ას-128-125-2011 21 მარტი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები _ კ. და ლ. ბ-ავები (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ჯ-ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ჯ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში კ. და ლ. ბ-ავების მიმართ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: 2008 წლის 26 ივნისს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მ. ჯ-იამ, ნ. გ-ძეს ასესხა 35 000 აშშ დოლარი. ნ. გ-ძე წარმოადგენდა ნ. ხ-იანის მინდობილ პირს. ნ. გ-ძის სახელზე გაცემული სესხის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ნ. ხ-იანის კუთვნილი უძრავი ქონება, კერძოდ, ქ.თბილისში, ... ქ. პირველ კორპუსში, მდებარე ¹126 ბინა. მოსარჩელემ არაერთგზის მოითხოვა სესხის დაბრუნება, მაგრამ, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, მინდობილობა იყო ყალბი ანუ რეალურად ბინის მესაკუთრეს ნ. ხ-იანს 2008 წლის 10 ივნისს ნ. გ-ძის სახელზე არ გაუცია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მაისს განაჩენით დადგინდა, რომ თ. ს-ძემ, ნ. ჩ-ძემ და კ. ბ-ავამ დანაშაულებრივი ქმედებით მოსარჩელეს მიაყენეს 30 000 აშშ დოლარის ზიანი. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში, რაზედაც 2010 წლის 14 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. აღნიშნული განაჩენით დადგინდა, რომ კ. ბ-ავასა და მის მეუღლე ლ. ბ-ავას ერთობლივი თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი აქვთ ქ.თბილისში, .... ქუჩაზე, 22-ე კორპუსში მდებარე უძრავი ქონება. ამდენად, მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონება უნდა ჩაითვალოს მათ მიერ ერთობლივად შეძენილ ქონებად და აღირიცხოს თითოეულის წილი საჯარო რეესტრის სააგენტოში, როგორც მათი თანასაკუთრება.
მოპასუხე კ. ბ-ავამ სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლით: ქონების მესაკუთრე, რომლის 1/2 წილის მესაკუთრედ აღიარებასაც მოითხოვს მოსარჩელე, მოპასუხის მეუღლე – ლ. ბ-ავაა. მას (მოპასუხეს) ამ ნივთზე არანაირი საკუთრების უფლება არ გააჩნია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ჯ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა, კ. ბ-ავა ცნობილ იქნა ლ. ბ-ავას სახელზე რიცხულ ქ.თბილისში, .... ქ. ¹22 კორპუსში ფართი 63.00 კვ. მ მდებარე უძრავი ქონების 1/2 წილის მესაკუთრედ შემდეგი საფუძვლებით: დადგენილად ცნო, რომ ლ. და კ. ბ-ავებმა შეიძინეს ქ.თბილისში, .... ქ. ¹22 კორპუსში მდებარე უძრავი ქონება. 2010 წლის 14 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადასტურებულად ცნო, რომ კ. ბ-ავას სხვა პირებთან ერთად სოლიდარულად დაკისრებული აქვს მ. ჯ-ის სასარგებლოდ 30 000 ლარი ზიანის ასანაზღაურებლად, მაგრამ მოვალის მიერ ვალდებულება არ შესრულებულა. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1164-ე, 1159-ე და 1170-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, მე-3, 102-ე მუხლებით და მიუთითა, რომ დანაშაულით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონებიდან გადახდევინება უნდა მოხდეს თანასაკუთრებაში არსებული მხოლოდ მისი ანუ დამნაშევე მეუღლის წილიდან და არა მთელი თანასაკუთრებიდან, თუმცა ორივე მეუღლის ქონებაზეც ანუ მთელ თანასაკუთრებაზეც შესაძლებელია გადახდევინება თუ განაჩენით დადგინდება, რომ ეს ქონება შეძენილია დანაშულის ჩადენის შედეგად მიღებული სახსრებით. ამდენად, მიიჩნია, რომ სარჩელით აღძრული მოთხოვნის იურიდიული ინტერესია არა მთელ თანასაკუთრებაზე გადახდევინება და გადაწყვეტილების აღსრულების მიქცევა მთელ უძრავ ნივთზე, არამედ მის მხოლოდ 1/2½ ნაწილზე, რაც მოპასუხე მეუღლეს ეკუთვნის თანასაკუთრებიდან. საქალაქო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელი მოვალის გარკვეულ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობასთან დაკავშირებით მიმართულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისაკენ, შესაბამისად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს აქვს ასეთი აღიარებით ნამდვილი იურიდიული ინტერესი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს კ. და ლ. ბ-ავებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 იანვრის განჩინებით კ. და ლ. ბ-ავების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 13 დეკემბრის განჩინებით აპელანტებს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - _ 1200 ლარის გადახდა. აღნიშნული განჩინების ასლი აპელანტების შვილს, ვ. ბ-ავას, ჩაჰბარდა 2010 წლის 23 დეკემბერს და ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადა ამოიწურა 2011 წლის 2 იანვარს, თუმცა აპელანტებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით სააპელაციო პალატისათვის არ მიუმართავთ. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 70-ე მუხლებით, 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 74-ე მუხლის პირველი ნაწილით, 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და მიიჩნია, რომ კ. და ლ. ბ-ავების სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კ. და ლ. ბ-ავებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა მათი სააპელაციო საჩივარი განუხილველად, ვინაიდან აპელანტებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესითD სააპელაციო პალატის ხარვეზის დადგენის განჩინება არ ჩაჰბარებიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ კ. და ლ. ბ-ავების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
მითითებული კანონის დანაწესი ცხადყოფს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი, სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 დეკემბრის ხარვეზის განჩინება აპელანტებს გაეგზავნათ მათ მიერ მითითებულ მისამართზე. საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინების მიხედვით მითითებული განჩინება 2010 წლის 23 დეკემბერს ჩაჰბარდა აპელანტების ოჯახის სრულწლოვან წევრს, შვილს - ვ. ბ-ავას (ტ.II, 7-8).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, იმ შემთხვევაშიც, თუ ადრესატის არყოფნისას იგი ჩაჰბარდება მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში აპელანტების შვილის _ ვ. ბ-ავასათვის სასამართლო განჩინების ასლის ჩაბარება სასამართლო გზავნილის თავად მხარისათვის ჩაბარებად უნდა ჩაითვალოს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ კ. და ლ. ბ-ავების სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ. და ლ. ბ-ავების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.