¹ას-1278-1535-09 1 მარტი, 2010 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლ. ლაზარაშვილი, ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. გ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 23 მარტს მ. გ-შვილის წარმომადგენელმა თ. ჯ-ძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელის წინასწარი უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა, თ. მ-იასა და ნ. ბ-ვიჩის კუთვნილი ქონებისათვის ყადაღის დადების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 2 აპრილის განჩინებით მ. გ-შვილის წარმომადგენელ თ. ჯ-ძის განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო ქ. თბილისში, ... ქუჩა ¹19-ში მდებარე უძრავი ქონების ნ. ბ-ვიჩსა და თ. მ-იას სახელზე რეგისტრირებულ 46,3 %-იან წილს, ასევე ქ. თბილისში, ...... ქუჩა ¹8-ში მდებარე ¹10 ბინის თ. მ-იას სახელზე რეგისტრირებულ 65 კვ.მ ფართობს.
2009 წლის 8 აპრილს მ. გ-შვილმა სარჩელი აღძრა, მოპასუხეებად ნ. ბ-ვიჩი და თ. მ-ია დაასახელა. მოსარჩელემ მოპასუხეებს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ქ. თბილისში, ..... მე-2 შესახვევის ¹5-ში მდებარე 56 კვ.მ საცხოვრებელი ფართის მისთვის გადაცემა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. გ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და იმავე სასამართლოს 2009 2 აპრილის განჩინებით დადგენილი სარჩელის უზურნველყოფის ღონისძიება გაუქმდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მ. გ-შვილმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 დეკემბრის განჩინებით მ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, იმ საფუძვლით, რომ აპელანტს გაშვებული ჰქონდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადა.
2009 წლის 24 დეკემბერს მ. გ-შვილის წარმომადგენელმა თ. ჯ-ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოს კერძო საჩივრით მიმართა. მისი მტკიცებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მ. გ-შვილს ჩაბარდა არა 2009 წლის 11 ნოემბერს არამედ 14 ნოემბერს, შესაბამისად 14-დღიანი ვადა გაშვებული არ ყოფილა. 11 ნოემბერს მას ჩაბარდა გზავნილი, მაგრამ არა სასამართლოს გადაწყვეტილება, შეტყობინების ფურცელზე კი მ. გ-შვილის ხელმოწერა გაყალბებული იყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ მ. გ-შვილის წარმომადგენელ თ. ჯ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78 მუხლების შესაბამისად.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეს 2009 წლის 14 ნოემბერს ჩაბარდა.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება მხარეებს 6 ნოემბერს გაეგზავნათ. საქმეში არსებული გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით (ს.ფ. 133) დასტურდება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მ. გ-შვილმა 11 ნოემბერს პირადად ჩაიბარა. ამასთან, შეტყობინების ბარათზე ნათლადაა აღნიშნული, თუ რა დოკუმენტები გადაეცა მხარეს, კერძოდ, მასზე მითითებულია, რომ მხარემ ¹2/2684-09 საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა, ასევე აღნიშნულია გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლე და გზავნილის გაგზავნის თარიღი, ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მტკიცება, რომ მ. გ-შვილმა მხოლოდ გზავნილი ჩაიბარა 11 ნოემბერს, გადაწყვეტილების ასლის გარეშე, დაუსაბუთებელია.
საკასაციო პალატა მხარის ვერც იმ მოსაზრებას გაიზიარებს, რომ შეტყობინების ბარათი გაყალბებულია და ხელმოწერა მას არ ეკუთვნის. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებაზე: ერთსა და იმავე საჩივარში მხარე ჯერ ამტკიცებს, რომ მ. გ-შვილმა 2009 წლის 11 ნოემბერს სასამართლოს გზავნილი ჩაიბარა, მაგრამ გადაწყვეტილების ასლი კონვერტში არ იდო, ხოლო შემდეგ ხელმოწერის სიყალბის თაობაზე აცხადებს. გარდა ამისა, იმის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომ ბარათზე არსებული ხელმოწერა მ. გ-შვლის არ ეკუთვნის, კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
რაც შეეხება კერძო საჩივრისათვის თანდართულ შპს “ს.კ.ს.”-ს წარმომადგენელ ნ. ღ-შვილის მიერ გაცემულ ცნობას, რომლის თანახმადაც მ. გ-შვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გზავნილი 2009 წლის 14 ნოემბერს ჩაბარდა, საკასაციო პალატა მას შეტყობინების ბარათის სიყალბის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ვინაიდან მ. გ-შვილს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 2009 წლის 11 ნოემბერს ჩაბარდა, საპროცესო ვადის დენა სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო და 25 ნოემბერს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი კი 2009 წლის 27 ნოემბერსაა შეტანილი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემომითითებული მუხლის საფუძველზე, იგი განუხილველად უნდა დაეტოვებინა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კანონიერი და დასაბუთებულია, შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 284-ე, 369-ე, 63-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. გ-შვილის წარმომადგენელ თ. ჯ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 დეკემბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.