ას-1272-1119-2010 17 იანვარი, 2011 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ გ. ს-ძე (მოპასუხე)
წარმომადგენელი – ა. ს-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ კ. ბ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
კ. ბ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ს-ძის მიმართ 10 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ გ. ს-ძეს აქვს კ. ბ-ძის დავალიანება 10 000 აშშ დოლარი და იგი ნებაყოფლობით უარს აცხადებს ვალის გასტუმრებაზე.
მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი შემდეგი საფუძვლებით: მას მოსარჩელის წინაშე ეკისრება 5000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება, დანარჩენი თანხის ნაწილში მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან ვალის აღიარების ხელწერილი ამ ოდენობით დავალიანების არსებობის თაობაზე, მიღებულია მისი იძულებისა და მოტყუების საფუძველზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით კ. ბ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. ს-ძეს კ. ბ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 აშშ დოლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ს-ძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით გ. ს-ძის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 26 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო და აპელანტს განესაზღვრა 10 დღის ვადა ხარვეზის შესავსებად. ამავე სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის განჩინებით აღნიშნული ვადა გაგრძელდა 5 დღით და აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 400 აშშ დოლარის გადახდა, მის მიერ უკვე გადახდილი 150 ლარის გათვალისწინებით. ამავე სასამართლოს 2010 წლის 20 ივლისის განჩინებით გ. ს-ძეს კვლავ 5 დღით გაუგრძელდა დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 400 აშშ დოლარის გადახდა, მის მიერ გადახდილი 350 ლარის გათვალისწინებით. სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 20 ივლისის განჩინების ასლი აპელანტ გ. ს-ძეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ.თბილისი, ... ჩიხ ¹3-ში) გაეგზავნა ორჯერ 2010 წლის 22 ივლისსა და 2010 წლის 7 სექტემბერს. პირველი გზავნილი სასამართლოში დაბრუნდა წარწერით - ადრესატი გაყრილია თავის მეუღლესთან, რის გამოც მითითებულ მისამართზე აღარ ცხოვრობს, ხოლო მეორე გზავნილი დაბრუნდა წარწერით, რომ ადრესატი წასულია ოჯახიდან, კონტაქტი აქვს მხოლოდ შვილებთან, თუმცა არც შვილს შეატყობინა ბინის ადგილსამყოფელი. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, 74-ე მუხლით, 76-ე მუხლით, 71-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 73-ე მუხლის 11 ნაწილით და ხარვეზის შესახებ განჩინება აპელანტისათვის ჩაბარებულად მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში აპელანტისთვის ხარვეზის შევსების ვადის დინება დაიწყო 2010 წლის 9 ოქტომბრიდან და ამოიწურა 2010 წლის 13 ოქტომბერს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. ს-ძის წარმომადგენელმა ა. ს-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ივლისის განჩინება გ.ს-ძეს არ ჩაჰბარებია, შესაბამისად მისთვის შინაარსი უცნობი იყო, და ვერ შეასრულებდა განჩინებაში დადგენილ მოქმედებებს. აღნიშნული განჩინების თაობაზე გ. ს-ძისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 2010 წლის 1 დეკემბერს. განჩინებაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად აღნიშნულია, რომ 2010 წლის 20 ივლისის განჩინების ასლი სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა გ. ს-ძეს ორჯერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და გზავნილები სასამართლოს დაუბრუნდა წარწერით, რომ აპელანტი გაყრილია თავის მეუღლესთან, რის გამოც მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს, ხოლო მეორე გზავნილის შინაარსიდან ირკვევა, რომ ადრესატი წასულია ოჯახიდან, კონტაქტი აქვს მხოლოდ შვილთან, თუმცა არც შვილს შეატყობინა ბინის ადგილსამყოფელი. კერძო საჩივრის ავტორისათვის უცნობი იყო აღნიშნული გზავნილების შესახებ, ასევე უცნობი იყო, თუ ვინ მისცა გზავნილის მიმტანს ასეთი განმარტებები, მისი განზრახვა არ ყოფილა არც საქმის გაჭიანურება და არც ხარვეზის შევსებაზე უარის თქმა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ შეავსებდა ორჯერ სასამართლოს მიერ დადგენილ ხარვეზს. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ გ. ს-ძემ შეიცვალა მისამართი და ამის შესახებ არ აცნობა სასამართლოს, ასევე არ დასტურდება ის გარემოებაც, რომ მას უწყება ჩაჰბარდა სსსკ-ის 70-78 მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ს-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი, სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულშემთხვევაში სავსებით სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლი, რომლის თანახმად მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. მითითებული ნორმით კანონმდებელი დაინტერესებულ მხარეს ვალდებულებას აკისრებს, სასამართლოს აცნობოს სწორი მისამართი. აღნიშნული მოვალეობის შეუსრულებლობა კი, ფაქტობრივად, მხარეს ართმევს მისთვის მინიჭებულ საპროცესო უფლებას, მიიღოს სასამართლო უწყება ან გზავნილი. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. ს-ძეს სასამართლო გზავნილი საქმეში მითითებულ მისამართზე ორჯერ გაეგზავნა - 2010 წლის 22 ივლისსა და 2010 წლის 7 სექტემბერს, თუმცა იგი მხარეს არ ჩაჰბარდა იმ მიზეზით, რომ ადრესატი აღნიშნულ მისამართზე აღარ ცხოვრობს. გ. ს-ძეს არ შეუტყობინებია სასამართლოსათვის მისამართის შეცვლის თაობაზე, და აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ კანონიერად გააგზავნა შეტყობინება საქმეში მითითებულ მისამართზე. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გ. ს-ძისათვის ხარვეზის განჩინების ჩასაბარებლად კანონით გათვალისწინებული ღონისძიებანი შეასრულა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, გასაჩივრებული განჩინების უკანონობის თაობაზე, იმ მოტივით, რომ მხარეს ხარვეზის განჩინება სათანადო წესით არ გაგზავნია. როგორც ზემოთ აღინიშნა სააპელაციო სასამართლომ აპელანტს ხარვეზის განჩინება კანონის მოთხოვნათა დაცვით გაუგზავნა მის მიერვე მითითებულ მისამართზე. საგულისხმოა, რომ მხარე მისამართის შეცვლის ფაქტს არც კერძო საჩივრით არ ადასტურებს, ხოლო რაც შეეხება ამ მისამართზე გზავნილის ჩაუბარებლობის გამო – შედგენილ აქტებს, მასში მითითებული გარემოებების საწინააღმდეგო კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. ს-ძეს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ს-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ოქტობრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.