... ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს» კანცელარიის ბეჭდის არსებობას. აღნიშნული ცხადყოფს, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ სასამართლო განჩინება ნამდვილად აპელანტს ჩაბარდა. აღნიშნული თვალსაზრისით საკითხის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ თავდაპირველად გამოტანილი განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ, რომლის საფუძველზეც შპს «... ცენტრალურმა კლინიკურმა საავადმყოფომ» ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ იშუამდგომლა, ჩაბარდა სწორედ იმ პიროვნებას (მდივანი ლ. რ-ძე), რომელიც ხელს აწერს სადავოდ გამხდარ ჩაბარების დასტურს (ტომი 2, ს.ფ. 3-5, 7-8).

აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება აპელანტისათვის ჩაბარებულად ითვლება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ მას სასამართლო გზავნილი არ ჩაბარებია.

სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-ე და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2010 წლის 25 სექტემბერს და დასრულდა 2010 წლის 4 ოქტომბერს. მიუხედავად ამისა, აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დატოვებას ექვემდებარება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «... ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.