ას-1256-1104-2010 31 იანვარი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – კ. ც-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ც-შვილი, შ. ქ-შვილი, ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო, საქმეთა პალატის 2010 წლის 17 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კ. ც-შვილმა სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გ. ც-შვილის, შ. ქ-შვილისა და ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და მოითხოვა კრედიტორ შ. ქ-შვილსა და მოვალე გ. ც-შვილს შორის დაწყებული სააღსრულებო წარმოების დროს, ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაყადაღებული მისი კუთვნილი პიანინოს «ფანტაზია» ყადაღისაგან გათავისუფლება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით კ. ც-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ც-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 სექტემბრის განჩინებით კ. ც-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი აუდიტის დასკვნის შესაბამისად, მიიჩნია, რომ დავის საგნის ღირებულება კანონით დადგენილ 1000 ლარზე ნაკლები იყო, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა კ. ც-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ ნივთი, რომლის ყადაღისაგან გათავისუფლებასაც ითხოვს, ნამდვილად მის საკუთრებას წარმოადგენს და, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ნივთი მესაკუთრეს უნდა დარჩეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ კ. ც-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
მითითებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრისას, სააპელაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სარჩელით, რომელშიც ჩამოყალიბებულია მოსარჩელის მოთხოვნა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებითა და კანონით. კანონი ქონებრივი დავის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის გარკვეულ შეზღუდვას აწესებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საუძვლად უთითებს მხოლოდ იმ გარემობაზე, რომ ნივთი, რომლის ყადაღისაგან გათავისუფლებასაც ითხოვს, ნამდვილად მის საკუთრებას წარმოადგენს და, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ნივთი მესაკუთრეს უნდა დარჩეს, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზირებს. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, კ. ც-შვილის სააპელაციო საჩივარი ექვემდებარებოდა თუ არა განსახილევლად დაშვებას.
საქმეში წარმოდგენილი აუდიტის დასკვნის თანახმად, ვინაიდან სადავო ნივთის ღირებულება განისაზღვრული იყო 350 ლარით, რაც არ აღემატება სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის კანონით განსაზღვრულ 1000 ლარს, ხოლო აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, კერძო საჩივრის ავტორს რაიმე დოკუმენტი სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კ. ც-შვილის სააპელაციო საჩივარი სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 სექტემბრის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ. ც-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 სექტემბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.