Facebook Twitter

ას-1262-1109-2010 17 იანვარი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ლ. კ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ჯ-იანი

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 28 ივნისს წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ. ჯ-იანმა მოპასუხე ლ. კ-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის თანხის დაკისრება, აგრეთვე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მოპასუხის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია (ს.ფ. 2-10).

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ჯ-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა: ლ. კ-ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 14500 აშშ დოლარის, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 200 ლარისა და ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ხარჯების 200 ლარის გადახდა; მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში დარჩა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 ივნისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ; დადგინდა, რომ მომხდარიყო იპოთეკით დატვირთული, ლ. კ-ძის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ქონების (წყალტუბოში, ... ქ.¹3-ის ბინა 6-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა და პროპორციული წილით მიწის ნაკვეთი, სარეგისტრაციო კოდი 29.08.04.010.01.008) იძულების წესით რეალიზაცია (ს.ფ. 42-47).

რაიონული სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. კ-ძემ (ს.ფ. 53-61).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ნოემბრის განჩინებით ლ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეზე დგინდებოდა, რომ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება მოპასუხე ლ. კ-ძეს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და პირადად ჩაჰბარდა 2010 წლის 20 ოქტომბერს. ამ უკანასკნელმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2010 წლის 4 ნოემბერს, კანონით დადგენილი ვადის გადაცილებით (სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა ამოიწურა 2010 წლის 3 ნოემბერს).

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რამდენადაც ლ. კ-ძემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით, იგი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა (ს.ფ. 66-68).

ზემოაღნიშნული განჩინება ლ. კ-ძემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ 2 ნოემბერს სააპელაციო საჩივრის შესადგენად მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს იურიდიული დახმარების ცენტრს. მან ცენტრის კონსულტანტ მ.ხვადაგიანს აუხსნა ვითარება, კერძოდ, ის გარემოება, რომ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა ეწურებოდა 3 ნოემბერს. კონსულტანტმა კალენდარში გადაამოწმა თარიღები და აუხსნა, რომ საჩივრის ჩაბარების დრო 4 ნოემბერს იწურებოდა, ამასთან, დაიტოვა საბუთები და 3 ნოემბრის 17.00 საათზე დაიბარა. მითითებულ დროს იგი მივიდა კონსლუტანტთან. ეს უკანასკნელი 18.00 საათამდე კვლავ აზუსტებდა საქმესთან დაკავშირებულ საკითხებს. სამუშაო დროის დასრულების გამო მან იმ დღეს წყალტუბოს სასამართლოში საბუთები ვერ ჩააბარა და სააპელაციო საჩივარი მხოლოდ მეორე დღეს 4 ნოემბერს 10.00 საათზე შეიტანა, რა დროსაც გამოირკვა, რომ სააპელაციო საჩივარი დაგვიანებით იყო წარდგენილი. ამდენად, სააპელაციო საჩივრის შემდგენელი პირის, მ.ხვადაგიანის უპასუხისმგებლობამ გამოიწვია მისი დაზარალება (ს.ფ. 72-76).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. კ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ნოემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენელისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

საქმის მასალების თანახმად, წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილების ასლი ლ. კ-ძეს პირადად ჩაბარდა 2010 წლის 20 ოქტომბერს (ს.ფ. 51), ხოლო სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2010 წლის 4 ნოემბერს (ს.ფ. 55-63).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2010 წლის 21 ოქტომბერს და დასრულდა 2010 წლის 3 ნოემბერს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ ოთხშაბათი. დროის აღნიშნულ მონაკვეთში მოპასუხეს სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია, მან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სააპელაციო საჩივრით მიმართა დაგვიანებით _ 2010 წლის 4 ნოემბერს, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გაშვება განაპირობა იურიდიული დახმარების ცენტრის კონსულტანტის არასწორმა სამართლებრივმა რჩევამ.

კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მსჯელობას საკასაციო სასამართლო ვერ მიიჩნევს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიული ხასიათის ნორმას წარმოადგენს, რომელიც სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენას არ ითვალისწინებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

კანონის დასახელებული ნორმებიდან ასევე გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულო ის საპროცესო მოქმედებები, რომელთა შესრულების ვადებიც კანონმდებელმა დააწესა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი.თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

კანონის ზემოთ დასახელებული ნორმების შინაარსი, საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში შეფასების შედეგად, ასაბუთებს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერებას,რის შესაბამისადაც გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დატოვებას ექვემდებარება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს და უცვლელად ტოვებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. კ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ნოემბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.