¹ას-1267-1525-09 11 მარტი, 2010წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ფ. ჭ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ჭ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით გ. ჭ-შვილის სარჩელი ფ. ჭ-შვილის მიმართ საკუთრების უფლების აღიარების შესახებ დაკმაყოფილდა, აღიარებულ იქნა გ. ჭ-შვილის საკუთრების უფლება გურჯაანის რაიონის სოფელ ... მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე და მას მიეკუთვნა მითითებული ფართი.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ფ. ჭ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 სექტემბრის განჩინებით ფ. ჭ-შვილის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით საქმის ზეპირი განხილვა დაინიშნა 2009 წლის 11 ნოემბერს 14.00 საათზე, რის შესახებაც კანონით დადგენილი წესით ეცნობათ მხარეებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, მოწინააღმდეგე მხარის _ გ. ჭ-შვილის წარმომადგენელ თ. რ-ძის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს მთავარ სხდომაზე ფ. ჭ-შვილის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რომელზეც კერძო საჩივარი შეიტანა ფ. ჭ-შვილმა. კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება იმ საფუძვლით, რომ 2009 წლის 10 ნოემბერს ღამით ჰქონდა თიაქრის მძიმე შეტევა, რისა გამოც მეორე დღეს ვერ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე,რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა სს “გურჯაანის რაიონული საავადმყოფოს” მიერ გაცემული სამედიცინო ცნობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ფ. ჭ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფიელბაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილევლად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ფ. ჭ-შვილს სასამართლო უწყება სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და ჩაჰბარდა, კერძოდ პირადად ჩაჰბარდა 2009 წლის 21 ოქტომბერს (ტ.II ს.ფ. 34), თუმცა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც რაიმე საპატიო მიზეზი გამოუცხადებლობის შესახებ ან საქმის განხილვის გადადების თაობაზე სასამართლოსათვის არ უცნობებია.
ასევე დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარემ არ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილევლად დატოვების თაობაზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის, ფ. ჭ-შვილის განმარტება იმის თაობაზე, რომ იგი ავადმყოფობის გამო (თიაქრის შეტევის გამო) ვერ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, ვერ გახდება საფუძველი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობის ან განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე მისი გამოცხადების შეუძლებლობაზე. კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობას კი, საკასაციო პალატა ვერ განიხილავს მისი პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, ვინაიდან აღნიშნული ცნობით არ დასტურდება ფ. ჭ-შვილის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობა. ამასთან, სამედიცინო ცნობა არ პასუხობს ზემოთ მითითებული ნორმის მოთხოვნას, იგი შედგენილია მკურნალი ექიმის მიერ და მას ხელს არ აწერს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, სასამართლო სხდომაზე ფ. ჭ-შვილის გამოუცხადებლობის გამო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად, და, შესაბამისად, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ფ. ჭ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ნოემბრის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.