Facebook Twitter

საქმე ¹ას-126-120-2010 29 მარტი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. ჯ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ჯ-ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულების მოშლა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ჯ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ჯ-ძის მიმართ, მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლის, ქ.ბათუმში, ... ქ¹110-ში მდებარე ¹12 ბინის თავდაპირველი მესაკუთრისათვის გადაცემისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მხარეთა შორის გაფორმდა სადავო უძრავი ნივთის მართვისა და განკარგვის მინდობილობა და სანოტარო წესით დადასტურებული ნასყიდობა, რომლითაც ქ.ბათუმში, ... ქ¹110-ში მდებარე მოსარჩელის კუთვნილი ¹12 ბინა უნდა გადასულიყო მოპასუხის საკუთრებაში, თუმცა მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და ნასყიდობის თანხა არ გადაიხადა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: სინამდვილეს არ შეესაბამება მოსარჩელის მითითება, რომ მოპასუხეს ნასყიდობის საგნის ღირებულება არ გადაუხდია, ვინაიდან ივ.ჯ-ძემ ნ.ჯ-ძეს 2005 წლის 24 აგვისტოს გადაუხადა 12 000 ლარი. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 იანვრის განჩინებით ნ. ჯ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2009 წლის 3 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა 7 დღის ვადაში 480 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ხოლო ნ.ჯ-ძის შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო პალატის 2009 წლის 25 დეკემბრის განჩინებით მხარეს ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით გაუგრძელდა. საქმის მასალებით სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს გაეგზავნა და კანონის დაცვით ჩაბარდა 2009 წლის 30 დეკემბერს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტს ხარვეზი უნდა გამოესწორებინა 2010 წლის 11 იანვრის ჩათვლით, რადგან 9-10 იანვარი იყო არასამუშაო დღეები, თუმცა მხარეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია. ამდენად, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე, 374-ე მუხლებით და სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. ჯ-ძის წარმომადგენელმა დ. შ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ხარვეზის შევსების ვადის გაგძელება შემდეგი საფუძვლებით: დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, ვინაიდან ნ.ჯ-ძემ სახელმწიფო ბაჟის ნაწილი გადაიხადა და ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობასთან ერთად სააპელაციო სასამართლოს გაუგზავნა 2010 წლის 11 იანვარს, რაც დასტურდება შპს “ს. ფ.” ¹64/7 საფოსტო გზავნილით. აღნიშნული გზავნილი პალატამ დაგვიანებით მიიღო.

მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 3 დეკემბრის განჩინებით აპელანტ ნ. ჯ-ძეს დაევალა 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 480 ლარის გადახდის ქვითრის წარდგენა.

აპელანტმა იშუამდგომლა ზემოხსენებული ვადის 10 დღით გაგრძელების შესახებ, რაც სააპელაციო პალატის 2009 წლის 25 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა და მხარეს მიეცა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე ხარვეზის გამოსასწორებლად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის გაგრძელების შესახებ 2009 წლის 30 დეკემბერს ჩაბარდა აპელანტ ნ.ჯ-ძის წარმომადგენელ დ.შ-ძეს. ამავე სასამართლოს 2010 წლის 14 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:L

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ჯ-ძის წარმომადგენელ დ. შ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო განუხილველად დატოვებს სააპელაციო საჩივარს, თუ მხარე, რომელსაც კანონის მოთხონათა დაცვით ჩაბარდა სასამართლო განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ, პალატის მიერ მითითებულ ვადაში ხარვეზს არ გამოასწორებს.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად მიუთითა, რომ სააპელაციო პალატის 2009 წლის 25 დეკემბრის განჩინება ნ.ჯ-ძის სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის გამოსწორების ვადის 10 დღით გაგრძელების შესახებ აპელანტის წარმომადგენელს ჩაბარდა 2009 წლის 30 დეკემბერს, შესაბამისად, მხარეს ხარვეზის გამოსწორება შეეძლო 2010 წლის 11 იანვრის ჩათვლით, ვინაიდან 9-10 იანვარი არასამუშაო დღეებს წარმოადგენდა.

მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ ვერ გაითვალისწინა, რომ ნ.ჯ-ძემ 2010 წლის 11 იანვარს შპს “ს. ფ.” ჩააბარა განცხადება და სახელმწიფო ბაჟის ნაწილის _ 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რადგან აღნიშნული დოკუმენტები სასამართლოს მხოლოდ 2010 წლის 15 იანვარს გადაეცა.

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ნ.ჯ-ძემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი ნაწილობრივ გამოასწორა. ამავდროულად, მან მოითხოვა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად ვადის გაგრძელება. აღნიშნულ შუამდგომლობაზე სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია ზემოთ მითითებული მიზეზის გამო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და სააპელაციო პალატამ ნ.ჯ-ძის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხელახლა შეამოწოს მხარის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობისა და სახელმწიფო ბაჟის ნაწილობრივ გადახდის გათვალისწინებით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ჯ-ძის წარმომადგენელ დ. შ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 იანვრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.