¹ას-1281-1537-09 11 მარტი, 2010წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. მ-ძის წარმომადგენელი მ. წ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ზ-ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი – საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 6 აპრილს მ. მ-ძემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე გ. ზ-ძისა და ლ. ფ-ძის მიმართ და მოითხოვა ქ. ქუთაისში, ... ქ..¹20-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გაუნაშენიანებელ მიწის ნაკვეთზე საზიარო უფლების გაუქმება და მისთვის, ნატურით 243,81 კვმ მიწის ფართობის გამოყოფა, ასევე მოპასუხეებზე ადვოკატისათვის გაწეული მომსახურების თანხის 1680 ლარის დაკისრება. აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ სადავო საცხოვრებელ სახლს თავდაპირველად ჰყავდა ერთი მესაკუთრე, მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის სამი მესაკუთრე ჰყავს, არ განეკუთვნება მრავალბინიან სახლთა კატეგორიას, წარმოადგენს ინდივიდუალური საკუთრების სახლს, რის გამოც სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის შესაბამისად, საზიარო უფლების გაუქმება კანონშესაბამისია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით მ. მ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებით მ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული და დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა გ. ზ-ძე, ხოლო სხდომაზე გამოცხადებულმა მ. მ-ძემ წარმოადგინა მოპასუხე ლ. ფ-ძესთან შედგენილი მორიგების აქტი და მოითხოვა მასში მითითებული პირობებით მორიგების დამტკიცება, ხოლო გ. ზ-ძის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 2 დეკემბრის განჩინებით მ. მ-ძის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება, მ. მ-ძის სარჩელზე, ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹20-ში მდებარე საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან რეალური წილის გამოყოფის თაობაზე შეწყდა საქმის წარმოება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპლენატის მოთხოვნა მ. მ-ძის, გ. ზ-ძისა და ლ. ფ-ძის საზიარო ქონებიდან ინდივიდუალური წილის გამოყოფის თაობაზე, მორიგების დამტკიცება მხოლოდ ორ მხარეს მ. მ-ძესა და ლ. ფ-ძეს შორის, არ გამომდინარეობდა საპროცესო კანონმდებლობიდან და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
რაც შეეხება მ. მ-ძის შუამდგომლობას გ. ზ-ძის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და მისი სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში სამოქალაქო საპროცესო კდეოქსის 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტისა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმის წარმოება უნდა შეწყვეტილიყო, ვინაიდან არსებობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრებისა საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივლისის გადაწყვეტიოლება იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 დეკემბრის განჩინება საქმის შეწყვეტის თაობაზე კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. მ-ძის წარმომადგენელმა მ. წ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
კერძოO საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ საკითხის გადაწყვეტისას არასწორად განმარტა და გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი და ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტი. მართალია სარჩელი შეტანილია იმავე მხარეებს შორის, იმავე საგაზე, მაგრამ სხვა საფუძვლით, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მითითებულია სამოქალაქო კოდექსის 961-ე და 963-ე მუხლები, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სადავო ურთიერთობის იურიდიული და სამართლებრივი საფუძველია სადავო გაუნაშენიანებელ ეზოზე საზიარო საკუთრება, რომლის გაუქმებაც შესაძლებელია გაყოფის გზით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივრები საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ მ. მ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საქმის წარმოების შეწყვეტა დასაშვებია, თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იგივე სარჩელზე. სარჩელი იგივეა, თუ იგივეა სასარჩელო მოთხოვნა, სარჩელის საფუძველი და იგი აღძრულია იმავე მხარეებს შორის.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით მ. მ-ძისა და გ. ზ-ძის სარჩელები საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
ასევე დადგენილია, რომ, როგორც უკვე განხილულ და გადაწყვეტილ, ასევე მიმდინარე დავაში მხარეები არიან მ. მ-ძე, ლ. ფ-ძე და გ. ზ-ძე. დავის საგანი იყო და არის საზიარო უფლების გაუქმება და საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთიდან საცხოვრებელი ფართის პროპორციულად მიწის რეალური წილის გამოყოფა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ორივე დავაში ერთი და იგივე მხარეები იდენტური საპროცესო სტატუსით მონაწილეობდნენ, ერთი და იმავე დავის საგნითა და საფუძვლით.
კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნის საფუძვლები არსებითად განსხვავებულია, კერძოდ, სარჩელის საფუძვლად მითითებულია სამოქალაქო კოდექსის 961-ე და 963-ე მუხლები, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სადავო ურთიერთობის იურიდიული და სამართლებრივი საფუძველია სადავო გაუნაშენიანებელ ეზოზე საზიარო საკუთრება, რომლის გაუქმებაც შესაძლებელია გაყოფის გზით. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, ვინაიდან ორივე დავაში მოთხოვნის საფუძველი იყო საზიარო უფლების გაუქმება და საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთიდან საცხოვრებელი ფართის პროპორციულად მიწის რეალური წილის გამოყოფა. ხოლო კანონის თანახმად, სარჩელის ერთი და იმავე საფუძვლად მოიაზრება ფაქტობრივი და არა სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. მ-ძის წარმომადგენელ მ. წ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს Qქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 დეკემბრის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.