¹ას-1280-1536-09 8 იანვარი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ბ. ქ-ავა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ც-ავა (მოსარჩელე)
დავის საგანი – უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 7 სექტემბერს ვ. ც-ავამ განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით და განმარტა, რომ ბ. ქ-ავას, ვ. ც-ავას წინააღმდეგ აღძრული ჰქონდა სარჩელი არაერთი მოთხოვნით. თავდაპირველად ბ. ქ-ავამ 2006 წლის 3 ნოემბერს, საცხოვრებელი ბინიდან წილის გამოყოფის თაობაზე წარსადგენად სარჩელის აღძვრამდე მოითხოვა მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაყადაღება.
აღნიშნული სარჩელის (ქ.ზუგდიდში, ... ქ. ¹41/33-დან წილის ერთი ოთახის გამოყოფის შესახებ) დაკმაყოფილებაზე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით ბ. ქ-ავას ეთქვა უარი. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ 2008 წლის 8 დეკემბერს განხილულ იქნა ასევე ბ. ქ-ავას სარჩელი, ვ. ც-ავას წინააღმდეგ, ქ.ზუგდიდში, ... ქ. ¹39/33-ში მდებარე ბინის თანამესაკუთრედ ცნობის, 2001 წლის 8 აგვისტოს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილებებისა და საქმის განხილვამდე ბინიდან გამოსახლების შეჩერების შესახებ. აღნიშნულ სარჩელსაც ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ვ. ც-ავას განცხადება დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინების საფუძველზე მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ქ.ზუგდიდში, ... ქ.¹41/33-ში მდებარე, ვ. ც-ავას სახელზე რიცხულ ბინას.
2009 წლის 9 სექტემბერს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა ვ. ც-ავამ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების – ყადაღის მოხსნის შესახებ.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ბ. ქ-ავამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 დეკემბრის განჩინებით ბ. ქ-ავას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 ოქტომბრის განჩინება. მხარეს განემარტა, რომ განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
აღნიშნულის მიუხედავად, ბ. ქ-ავამ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 დეკემბრის განჩინებისა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 ოქტომბრის განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ქ-ავას კერძო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება, ხოლო, ამავე კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევებში. ამასთან, კანონმდებელი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ განჩინება, რომლითაც კერძო საჩივარი ზემდგომი სასამართლოს მიერ იქნა განხილული, არ გასაჩივრდება.
მოცემულ შემთხვევაში ბ. ქ-ავამ განსახილველი კერძო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, რომლითაც მისი კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამდენად, ზემოხსენებული მუხლების შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა მითითებული განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ. ქ-ავას კერძო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბ. ქ-ავას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.