Facebook Twitter

ას-127-121-10 2 აპრილი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლ. ლაზარაშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ც-ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,თ-ი” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისი საქალაქო სასამქრთლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. ც-იას სარჩელი, სს `თ-ის” მიმართ, ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სააჩივრით გაასაჩივრა ნ. ც-იამ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 16 დეკემბრის საოქმო განჩინებით ნ. ც-იას სარჩელზე, 2003 წლის 14 აპრილს და 7 ოქტომბრის აღრიცხვიანობის აქტების ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება, სარჩელზე უარის თქმის გამო.

ასევე დადგენილია, რომ სს „თ-ის“ 2006 წლის 8 დეკემბრის აქტით ნ. ც-იას დავალიანების სახით დაერიცხა 939,56 ლარის გადახდა.

პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან აპელანტის მოთხოვნა არ აღემატებოდა 1000 ლარს, შესაბამისად ნ. ც-იას სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად დატოვებას ექვემდებარება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ც-იამ.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23 იანვრის 2009 წლის გადაწყვეტილებით (სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმით) დადგენილია, რომ მისი მოთხოვნა იყო 2006 წ. 8 დეკემბრის ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის აქტი ¹118004-ის ბათილად ცნობა. თანხა 939,56 დაერიცხა არა აღნიშნული აქტის საფუძველზე, არამედ ენერგიის აღრიცხვიანობის ოქმის საფუძველზე, რომელიც პირველი ინსტანციის საასამართლოში სადაოდ არ გაუხდია. შესაბამისად დავის საგანს წარმოადგენდა ¹118004, 2006წ. 8 დეკემბრის აქტის ბათილად ცნობა, რაც წარმოადგენს უფლებრივ დავას და არა ქონებრივ-სამართლებრივს.

კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. ც-იამ სასარჩელო განცხადებით მოითხოვა ს/ს “თ-ის” 2006 წ. 8 დეკემბრის ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის აქტი ¹118004-ის ბათილად ცნობა, უკანონოდ დარიცხული თანხის ჩამოწერა. მოსარჩელემ დავის საგნის ფასი თავად განსაზღვრა. და მიუთითა 939 ლარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ივნისის განჩინებით ნ. ც-იას სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 23 იანვრის წლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება 1000 ლარს აღემატება. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. მოცემულ შემთხვევაში მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის თაობაზე, რამდენადაც აპელანტის მოთხოვნა არ აკმაყოფილებს კანონის ზემოაღნიშნული ნორმით განსაზღვრულ დასაშვებობის პირობას, კერძოდ, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს.

კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ მისი მოთხოვნა იყო 2006 წ. 8 დეკემბრის ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის ¹118004-ის აქტის ბათილად ცნობა, რის გამოც ნ. ც-ი მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მიღებას დავის საგნის ღირებულების გაუთვალისწინებლად ექვემდებარებოდა, ვინაიდან დავა უფლებრივი ხასიათის მატერებელია.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ მითითებული აქტის ბათილად ცნობა დაკავშირებულია კონკრეტულ ქონებრივ შედეგთან კერძო საჩივრის ავტორის იურიდიული ინტერესი დავის საგნის მიმართ, სწორედ ამ აქტის საფუძველზე დარიცხული თანხის გადახდისაგან გათავისუფლებაში მდგომარეობს, რაც თავისი ბუნებით წარმოადგენს ქონებრივ-სამართლებრივ მოთხოვნას.

თვით აპელანტმა ნ. ც-იამ სააპელაციო საჩივრის ღირებულება 939 ლარად განსაზღვრა. ამდენად, კერძო საჩივარში მითითებული ეს არგუმენტი მოხმობილია მხოლოდ სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის და იგი საფუძველს მოკლებულია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების იურიდიული საფუძველი არ არსებობს, ხოლო ნ. ც-იას კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ც-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.