¹ას-1265-1112-10 10 იანვარი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მ. სულხანიშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ბ. ს-ძე-ჯ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 25 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მომართა ბ. ჯ-შვილმა მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის მიმართ ბრძანების უკანონოდ ცნობის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
2010 წლის 10 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომაზე არასათანადო მოპასუხე შეცვლილ იქნა სათანადო მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროთი, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ სარჩელი განსახილველად, განსჯადობის წესის შესაბამისად გადაგზავნილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
საქმის განხილვისას მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნები შეამცირა და მოითხოვა მხოლოდ განაცდურის ანაზღაურება – სულ 872 ლარის ოდენობით (ს.ფ. 122).
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
2010 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ბ. ს-ძე-ჯ-შვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ს-ძე-ჯ-შვილმა და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და ორი თვის კომპენსაცია სულ 872 ლარი.
2010 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, ბ. ს-ძე-ჯ-შვილის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა, იმ მოტივით, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებს დასაშვებობის პირობებს, კერძოდ საჩივრის ღირებულება შეადგენს 872 ლარს. საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის მიხედვით კი საჩივრის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ნოემბრის განჩინებაზე ბ. ს-ძე-ჯ-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი.
კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ მისი თავდაპირველი მოთხოვნა შეადგენდა მოპასუხისათვის 1201 ლარის დაკისრებას. იგი წავიდა დათმობაზე და დათანხმდა მხოლოდ 872 ლარს, რაც არ აღმოჩნდა საკმარისი სააპელაციო საჩივრის განსახილველად, ამიტომ ბ. ს-ძე-ჯ-შვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ნოემბრის განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის გაზრდა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მერაბ ჯავოევის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად: „კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივარს არ დააკმაყოფილებს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კერძო საჩივარი თუ მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება არასწორია.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 ნოემბრის განჩინება სრულიად კანონიერია.
საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმის სასამართლო წესით განხილვისას მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნები შეამცირა და მოითხოვა მხოლოდ განაცდურის ანაზღაურება – სულ 872 ლარის ოდენობით (ს.ფ. 122). შესაბამისად, სააპელაციო საჩივარში დავის საგნის ღირებულებამ შეადგინა 872 ლარი, რაც არასაკმარისია სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისთვის და საფუველია საჩივრის განუხილველად დატოვებისა გამომდინარე საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილიდან.
საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე თვითონ განსაზღვრა დავის საგნის ღირებულება და სასამართლო ვალდებულია მოთხოვნის ფარგლებში განიხილოს საქმე.
რაც შეეხება კერძო საჩივრით სასარჩელო მოთხოვნის გაზრდას და ნაცვლად 872 ლარისა მოპასუხისათვის 1201 ლარის დაკისრებას, აღნიშნულის მოთხოვნა დაუშვებელია, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 406-ე მუხლის თანახმად დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 365-ე, 374-ე, მე-3, 406-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. ს-ძე-ჯ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.