Facebook Twitter

ას-1257-1105-2010 10 დეკემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – 1.ლ. ა-ძე(მოპასუხე)

2.ა. ტ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ზ-შვილი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 იანვრისა და 8 ივნისის განჩინებები

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. ზ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ა-ძის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ზ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 იანვრის განჩინებით ლ. ა-ძის უფლებამონაცვლედ ჩაბმულ იქნა ა. ტ-ძე. ამავე სასამართლოს 2010 წლის 8 ივნისის განჩინებით კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 იანვრის განჩინება აპელანტის – ლ. ა-ძის უფლებამონაცვლედ ა. ტ-ძის ჩაბმის თაობაზე, შესწორდა იმგვარად, რომ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაწილში მხარედ კვლავ ლ. ა-ძე იქნა მიჩნეული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 იანვრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. ტ-ძემ. მან მიუთითა, რომ იგი პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარე არ ყოფილა, სასამართლოს მისთვის არაფერი დაუკისრებია. მოსარჩელეს იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაცია არ მოუთხოვია და შესაბამისად არც სასამართლოს დაუდგენია ბინის რეალიზაცია. ბინა, რომელი მან შეიძინა მ. მ-შვილისაგან ეკუთვნოდა ლ. ა-ძეს, რომლის გამოსახლება დღემდე ვერ მოხერხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ის ვერ ჩაითვლება ლ. ა-ძის უფლებამონაცვლედ.

ასევე ლ. ა-ძემ კერძო საჩივარი შეიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 8 ივნისის განჩინებაზე. მან მიუთითა, რომ სესხის ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო მისი საცხოვრებელი ბინა აუქციონზე შეიძინა მ. მ-შვილმა, ხოლო შემდეგში მან აღნიშნული ბინა გაასხვისა ა. ტ-ძეზე. ბინის აუქციონზე რეალიზაციით ლ. ა-ძემ ვალდებულება შეასრულა, აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი არ წარმოადგენს სათანახო მხარეს¸რომელმაც პასუხი უნდა აგოს ვალდებულების შესრულებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, კერძო საჩივარს რა მიაჩნია, რომ ა. ტ-ძისა და ლ. ა-ძის კერძო საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 იანვრის განჩინებით ლ. ა-ძის წარმომადგენელ ნ. ბ-შვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ლ. ა-ძის უფლებამონაცვლედ ჩაბმულ იქნა ა. ტ-ძე.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ა. ტ-ძე, როგორც აპელანტ ლ. ა-ძის უფლებამონაცვლეს 2010 წლის 16 თებერვალს გაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლწოს 2010 წლის 12 იანვრის განჩინება და სასამართლო უწყება 2010 წლის 3 მარტს დანიშნული პროცესის შესახებ (მე-2 ტ. ს.ფ. 133). აღნიშნული განჩინება და უწყება ჩაჰბარდა ა. ტ-ძეს 2010 წლის 17 მარტს (მე-2 ტ. ს.ფ. 136). გარდა ამისა, იგი მიწვეულ იქნა და მონაწილეობას ღებულობდა მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 მაისის სასამართლო პროცესზე (მე-2 ტ. ს.ფ. 139-142).

აღნიშნულიდან გამომდინარე, მისთვის 2010 წლის 7 მაისს ცნობილი იყო 12 იანვრის განჩინების შესახებ, რომლითაც იგი ცნობილ იქნა აპელანტ ლ. ა-ძის უფლებამონაცვლედ. მან კი აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა 2010 წლის 24 ივნისს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ა.ტ-ძემ კი კერძო საჩივარი შეიტანა კანონითა დადგენილი 12 დღიანი ვადის დარღვევით, რის გამოც მისი კერძო საჩივარი დაუშვებელია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 8 ივნისის განჩინებით ამავე სასამართლოს 2010 წლის 12 იანვრის განჩინება აპელანტ ლ. ა-ძის უფლებამონაცვლედ ა. ტ-ძის ჩაბმის თაობაზე, შესწორდა იმგვარად, რომ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაწილში მხარედ კვლავ ლ. ა-ძე იქნა ჩაბმული.

2010 წლის 11 ივნისს ლ. ა-ძემ წერილობით უარი განაცხადა აღნიშნული განჩინების გასაჩივრებაზე (მე-2 ტ. ს.ფ. 158).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება), თუ იგი არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაში შედის მისი საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო თუ იყო გასაჩივრებული გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო თუ იყო გასაჩივრებული საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ, თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) არ გაუქმებულა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში ასევე შედის, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის საკასაციო წესით გასაჩივრებაზე.

ლ. ა-ძემ უარი განაცხადა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 8 ივნისის განჩინების გასაჩივრებაზე, რაც დაადასტურა თავისი ხელმოწერით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლ. ა-ძის კერძო საჩივარი დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ა. ტ-ძისა და ლ. ა-ძის კერძო საჩივრები დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 250-ე, 264-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. ტ-ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 იანვრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;

ლ. ა-ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 8 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.