აქმე ¹ას-1274-1532-09 1 თებერვალი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ქ.ბათუმის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ., ლი. და ლა. ს-ძეები
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. და ლ. ს-ძეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ქ.ბათუმის მერიისა და სს “ხ-ის” მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.
მოპასუხე სს “ხ-მა” სარჩელი ცნო, ხოლო ქ.ბათუმის მერიამ მის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1997 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. და ლ. ს-ძეების სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ.ბათუმში, ... ქ¹67-ში მდებარე ორსართულიანი ქვის შენობა, რომელიც ტექბიუროს მონაცემებით სს “ბათუმის ხ-ის” სახელზე ირიცხებოდა, საკუთრების უფლებით დაუბრუნდა გ. და ლ. ს-ძეებს, ასევე შესაბამისი ცვლილება შევიდა ქ.ბათუმის მერიის ტექბიუროს მონაცემებში.
2009 წლის 10 ნოემბერს ქ.ბათუმის მერიამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ქ.ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1997 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე 2009 წლის 10 ნოემბერს შეტანილი ქ.ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დაცვის საკითხი უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების დროისათვის მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად. პალატამ იხელმძღვანელა 1997 წლის 13 აგვისტოს რედაქციის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 209-ე, 293-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1997 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ბოლო ვადას წარმოადგენა 1997 წლის 27 აგვისტო, იმ შემთხვევაში კი, თუ სასამართლო გამოიყენებდა საქართველოს სსრ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 209-ე მუხლს და, განსაკუთრებული სირთული გამო, დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას 3 დღით გადადებდა გასაჩივრების უკანასკნელ ვადას შეადგენდა 1997 წლის 30 აგვისტო. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მიხედვით, პალატამ მიიჩნია, რომ ქ.ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით, რის გამოც იგი დაუშვებელია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ქ.ბათუმის მერიამ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ქ.ბათუმის მერიამ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა დაარღვია, ვინაიდან გასაჩივრებული 1997 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილების არსებობის ფაქტი აპელანტისათვის ცნობილი გახდა მხოლოდ 2009 წელს ქ.ბათუმის, ... ქ.¹57-ის მცხოვრებთა ¹კოლ-1728 და ¹1727 განცხადებებით, რის შემდეგ მერიამ 2009 წლის 23 ოქტომბერს სასამართლოსაგან მოითხოვა მითითებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემა და ჩაიბარა იგი 2009 წლის 4 ნოემბერს. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია, შევიდა თუ არა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1997 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში და, შესაბამისად, შესაძლებელი იყო თუ არა მისი სააპელაციო წესით გასაჩივრება. ვინაიდან აპელანტს სასამართლო გადაწყვეტილება თავის დროზე კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია და არც გადაწყვეტილებით არ ირკვევა, ესწრებოდა თუ არა მოპასუხე დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა ვერ მოხდება. “საქართველოს სსრ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დამტკიცების შესახებ” 1964 წლის 26 დეკემბრის კანონის 210-ე მუხლის თანახმად, მოცემულ საქმეზე არც სააღსრულებო ფურცელი არ ამოწერილა. სააპელაციო პალატას ამავე კანონის 293-ე მუხლის დანაწესი გადაწყვეტილების საბოლოო ფორმით ჩამოყალიბების შესახებ უნდა განემარტა იმდაგვარად, რომ გადაწყვეტილების საბოლოო ფორმით ჩამოყალიბებაში კანონმდებელი ითვალისწინებდა მის წერილობით შედგენას და მხარისათვის ჩაბარებას. საქმის მასალებით არ დგინდება, შეასრულა თუ არა სასამართლომ ამავე კანონის 209-ე მუხლის მოთხოვნა გადაწყვეტილების გამოტანის წესთან დაკავშირებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 იანვრის განჩინებით აწ გარდაცვლილი გ. ს-ძის უფლებამონაცვლეებად საქმეში ჩაებნენ ლი. და ლა. ს-ძეები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ.ბათუმის მერიის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ მისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1997 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილების შესახებ მხოლოდ ქ.ბათუმის, ... ქ.¹57-ის მცხოვრებთა 2009 წლის 12 ოქტომბრის ¹კოლ-1728 და ¹1727 განცხადებებიდან გახდა ცნობილი, ქ.ბათუმის მერია აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია და არც გადაწყვეტილების ასლი არ მიუღია. ამდენად, სააპელაციო საჩივრის შეტანის სადავო ვადა უნდა აითვალოს 2009 წლის 4 ნოემბრიდან, ანუ იმ დროიდან, როდესაც მხარეს სადავო გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მითითებული ნორმის საფუძველზე, ქ.ბათუმის მერია ვალდებული იყო, დაედასტურებინა გადაწყვეტილების კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრების ფაქტი, კერძოდ, მხარეს უნდა დაემტკიცებინა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1997 წლის 13 აგვისტოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ესწრებოდა, გადაწყვეტილების ასლი 2009 წლამდე არ ჩაბარებია და ამ გადაწყვეტილების თაობაზე მისთვის ამ დრომდე არ იყო ცნობილი.
მითითებული სასამართლო გადაწყვეტილება წარმოადგენს საარქივო მასალას და, გარდა გადაწყვეტილებისა, სამოქალაქო საქმის სხვა მასალები წარმოდგენილი არ არის. აღნიშნულის გამო, კერძო საჩივრით სადავოდ გამხდარი გარემოებები უნდა შემოწმდეს წარმოდგენილი მტკიცებულების _ სასამართლო გადაწყვეტილების ფარგლებში.
1997 წლის 13 აგვისტოს სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ქ.ბათუმის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო. ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლო უთითებს მერიის წარმომადგენლის ჩვენებაზე. აღნიშნული ფაქტებით დასტურდება, რომ ქ.ბათუმის მერიისათვის ცნობილი იყო დავაზე არსებული სამოქალაქო სამართალწარმოების შესახებ და ასევე დგინდება, რომ იგი მონაწილეობდა მოცემული საქმის განხილვაში. მითითებული დადგენილი გარემოება საკმარის საფუძველს წარმოადგენს დასკვნისათვის, რომ მოპასუხე ქ.ბათუმის მერიის წარმომადგენელი იღებდა რა მონაწილეობას საქმის განხილვაში, ესწრებოდა 1997 წლის 13 აგვისტოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებასაც. მხარეს ამ გარემოების საწინააღმდეგოდ, გარდა თავისი განმარტებისა, რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია და, როგორც ზემოთ აღინიშნა, ასეთი გარემოების მტკიცება მხარის საპროცესო მოვალეობას წარმოადგენს.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ დავაში კერძო საჩივრის ავტორი _ ქ.ბათუმის მერია წარმოადგენდა მოპასუხეს, შესაბამისად, პროცესუალურად საქმის შედეგით დაინტერესებულ პირს. მისი საქმის განხილვაში მონაწილეობა (განმარტების წარდგენით) სადავო გადაწყვეტილებით დადასტურებულია და, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებაზე დაუსწრებლობის შემთხვევაშიც, საქმის შედეგით დაინტერესებულ მხარეს სასამართლოს ან თავისი ინიციატივით დროულად (და არა 12 წლის შემდეგ) ეცნობებოდა საქმის შედეგი.
ამ დასკვნის საფუძველს იძლევა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1997 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსი, რომლის 209-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილება საქმის განხილვის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოტანილი. გამონაკლის შემთხვევაში განსაკუთრებით რთული საქმეების მიმართ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანა შეიძლება გადადებულ იქნეს ვადით არა უმეტეს სამი დღისა, მაგრამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი სასამართლომ უნდა გამოაცხადოს იმავე სხდომაზე, რომელზედაც დამთავრდა საქმის განხილვა. საგულისხმოა, რომ ამავე კოდექსის 230-ე მუხლით, მხარეებსა და საქმეში მონაწილე სხვა პირებს, რომლებიც არ გამოცხადდნენ სამსჯავრო სხდომაზე, ეგზავნებათ სასამართლოს გადაწყვეტილებისა და განჩინების პირები არა უგვიანეს სამი დღისა გადაწყვეტილების ან განჩინების გამოტანის დღიდან. მითითებული ნორმების ანალიზით, არსებობს პრეზუმფცია, რომ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას დაცული იყო იმ დროს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმპერატიული მოთხოვნები _ სადავო გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა მოდავე მხარის წარმომადგენელი, წინააღმდეგ შემთხვევაში მას გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს სამი დღისა გაეგზავნებოდა გადაწყვეტილების ასლი. როგორც ზემოთ აღინიშნა, მხარემ ამ გარემოების საწინააღმდეგოდ რაიმე მტკიცებულებაზე ვერ მიუთითა. ამავე კოდექსის 293-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ან პროტესტის შეტანა შეიძლება თოთხმეტი დღის განმავლობაში სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების საბოლოო ფორმით მიღების დღიდან. საჩივარი ან პროტესტი, რომელიც შეტანილია აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება და უბრუნდება საჩივრის ან პროტესტის შემტან პირს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უკიდურესი ვადა ამ გადაწყვეტილების გამოტანის მესამე დღიდან _ 1997 წლის 16 აგვისტოდან უნდა აითვალოს და იგი ამოიწურა 1997 წლის 30 ივლისს. მხარემ კი სააპელაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის _ 14 დღის გასვლის შემდეგ, 2009 წლის 10 ნოემბერს. ყურადსაღებია, რომ სადავო გადაწყვეტილების გამოტანიდან გასულია 12 წელი.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს არ წარმოადგენს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ პალატას უნდა ემსჯელა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1997 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის საკითხზე და გაეთვალისწინებინა, რომ მის აღსასრულებლად სააღსრულებო ფურცელი არ გაცემულა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის შემდეგ სასამართლო იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს, რა დროსაც შემოიფარგლება სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ან დაუშვებლად ცნობისათვის საჭირო კანონით კონკრეტულად განსაზღვრული პროცესუალური საკითხების გამოკვლევით და არ არის ვალდებული აღნიშნულ ფარგლებს გარეთ რაიმე სხვა გარემოებებზე იმსჯელოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ.ბათუმის მერიის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.