Facebook Twitter

¹ას-1270-1528-09 18 იანვარი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ლ. ც-აია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ყ.-ი”, სს “თ.-ი” (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი _ საშვებულებო თანხის ანაზღაურება

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 2 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ლ. ც-აიამ მოპასუხეების _ შპს “ყ.-ისა” და სს “თ.-ის” მიმართ კუთვნილი გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების მოთხოვნით.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე 2004 წლის თებერვლიდან მუშაობდა სს “თ.-ის” ... რაიონულ სადისტრიბუციო ცენტრში წამკითხველ-კონტროლიორად. 2006 წლიდან სს “თ.-ის” მესაკუთრე გახდა შპს “ყ.-ი”, სადაც განაგრძო მუშაობა მოსარჩელემ. 2008 წლის 2 მარტიდან მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება შრომის კოდექსის 37-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო. მოსარჩელის მითითებით, სს “თ.-სა” და შპს “ყ.-ში” მუშაობის განმავლობაში მას არ უსარგებლია შვებულებით იმის გამო, რომ დამსაქმებელთა მხრიდან იკრძალებოდა ამის მოთხოვნა, თუმცა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო კუთვნილი შვებულებით სარგებლობის უფლება. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ სს “თ.-ს” უნდა დაკისრებოდა 2004 და 2005 წლების გამოუყენებელი საშვებულებო თანხა 756 ლარის, ხოლო შპს “ყ.-ს” _ 2006 და 2007 წლების გამოუყენებელი საშვებულებო თანხა 944 ლარის ოდენობით (ს.ფ. 1-10).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2009 წლის 30 ოქტომბერს გამოიტანა გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა სს “თ.-ის” მიმართ საშვებულებო თანხის 756 ლარის ოდენობით ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა, ხოლო არსებითი გადაწყვეტილებით მოთხოვნა შპს “ყ.-ის” მიმართ 944 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე 2004 წლის თებერვლიდან 2006 წლის პირველ ივნისამდე პერიოდში მუშაობდა სს “თ.-სში”, ხოლო 2006 წლიდან 2007 წლის 2 მარტამდე _ შპს “ყ.-ში” და ამ ხნის განმავლობაში მას კუთვნილი შვებულებით არ უსარგებლია. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა მითითებული და წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, ემსჯელა მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს შრომის კოდექსი და მხარესთან გაფორმებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა საშვებულებო თანხის ანაზღაურებას იმ შემთხვევისათვის, თუ პირი არ სარგებლობდა კუთვნილი ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით (ს.ფ. 119-125).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ც-აიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და კუთვნილი გამოუყენებელი შვებულების სრულად ანაზღაურება 1700 ლარის ოდენობით. აპელანტი მიუთითებდა, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (ს.ფ. 132-142).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 დეკემბრის განჩინებით ლ. ც-აიას სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

საქმეზე დგინდებოდა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილებით აპელანტის მოთხოვნა სს “თ.-ის” მიმართ 756 ლარის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა, ხოლო მოთხოვნა გამოუყენებელი საშვებულებო თანხის 944 ლარის ოდენობით შპს “ყ.-ისათვის” დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება განისაზღვრებოდა დაუკმაყოფილებელი სასარჩელო მოთხოვნის ღირებულებით, კერძოდ, 944 ლარით. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ფასი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, არ აღემატებოდა 1000 ლარს, რაც ამავე კოდექსის 365-ე მუხლის მიხედვით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა (ს.ფ. 145-147).

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ლ. ც-აიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინების კანონსაწინააღმდეგობას ასაბუთებს ის გარემოება, რომ მისი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება და არა მხოლოდ შპს “ყ.-ის” მიმართ გამოუყენებელი საშვებულებო თანხის 944 ლარის ოდენობით ანაზღაურებაზე უარის თქმა. იგი ასაჩივრებდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მთლიანად, რომელშიც დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 1.700 ლარს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი წარმოებაში უნდა ყოფილიყო მიღებული (ს.ფ. 150-151).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ც-აიას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 დეკემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ლ. ც-აიას სასარჩელო მოთხოვნა სს “თ.-ის” მიმართ 756 ლარის ოდენობით საშვებულებო თანხის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა, ხოლო მოთხოვნას შპს “ყ.-ის” მიმართ 944 ლარის ანაზღაურების შესახებ უარი ეთქვა. დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ც-აიამ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საშვებულებო თანხის სრულად ანაზღაურება 1700 ლარის ოდენობით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სს “თ.-ისათვის” 756 ლარის დაკისრების შესახებ, როგორც მოსარჩელის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება, ვერ დაექვემდებარებოდა გასაჩივრებას. მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენდა სწორედ დაუკმაყოფილებელ ნაწილში გადაწყვეტილების გასაჩივრება, მისი სააპელაციო საჩივარიც სწორედ ამ ნაწილზე შეიცავს გასაჩივრების კონკრეტულ მოტივებს. მხოლოდ სააპელაციო საჩივარში მოთხოვნის ფორმულირება იმგვარად, რომ აპელანტმა ითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება საშვებულებო თანხის 1700 ლარის ოდენობით ანაზღაურების შესახებ, არ გულისხმობს აპელანტის მიერ თავის სასარგებლოდ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას. აპელანტი ამით მხოლოდ იმაზე მიუთითებდა, რომ სურდა სარჩელის დაკმაყოფილება 944 ლარის მოთხოვნის ნაწილშიც. აქედან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 944 ლარს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება 1000 ლარს აღემატება. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. მოცემულ შემთხვევაში მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის თაობაზე, რამდენადაც აპელანტის მოთხოვნა არ აკმაყოფილებს კანონის ზემოაღნიშნული ნორმით განსაზღვრულ დასაშვებობის პირობას, კერძოდ, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საპროცესო საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. ც-აიას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 დეკემბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.